Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩატარდა საპროტესტო აქციები აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით


საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშეა, აფხაზეთიდან დევნილები მას მთელი კატეგორიულობით მოუწოდებენ პარლამენტის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებას,

რუსეთის მხარე კი აფხაზეთში მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამშვიდობო მისიის გაწვევით იმუქრება. 25 იანვარს თბილისში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანის მოთხოვნით, რითაც თბილისში მყოფი აფხაზეთიდან დევნილები ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ.

25 იანვარი - ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღე, თბილისში საპროტესტო აქციებით აღინიშნა. დღის 12 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ 500 - მდე აფხაზეთიდან დევნილი შეიკრიბა და გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციით, პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების შესრულება მოითხოვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ, აღნიშნული დადგენილებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების აფხაზეთში შემდგომი ყოფნა მიზანშეუწონლად ჩაითვალა. პრეზიდენტს კი მოეთხოვა გადაწყვეტილების მიღება რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად.

ედუარდ შევარდნაძემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ცნობილი მიზეზების გამო დააყოვნა, დევნილები კი მისგან გადამწყვეტ მოქმედებას ელიან და აცხადებენ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაწყებულმა საპროტესტო აქციამ მოგვიანებით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. აფხაზეთიდან დევნილებმა 15 წუთით რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს. მოკლედ, აფხაზეთიდან დევნილებმა ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციისადმი სოლიდარობა გამოხატეს.
ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა ქუთაისში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმაც გამოუცხადეს. მათ ზუგდიდი-ქუთაისის ავტომაგისტრალი მცირე ხნით გადაკეტეს. ესეც გამაფრთხილებელი აქცია იყო. მიიღებს თუ არა ასეთი აქციები უფრო ფართო ხასიათს, იმაზეა დამოკიდებული, გაიზიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გაეროს გენერალური მდივნის რჩევას, კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის ნაწილის გაყვანისა და რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს კოდორის ხეობის დაცვაზე უარის თქმას. ედუარდ შევარდნაძის 25 იანვრის განცხადებით:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ხეობას არ დავტოვებთ არავითარ შემთხვევაში, თუ დავბრუნდებით აფხაზეთში მშვიდობით, სხვა საკითხია, მაგრამ ხეობა დასაცავია, ელექტროგადამცემი ხაზებიც დასაცავია და კიდევ სხვა ბევრი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი იქ მყოფ ნაწილებს.”

რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო მისიას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილის - ანდრეი გრანოვსკის განცხადებით, თუ აფხაზეთში მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი დროულად არ გადაწყდება, რუსეთის “ცისფერჩაფხუტიანები” საქართველოდან გაწვეულნი იქნებიან. ასე რომ, საეჭვოა, ხელისუფლებამ რუსეთის მხარის მოთხოვნის იგნორირებით, აფხაზეთიდან დევნილთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

სხვათაშორის, 25 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს დაბადების დღე ვლადიმირ პუტინმაც მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილში პუტინი გამოთქვამს იმედს, რომ ის და შევარდნაძე კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შეძლებენ.
XS
SM
MD
LG