Accessibility links

logo-print

25 იანვარს ბასილ მკალავიშვილმა ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” დარბევა სცადა


სოზარ სუბელიანი, თბილისი 25 იანვარს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მიმდევრებმა ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” დარბევა სცადეს.

გლდანელი პროტოპრესვიტერი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან “ევანგელისტური გადაცემის” აკრძალვას ითხოვდა. მკალავიშვილი და მისი მრევლი ტელეკომპანიას ქონების განადგურებითა და ტელევიზიის გადაცემების შეწყვეტით ემუქრებოდა. პოლიციამ, ამჯერად, შეძლო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაცვა, მაგრამ ბასილ მკალავიშვილი დაიმუქრა, რომ, თუ ხსენებული გადაცემა კიდევ ერთხელ გავა ეთერში, იგი აუცილებლად დაბრუნდება და მუქარას აასრულებს.

ბასილ მკალავიშვილი ტელევიზიას დიდუბის სასამართლოდან მიადგა, სადაც გლდანელი პროტოპრესვიტერის საქმის განიხლვა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროცესი სახელმწიფო ბრალმდებლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. საქმე პროკურატურიდან სასამართლოში თითქმის 4 თვის წინათ, 2001 წლის 6 ოქტომბერს გადაიგზავნა, მაგრამ მისი განხილვა დღემდე არ დაწყებულა. მკალავიშვილისა და მისი მომხრეების მიმართ 6 ბრალდებაა წაყენებული, კერძოდ: “ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა”, “ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა”, “ცემა”, “მუქარა”, “ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა” და “იძულება”. მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულთა დამადასტურებელი ფაქტები ზედაპირზე დევს, მკალავიშვილი დღემდე თავისუფლად აგრძელებს ზუსტად იმ საქმიანობას, რა ბრალდებებსაც უყენებს მას პროკურატურა.

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ოფისთან მრევლითურთ მისული მკალავიშვილი, ტრადიციულად, მუქარასა და ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდებოდა: [ბასილ მკალავიშვილის ხმა] “თუ არ შეწყვეტთ ამ გადაცემას, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, შემოვალ და არც ერთი კომპიუტერი არ დაგრჩებათ, გეუბნებით. შეწყდება თქვენი გადაცემა, მე ამას შეგისრულებთ. მე რაც მითქვამს, შემისრულებია, ამასაც შეგისრულებთ დღეს”.

ტელეკომპანიის კომერციული დირექტორის, ნიკო მჭედლიშვილის თქმით, “პირველი სტერეოს” მიმართ მუქარა პირველად რამდენიმე თვის წინათ გაისმა, როცა ბასილ მკალავიშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირი ეთერით გამოდიოდა: [ნიკო მჭედლიშვილის ხმა] “რამდენიმე თვის უკან დავიწყეთ გადაცემების გაშვება: ეს არის ევანგელისტების ნახევარსაათიანი გადაცემა, სადაც არჩევენ ბიბლიას ელემენტარულ დონეზე. არანაირ მოწოდებაზე, რჯულის შეცვლაზე ან რომელიმე რელიგიის უპირატესობაზე სხვასთან შედარებით, საერთოდ არ არის ლაპარაკი. ადრე გადიოდა საკმაოდ ყურებად დროს – საღამოს 8 საათზე. მერე ბასილი დაგვემუქრა, უფრო სწორად, “კავკასიაზე” იყო ბასილი პირდაპირ ეთერში და დაუსვეს კითხვა – “პირველ სტერეოზე რომ გადის, რატომ გადის? – მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ ორ დღეში აღარ იქნებაო.”

მუქარამ შედეგი გამოიღო და “პირველი სტერეოს” ხელმძღვანელებმა მკალავიშვილთან მოლაპარაკება სცადეს, მაგრამ გლდანელი პროტოპრესვიტერი შეუვალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ მაინც სცადა მისი მოლბობა და გადაცემა საღამოს რვა საათიდან დილისკენ გადაიტანა, როცა მაყურებელი ნაკლებად ჰყავდა, მაგრამ მკალავიშვილი ამან არ დააკმაყოფილა: [ნიკო მჭედლიშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ერთი კვირის წინათ კიდევ მოვიდნენ და გვითხრეს – საერთოდ არ გაუშვათო. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ვალდებულებები, რომლებსაც შესრულება სჭირდება. ისე არ არის, რომ ავკრძალოთ და…”
-
“ვინ იყო მოსული?”
-
“ჰყავს მას რამდენიმე ადამიანი – ორმეტრიანი, მეტრანახევრიანი ბეჭებით, რომლებიც დადიან ხოლმე ამ დროს … ჩვენ გადაცემა კიდევ წინ გადავწიეთ…”

“პირველი სტერეოს” ხელმძღვანელებისთვის ხსენებული გადაცემის შეწყვეტა საპატრიარქოშიც ურჩევიათ, ოღონდ, ცხადია, ყოველგვარი მუქარის გარეშე. რაც შეეხება მკალავიშვილს, მისი გავლენის გაძლიერებას ხელს ერთგვარად ჟურნალისტებიც უწყობენ. ისინი მხოლოდ მისი საქმიანობის გაშუქებით არ იფარგლებიან და პირდაპირ ეთერს საკუთარი იდეების ქადაგებისთვისაც საკმაოდ ხშირად უთმობენ.
XS
SM
MD
LG