Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის პრობლემები სასჯელთა აღსრულების სისტემაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პარასკევს, 25 იანვარს ზედიზედ მეორე პრესკონფერენცია ჩატარდა;

ამჯერად ჟურნალისტებს სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემები, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის დაცვის სირთულეები წარმოუდგინეს. ჩვენი რადიოს ოთხშაბათის გადაცემაში გაცნობებდით, რომ წელს ციხეებში უკვე 6 ადამიანი გარდაიცვალა. პრესკონფერენციაც ამ ფაქტის კონსტატაციით დაიწყო.

შედარებისთვის: გასულ, 2001 წელს ციხეებსა და კოლონიებში სულ 30 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ამჟამად რვა ათასამდე პატიმარია და სამ კვირაში 6 მათგანის გარდაცვალება შემაშფოთებელი მაჩვენებელია. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, კახა კობერიძეს, რომელიც კურირებს პენიტენციალურ სისტემას, მიაჩნია: თუ სახელმწიფომ დაფინანსება არ გაზარდა, არც პრობლემას მოევლება და პატიმრები ისევ დაიხოცებიან. დღეს თითო პატიმრის ჯანმრთელობის დასაცავად, მარტო წამლისთვის, გამოყოფილია დღიური 26 თეთრი, არადა, ეს თანხა, სულ ცოტა, 10-ჯერ მეტი უნდა იყოს. კახა კობერიძის განცხადებით, სასჯელთა აღსრულების სისტემას 31 მილიონი ლარი სჭირდება, ბიუჯეტი კი, ისიც საპროგნოზო მაჩვენებლის თანახმად, მხოლოდ 9 მილიონს ითვალისწინებს. აქედან სამედიცინო დეპარტამენტის ხარჯები 100 ათასი ლარია. გარდა ამისა, პენიტენციალურ სისტემას განვლილი წლების მანძილზე თელასის მიმართ 2,5 მილიონი ლარი ვალი დაუგროვდა. ვალის გადაუხდელობის გამო ციხეებსა და კოლონიებს რეგულარულად უთიშავენ ელექტროენერგიას, რაც საერთოდ გაუსაძლის პირობებს ქმნის.

ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ხსენებული 6 პატიმრიდან ერთმა, ჯემალ ციცინაშვილმა, გარდაცვალებამდე, ციხის საავადმყოფოში გარკვეული დრო აუტანელ პირობებში დაჰყო: ლეიბის, საბნის, ბალიშის გარეშე ის პირდაპირ რკინის საწოლზე მოათავსეს. კითხვის პასუხად, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ასეთი ქცევისთვის, კახა კობერიძემ განაცხადა, რომ საქმეს პროკურატურაში შეისწავლიან და, თუ საფუძველი ექნათ, სისხლის სამართლის საქმესაც აღძრავენ. ჩვენი აზრით, საეჭვოა, ეს მოხდეს; სამინისტროს ხელმძღვანელებს, თუ კანონს უერთგულეს, დაუდევრობის, გულგრილობისა თუ გადაცდომისათვის ციხის საავადმყოფოს რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის დასჯა მოუწევთ ადმინისტრაციული წესით.

იუსტიციის სამინისტროში განზრახული აქვთ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარდგნენ წინადადებით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდეს იმ ინვესტორს, ვინც ამა თუ იმ საწარმოს ამოქმედებისა და პროდუქციის შექმნისათვის მუშახელად პატიმრებს გამოიყენებს. კახა კობერიძის აზრით, საგადასახადო შეღავათის გარეშე პენიტენციალურ სისტემაში ფულს არავინ ჩადებს. არადა, ასეთი შეღავათის დაწესებამ, მიაჩნია მინისტრის მოადგილეს, შეიძლება დაასაქმოს პატიმრები და თავად სისტემასაც ფინანსური სახსრები შემატოს.
XS
SM
MD
LG