Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციებს სავალდებულოდ აღარ მიიჩნევს


სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება და დასავლურ ფასეულობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა ის ერთადერთი რესურსია,

რომელიც ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა და მოუგვარებელი სოციალური პრობლემების მიუხედავად, საქართველოს მეტ-ნაკლებად სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ასეთ ფონზე, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის კრიტიკა და თავად გენერალური მდივნის 24 იანვრის განცხადებაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების თვითნებური ინტერპრეტაციები, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები იმ ტოტს ჭრიან, რომელზედაც თავად არიან შემომსხდარი.

გაეროს უიარაღო სამხედრო დამკვირვებლები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოსკოვის 1994 წლის მაისის ოთხმხრივი შეთანხმების შემდეგ განლაგდნენ, ხოლო მათ ძირითად ამოცანას იმის დაფიქსირება წარმოადგენს, თუ როგორ იცავენ მოკონფლიქტე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს უსაფრთხოების 24 კილომეტრიან ზონაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვალეობას გაეროს წარმომადგენლები იმდენად გულმოდგინედ ასრულებენ, რომ საქმე კურიოზებამდეც კი მისულა. მაგალითად, გასული წლის ივნისში მათ ხმაური იმაზეც ატეხეს, რომ ნატოს პროგრამის ფარგლებში ფოთის სანაპიროზე მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების დროს, ერთ-ერთი ჯავშანტრანსპორტიორი მანევრების დროს შეიარაღების შეზღუდვის ზონაში ორასი მეტრით აღმოჩნდა წაწეული.

მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა ეს ბიუროკრატიზმი სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც ძლიერ აღიზიანებდა, მათ საჯაროდ არასოდეს გაუკრიტიკებიათ გაეროს წარმომადგენლები, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე, რომლის ერთ-ერთმა მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელმა გაეროს სამხედრო მისიის წარმომადგენლები შარშან კოდორის ხეობაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი უფრო სერიოზული ბრალდება, ამ ჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის მიმართ გაისმა. ფრაქცია“ახალმა მემარჯვენეებმა” საქართველოდან გერმანელი დიპლომატის გაწვევა მოითხოვეს იმის გამო, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას კოდორის ხეობიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა. როგორც 24 იანვარს გახდა ცნობილი, საქართველოს ელჩს გაეროში, პეტრე ჩხეიძეს საპროტესტო განცხადებით მიმართეს გაეროში აკრედიტებულმა გერმანელმა დიპლომატებმა, რომლებმაც დიტერ ბოდენის მისამართით გამოთქმული ასეთი ბრალდებების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს.

25 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, დიტერ ბოდენის დაცვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა სიხარულიძე შეეცადა.
[კახა სიხარულიძის ხმა] “რომელიც გარდა იმისა, რომ არის მშვენიერ, უფრო სწორად ძალიან კარგი პროფესიონალი, რომელსაც აქვს დიდი ხნის გამოცდილება ქართულ სიტუაციებთან ურთიერთობისა, არის ძალიან გულგახსნილი პიროვნებაც. ის თვლის, რომ თუ იქნება გარანტიები იმისა, რომ კოდორის ხეობიდან გამოვიდნენ ქართული საჯარისო ფორმირებები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მხარესა და მსოფლიოს თანამეგობრობას, რომ კიდევ ერთხელ ანახონ აფხაზებს, რომ საქართველოს ომი არ უნდა”.

როგორც ირკვევა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზუსტად ასევე აფასებს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის რეკომენდაციებსაც. თუმცა კახა სიხარულიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ეს რეკომენდაციები არაფერში ავალდებულებს, რადგან გაეროს მხრიდან არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, რომ კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილების გამოყვანის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ხეობაზე შეტევებს არ განაახლებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG