Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაწყებული ანტი-ტერორისტული კამპანია ფილიპინებსაც მოედო


ანდრო ეული, პრაღა ამერიკის 650-კაციანი სამხედრო შენაერთის განთავსება ფილიპინებში იმის მომასწავებელია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომი ავღანეთით არ შემოიფარგლება და ალბად უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.


მოწინავე სამხედრო ქვედანაყოფი და სათანადო აღჭურვილობა უკვე ჩაიტანეს კუნძულ ბასილანის მახლობლად ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, სადაც აბუ საიაფის სახელით ცნობილი ტერორისტული ჯგუფია გამაგრებული. ამ ჯგუფს 3 მძევალი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ამერიკელი მისიონერი და მისი მეუღლე.

ამერიკელმა სამხედროებმა რჩევა-დარიგება უნდა მისცენ თავიანთ ფილიპინებელ კოლეგებს და წვრთნაშიც დაეხმარებიან; იმავდროულად ისინი პატრულირებას გაუწევენ მეამბოხეთა რაიონებს, ხოლო თავდაცვის მიზნით მიეცემათ უფლება ცეცხლი გაუხსნან ტერორისტებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ერთობლივი სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობები ფილიპინებში თებერვალში დაიწყება. ”ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ამჯერად ისაა, რომ საქმე გვაქვს გლობალურ პრობლემასთან, და რომ ჩვენი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთით არ შემოიფარგლება”-განაცხადა დონალდ რამსფელდმა. მაგრამ, გასული კვირიდან მოყოლებული, როცა ფილიპინებში ამერიკელი ჯარისკაცების ჩასვლა დაიწყო, მანილაში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო ტალღა მმართველ წრეებსაც მოედო, ხოლო ზოგიერთმა სენატორმა პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს გადაყენებაც მოითხოვა იმის გამო, რომ ქვეყანაში - ამერიკელი სამხედროები მიიწვია. თავად აროიოს ვიცე-პრეზიდენტმა, თეოფისტო გუინგონამ შეშფოთება გამოთქვა ამ ოპერაციის გამო, რაც მისივე თქმით, დარღვევაა კონსტიტუციისა, რომელიც კრძალავს საბრძოლო მისიით ფილიპინებში უცხო ქვეყნის ჯარისკაცების ჩასვლას. შეერთებულმა შტატებმა და ფილიპინების მთავრობამ არაერთგზის განაცხადეს, რომ ამერიკელი სამხედროები მხოლოდ მრჩევლების ფუნქციას შეასრულებენ. ფილიპინელებმა 11 წლის წინათ ჩატარებულ რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს წინადადებას, რითაც წერტილი დაესვა მათს ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების თითქმის ერთ საუკუნოვან ყოფნას. და ბევრი შიშობს, ვაი თუ ამჟამინდელ ოპერაციას ამერიკელი სამხედროების სამუდამოდ დარჩენა მოჰყვეს ფილიპინებში.

აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ფილიპინების უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა პოლიტოლოგმა ამადო მენდოსამ [ამადო მენდოსას ხმა] ”შეერთებული შტატების ჯარის მონაწილეობას აქ დღეს, სამხედრო-წვრთნად მოიხსენიებენ. ეს, პრობლემებს გვიქმნის, ვინაიდან ჯერ ერთი, ესაა წვრთნა, რომლის ხანგრძლივობა არაა განსაზღრული. გარდა ამისა, ხსენებული წვრთნა კონკრეტულ საბრძოლო ქმედებას, სახელდობრ სამხრეთ ფილიპინებში მყოფი აბუ საიაფის ტერორისტული ჯგუფის დამარცხებას, ან კიდევ განადგურებას ითვალისწინებს. ამდენად, რიგი მიმომხილველებისა მიიჩნევს, რომ ეს აღარაა უკვე სამხედრო მეცადინეობა. ესაა აქტიური სამხედრო ოპერაცია ამერიკის ჯარის მონაწილეობით. ამგვარი ქმედება კი ჩვენს კონსტიტუციას არღვევს”.

ამადო მენდოსამ განაცადა, რომ ანტი-ტერორისტულ კამპანიაში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ხელს აძლევს პრეზიდენტ აროიოს, რომელმაც გასულ ნოემბერს უარყო პრეზიდენტ ბუშის წინადადება, ჯარი გაეგზავნა ფილიპინებში აბუ საიაფის ტერორისტული ჯგუფის გასანადგურებლად.

მენდოსამ განაცხადა აგრეთვე, რომ აროიო ამჯერად მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას მიიღებს თავისი დაუძლურებული შეიარაღებული ძალებისთვის და მომგებიან ეკონომიკურ შეთანხმებებსაც დადებს მომავალში ვაშინგტონთან.
XS
SM
MD
LG