Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში სოციალური სისტემის კლინტონისდროინდელი რეფორმების ავი და კარგი ახლა გამოჩნდება


ჩვენს დღევანდელ თემაზე, “რადიო თავისუფლების” მაუწყებლობის ქვეყნებში მასმედია ბევრს ლაპარაკობდა ამ ოცი წლის წინათ.

როცა საბჭოთა კავშირი და სხვა სოციალისტური ქვეყნები ამაყობდნენ, რომ მათთან არ იყო უმუშევრობა. ანტისაბჭოურად განწყობილმა საბჭოთა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ამას იმით აღწევდნენ, რომ კრემლის მენეჯმენტი ყველას, მათ, ვინც მუშაობდა და ვინც არაფერს აკეთებდა, თანაბრად უნაწილებდა ცოტა ფულს. შედეგად, სრულიად ღატაკები სოციალისტურ ქვეყნებში არ შეიძლებოდა არსებულიყვნენ, მაგრამ კეთილდღეობითაც მხოლოდ გამონაკლისები დაიკვეხნიდნენ. დასავლეთის ინფორმაციით, ვიცოდით აგრეთვე, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში, სახელმწიფო ზრუნავდა მათზე, ვინც სამუშაოს ვერ პოულობდა და მის დასაქმებას ცდილობდა. ვიდრე დაასაქმებდა, ფინანსურ დახმარებას უწევდა და ა.შ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. საბჭოთა კავშირი მოიშალა, მას მიჰყვა სხვა სოციალისტური ქვეყნები და დასავლეთმა ამ ცივ ომში გაიმარჯვა. გამარჯვების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ზუსტად ეს იყო. ხალხი, კეთილდღებას მოწყურებული, აღიარებდა სოციალიზმის სამხედრო ძლიერებას, თავს ომებისგან დაცულად გრძნობდა, მაგრამ მაინც იმარჯვა კაპიტალიზმმა და დააქცია სოციალიზმი.

ეკონომიკის ბევრი ექსპერტი თვლის, რომ დასავლეთში ახლა ეკონომიკური დაღმავლობაა. ამას მთავრობებიც აღიარებენ, მაგრამ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ექსპერტების წინასწარმეტყველება კი პესიმისტურია. 2001 წელს შეერთებული შტატების ეკონომიკური მაჩვენებლები ისედაც არ იყო დამაიმედებელი. 11 სექტემბრის შემდეგ კი საქმე კიდევ უფრო უკან წავიდა. აი, ზუსტად ამ დროს განსაკუთრებით დაიწყო ზრდა უმუშევრობამ. სტატისტიკის თანახმად, 2000 წლის ოქტომბერში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 3,9 იყო, დღესდღეობით კი მან 6 პროცენტს მიაღწია. 11 სექტემბრის შემდეგ გაუქმდა ბევრი სამუშაო ადგილი. კალიფორნიის ერთი სამედიცინო დაწესებულების გამოკვლევით, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამერიკელებს ტერორის შიში აქვთ, დაიკარგება კიდევ მილიონნახევარზე მეტი სამუშაო ადგილი. შეერთებული შტატების სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი ალან გრინსპენიც ადასტურებს, რომ უმუშევრობა ამერიკაში ზრდას მომავალში გააგრძელებს. სამსახურიდან ითხოვენ ყველა ფენის და ყველა ტიპის სპეციალისტებს: ათასობით თანამშრომელს დაატოვებინეს სამსახური ბანკებმა უოლ სტრიტზე, ათეულათასობით უმუშევარი დარჩა საავტომობილო ფირმებში ადგილების შემცირების გამო და მარტო “ბოინგმა”, 30 ათასი კაცი გაუშვა ქუჩაში. სულ სამი ათასამდე შემთხვევა მოხდა მასობრივი დათხოვნისა. ყველაზე მეტი უმუშევარი მინც იმ სფეროებში აღმოჩნდა, რომელიც ისედაც სოციალურად შედარებით სუსტებისგან შედგებოდა. კვლავ სტატისტიკას რომ მოვუხმოთ, 2001 წლის სექტებრიდან დეკემბრამდე მომსახურების სფეროში 176 ათასი ადგილი დაიკარგა, 700 ათასი საათობრივ სამუშაოზე მყოფი პირი დარჩა სამსახურის გარეშე.

პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს სოციალური სისტემის რეფორმირება მოხდა ამერიკაში. დღეს, როცა ეკონომიკური დაღმასვლაა, გამოჩნდა ამ რეფორმების ავი და კარგი. 90-იანი წლების შუაში გაუძლიერეს დახმარება ოჯახებს, რომელთა წევრები მუშაობდნენ. ამას მოჰყვა ის, რომ შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი. ბევრმა მათგანმა სამუშაო იშოვნა. მაგრამ რეფორმების კრიტიკოსები ამბობენ, რომ სტიტისტიკის უკან იმალება ბევრი ისეთი ადამიანის ბედი, რომელიც მუშაობს, თითქოს სოციალურად წელში გაიმართა, მაგრამ ღარიბად მაინც დარჩა. სტატისტიკის თანახმად, შეერთებული შტატების ოჯახების 30 პროცენტი ღარიბად ითვლება. ლაპარაკია მათზე, ვისაც აქვს სამსახური, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს.

ამ ღარიბების საშველი, თუკი ახლა სამსახურს ატოვებინებენ, არ არის, რადგან არ აქვთ კაპიტალი, რომლითაც თავის შენახვას შესძლებდენენ. იმათ, ვინც ადრე სოციალურ დახმარებას იღებდა, შემდეგ სამუშაო იშოვეს და ახლა დაკარეს, შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან უმუშევრობის დახმარებაზე. უმუშევრობის დახმარება განისაზღვრება ბოლო ხელფასის ნახევრით და გაიცემა ექვსი თვით. ამ ექვსი თვის შემდეგ კი სოციალური დახმარებაღა რჩება გამოსავლად. მაგრამ მისი მიღება გაძნელდა. ამასთან, ზუსტად ახლა ზოგიერთ შტატში ძალაში შედის განსაკუთრებით სადაო წესი: ამერიკელებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 5 წლით შეუძლიათ სოციალური დახმარების მიღება. ამ წესის მიუხედავად, სოციალურად სუსტ მოქალაქეებს, ურიგებენ საკვების ტალონებს, დახმარებას ბავშვებისთვის, სთავაზობენ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას.

მაგრამ ამერიკა რომ სამოთხეა, ამას ბევრი სოციალური სისტემის შემყურე კი არ იჯერებს, არამედ ფლორიდელი ბრაიან მენზისის გარაჟში რწმუნდება. მენზისმა დააარსა ღარიბი ოჯახების ფონდი, რომელსაც “ჩერიტი კარს” ჰქვია. ის არც ფულს არიგებს და არც საჭმელს, არამედ აგროვებს ნახმარ, მწყობრიდან გამოსულ ავტომანქანებს და მათი შეკეთებითაა დაკავებული. ამ მანქანებს, როგორც თვითონ ამბობს, დაჩაგრულ ოჯახებს აძლევს თავიანთი დამოუკიდებლობის გზაზე გასასვლელად. შარშან ამ ფონდმა 500 მანქანა გასცა. ორგანიზაცია ღარიბ ოჯახებს აუსრულებს ოცნებას იქონიონ მანქანა, რათა იშოვონ სამსახური და გამოკვებონ საკუთარი თავი. მაგრამ “ჩერიტი კარსი” პრინციპულია, ვინც 30 დღის განმავლობაში სამსახურს ვერ იშოვნის, მანქანა უკან უნდა დააბრუნოს.

ამერიკაში სამსახურის დაკარგვა ძალიან იოლია, ასევე იოლია გაფორმება, თუკი მას იშოვნი, მაგრამ ძალიან ძნელია იყო უმუშევარი და ფეხი აითრიო სამუშაოს შოვნისას.
XS
SM
MD
LG