Accessibility links

logo-print

419-ე გამოშვება.


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა 419-ე გამოშვება.


მარიამ ჭიაურელი: ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა მეათე სტუდიაში გიწვევთ. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 419-ე გამოშვებას დავიწყებთ საქართველოს პრეზიდენტზე საუბრით, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, შემდეგ დავუბრუნდებით მწერალ ლაშა ბუღაძის გახმაურებულ მოთხრობას, გიამბობთ ირანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილე ქართველი სპეციალისტის შეთაბეჭდილებებზე. გამოვეხმაურებით აგრეთვე გამოჩენილი ინგლისელი მსახიობის, პოლ სკოფილდის დაბადების 80-წლიან იუბილეს. ბოლო სიუჟეტი კი ჩვენს სახელგანთქმულ თანამემამულეზე, კომპოზიტორ გია ყანჩელზე საუბარს დაეთმობა.

მეათე სტუდიაში დღეს მარიამ ჭიაურელი გიმასპინძლებთ.

[მუსიკა]

როგორ აღნიშნავს პრეზიდენტი დაბადების დღეს

მარიამ ჭიაურელი: 25 იანვარს პრეზიდენტ შევარდნაძეს 74 წელი შეუსრულდა. პრეზიდენტის პრესმდივნის კახა სიხარულიძის განცხადებით, მას არც ამჯერად უღალატია საკუთარი ჩვევისთვის და დაბადების დღე ჩვეულ სამუშაო რეჟიმში გაატარა. არადა, ბოლო ერთი წელიწადი საკმაოდ მძიმე და არც თუ სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფიაში. ზოგიერთ მოვლენას თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ.

პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, მემუარების წერით დაკავდება. წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ 2001 წლის მოვლენები საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ მოგონებებში. თუმცა, საეჭვოა, ამ წლის მოგონებები სასიამოვნო გასახსენებელი იყოს პრეზიდენტისთვის.

შეგახსენებთ, სწორედ 2001 წელს პრეზიდენტი იძულებული გახდა, დაეთხოვა მთავრობა, რაც მისთვის ადვილი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. 2001 წელს უკვე პრეზიდენტის მომხრეები ალაპარაკდნენ, რომ პრეზიდენტი დაბერდა და ქვეყანას ვეღარ მართავს. შარშან პრეზიდენტ შევარდნაძეს ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზები საკუთარი პარტიის წევრებმა მოუმზადეს, რომლებიც პრეზიდენტის ყველაზე დაუნდობელ ოპონენტებად იქცნენ. პრეზიდენტი ამ კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამდა:

[ე. შევარდნაძის ხმა] “აი, მე მადანაშაულებენ იმაში, რომ შევარდნაძე დაბერდა და კორუფციას ვეღარ ებრძვის. არ არის ასე, შენ რომ წარმოგიდგენია. ან შენს მეგობრებს რომ წარმოუდგენიათ, ვისთანაც თათბირობ. არ არის მასე.”

დაბერების თემის გარდა, 2001 წელს პრეზიდენტი შევარდნაძე მტკივნეულად რეაგირებდა საყვედურზე, რომ იგი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ჩემს გამოსვლებს თუ წუხილი და ტირილი აკლია, თუ აღიარება, თვითკრიტიკა აკლია და თავში რტყმევა აკლია, საშველი აღარ არის ამქვეყანაზე.”

შარშან პოლიტიკოსები, რომლებიც აქამდე პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკას კი აკრიტიკებდნენ, მაგრამ საგარეო პოლიტიკის წარმატებებს უსიტყვოდ აღიარებდნენ, სულ უფრო კრიტიკულნი გახდნენ შევარდნაძის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის, ასე ვთქვათ გრანდის შესაძლებლობების მიმართ. პარლამენტში უკვე ხმამაღლა გაისმა მტკიცება, რომ დასავლეთი მხარს აღარ უჭერს ედუარდ შევაარდნაძეს. ამ მოსაზრებას 2001 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი უარყოფდა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ეჭვის ოდნავი შეტანაც კი იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, არის სრულიად უსაფუძვლო.”

სხვათა შორის, შარშან იყო პერიოდი, როცა პარლამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პრეზიდენტს - მაშინ, როცა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი დააყენებდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის საკითხს. იმ დღეებში პარლამენტარი გერმანე ფაცაცია ასეთ პროგნოზს აკეთებდა
[გერმანე ფაცაციას ხმა] “დღეს არ არის ჩვეულებრივი...დღეს, სხვათა შორის, დღევანდელ დღეს, მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს ეძლევა შანსი იმისა, რომ იქცეს მსოფლიო დონის პოლიტიკოსისგან საქართველოს მნიშვნელობის პოლიტიკოსად.”

ისევ პრეზიდენტის კრიტიკის თემას თუ დავუბრუნდებით, საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ პოლიტიკოსები მას - ანუ ქვეყნის პირველ პირს სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ფრაქცია ახლების წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “შევარდნაძეს ძალიან ბევრი დანაშაული მიუძღვის ამ ქვეყნის წინაშე, მაგრამ მთავარი დანაშაული არის ის, რომ მან შექმნა ეს პოლიტიკური მუტანტები, რომლებიც საქართველოს დაანგრევენ საბოლოოდ.”

ფრაქცია აღორძინება სხვა არგუმენტს იყენებდა. სანდრო ბრეგაძის განცხადებით:

[სანდრო ბრეგაძის ხმა] “რატომ არა გაქვთ არავითარი რეაქცია პრეზიდენტის განცხადებაზე, რრომ გელაევი არის განათლებული და გჰაწონასწორებული პიროვნება, რომელთანაც თნამშრომლობა შეიძლება? აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთი დღეს გვბომბავს და ეს პროვოკაცია ვინ გააკეთა, კიდევ გასარკვევია.”

თუმცა, მთლიანობაში, პრეზიდენტი შევარდნაძე, კრიტიკის მიუხედავად, მაინც რჩება ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად. პოლიტიკოსად, რომელიც თავისი ცხოვრების მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აცხადებს. იმედია, ამ თემაზე პრეზიდენტ შევარდნაძის მომავალი მემუარები გაცილებით ოპტიმისტური იქნება.

[მუსიკა]

ეკლესია, წმინდანები და მხატვრული ლიტერატურა

მარიამ ჭიაურელი: არავის ეგონა, თუ გასულ კვირაში დაწყებული კამათი ლაშა ბუღაძის მოთხრობის, "პირველი რუსის" შესახებ ამ კვირაშიც გაგრძელდებოდა. პოლემიკა, შეიძლება ითქვას, დასრულდა, მაგრამ გაჩნდა ახალი საკითხი: უნდა ჩაერიოს თუ არა საქართველოს საპატრიარქო ლიტერატურული ნაწარმოების განხილვაში არბიტრის ფუნქციით? ერთი შეხედვით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავი შორს დაიჭირა გურამ შარაძის მოწოდებისაგან, წმინდა სინოდი მოეწვია ბუღაძის მოთხრობის გამო, მეორე მხრივ, პრესაში გავრცელდა არქიმანდრიტ ზენონ იარაჯულის განცხადება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მიმართ ნებით თუ უნებლიეთ გამოთქმულმა მკრეხელურმა გამონათქვამებმა ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო; ეკლესია შეაგონებს ყველას, რომ წმინდანთა შეურაცხყოფა უმძიმესი ცოდვაა. არქიმანდრიტის თქმით, ამ შეგონების შედეგად ლაშა ბუღაძე ეახლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და შენდობა ითხოვა. გთავაზობთ დავით პაიჭაძის კომენტარს, რომელმაც თამარ მეფის სახე თანამედროვე ქართული ბეჭდვითი პროდუქციის სხვა ნიმუშებშიც აღმოაჩინა.

დავით პაიჭაძე: ლაშა ბუღაძეს შენდობა მოთხრობის გამო არ უთხოვია. შესანდობარი ახალგაზრდა მწერალს არაფერი აქვს. ბუღაძემ, უბრალოდ, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ეკლესიის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. მწერალს საქართველოში უნდა შეეძლოს, წეროს ის, რაც უნდა – განაცხადა ლაშა ბუღაძემ. რაც შეეხება შარაძის გამოსვლებსა და მოწოდებებს, ისინი შეიძლება ვითარებას სწორედ ეკლესიაში უფრო ძაბავდნენ, ვიდრე საზოგადოებაში. საწყენია, როცა ქვეყანას თავი მოაქვს ლიტერატურული ტრადიციებით და მოქალაქეთა ნაწილს არ სურს ერთმანეთისგან განასხვავოს ისტორიული პირი და ლიტერატურული პერსონაჟი. ლაშა ბუღაძის თამარ მეფე ცხოვრობს მხოლოდ ლაშა ბუღაძის ტექსტში, რომელიც, სანამ მოთხრობას გაზეთი “ალია” გადაბეჭდავდა, მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოსულ ჟურნალში იყო დაბეჭდილი.

ახლა კი გვინდა მსმენელს შევთავაზოთ ნაწყვეტი კიდევ ერთი ტექსტიდან თამარ მეფის შესახებ. ტექსტი დაწერილია რუსულად და წარმოადგენს ქართულ ლეგენდას; თამარის მეფობის დროს დიდებულებმა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს თამარი დაექორწინებინათ, რათა მემკვიდრე შესძენოდა. ეს გადაწყვეტილება წერილობითი სახით, საუკუნეს მიღწეული სტეფანწმინდელი ბერის ხელით, მიაწოდეს თამარს; ახლა კი ციტატის ზუსტი თარგმანი:

“დედოფალმა პერგამენტზე ამოიკითხა ფსალმუნის სტრიქონები კეთილი და ხენეში ხის შესახებ და იმწამსვე იგრძნო, რომ მუცლად იღო (ბავშვი ჩაესახა). აღელვებულმა არ იცოდა, როგორ ჩვენებოდა ხალხს, როგორ ემართლებინა თავი ღვთის წინაშე, რომლისთვისაც უბიწოების აღთქმა ჰქონდა მიცემული.

მალე დასასვენებელად დაწვა და ფიქრებში დანთქმულს დაეძინა. ესიზმრა ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი, რომელმაც უთხრა: შენი პირმშო – შენივე ხალხის უდიდესი სურვილის ნაყოფია. შენ გეყოლება ვაჟი, რომელსაც შველი გაზრდის. ხალხის ხმა – უზენაესის ხმაა, ამიტომაც ჩასახვა ესე უბიწოა და შენ შეინარჩუნებ ქალწულობას.

ცხრა თვის შემდეგ თამარი გახდა დედა იმდენად მომხიბლავი ყრმისა, რომ ის თავისი სილამაზით ჩრდილავდა ვარსკვლავთა ელვარებასაც კი”.

ვიმეორებთ, ტექსტი რუსულად არის დაწერილი. ამოწერილია საქართველოს რუსული სკოლების მე-5 კლასის სახელმძღვანელოდან, რომელიც დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ. წიგნს ჰქვია “ჩვენი სამშობლოს მატიანე” და 1998 წელს მეორედ არის გამოცემული გამომცემლობა “განათლების” მიერ. ავტორები გახლავან პროფესორი ლევან სანიკიძე და აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომლის წერილიც “დედა ქართლისა თამარი” 23 იანვრის “საქართველოს რესპუბლიკაში” დაიბეჭდა რუბრიკით “შეუვალი სიწმინდე”. სახელმძღვანელო მომაწოდა მეხუთეკლასელი ბავშვის დედამ, რომელსაც თავისი 10 წლის ვაჟისთვის გაუჭირდა აეხსნა, რას ნიშნავს ჩასახვა, თანაც უბიწოდ, ტექსტის წაკითხვის შედეგად და ამის შემდეგ ქალიშვილობის შენარჩუნება. თავი დავანებოთ იმას, რომ ფსალმუნი ხენეშ და კეთილ ხეზე არაფერს ამბობს. ეს მათეს და ლუკას სახარებათა ტექსტიდან გახლავთ.

[მუსიკა]

ქართველი სპეციალისტის შთაბეჭდილებები ირანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის შესახებ

მარიამ ჭიაურელი: ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის მიწვევით, კუხე ჰაჯეს არქეოლოგიურ ექსპედიციაში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ორი ქართველი სპეციალისტი - კავთისხევის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმღვანელი ზურაბ მახარაძე და ივრის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ მირცხულავა.

ჩვენს თბილისელ თანამშრომელთან გიორგი კაკაბაძესთან საუბარში გურამ მირცხულავამ აღნიშნა, რომ ირანი ძალიან მოწადინებულია საქართველოსთან სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობის დამყარებით. მისი თქმით, ირანში საქართველო ცნობილია როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა, ამასთანავე, ირანელმა მეცნიერებმა კარგად იციან, რომ საქართველო გამოირჩევა აკადემიკოს გიორგი წერეთლის მიერ დაფუძნებული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლით და არქეოლოგიის მაღალი დონით.

[მირცხულავას ხმა] "თვითონ ძეგლი, შახრი სოხტე, სადაც ჩვენ ვიყავით მიწვეული, ანუ "ცეცხლოვანი ქალაქი" - ეს უზარმაზარი ძეგლია, ნასახლარი, თავისი სამარონით, იგი თითქმის 150 ჰექტარს მოიცავს. მდებარეობს იგი ცენტრალური ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის მიდამოებში."

გურამ მირცხულავას თქმით, შახრი სოხტეს ძეგლი მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-4 - მე-2 ათასწლეულებს. მართალია, ამ არქეოლოგიურ კულტურას არავითარი კავშირი არა აქვს საქართველოსთან და, საერთოდ, კავკასიის არქეოლოგიურ კულტურასთან - ის უფრო მეტად შუა აზიისა და ინდოეთის კულტურებთან არის დაკავშირებული -მაგრამ, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.

მომავალში ერთობლივი მუშაობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ქართველი არქეოლოგების მონაწილეობა ერთ-ერთი საინტერესო უბნის - ე.წ. "ბრინჯაოს სახელოსნოს" გათხრებში, შემდგომ კი ნავარაუდევია ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოების ჩატარება ურმიის ტბის რაიონში, რომელიც უკვე უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიურ კულტურებთან.

რამ განაპირობა ქართველი სპეციალისტების მიწვევა ირანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში? გურამ მირცხულავას თქმით, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დამდეგიდან, ირანში მუშაობდნენ ინგლისელი არქეოლოგები, შემდგომში კი, ამერიკელი და იტალიელი არქეოლოგებიც ჩავიდნენ ამ ქვეყანაში.[მირცხულავას ხმა] "მაგრამ ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს ექსპედიციები დათხოვნილი იქნა და ირანი ცდილობს ამჟამად თავისი საკუთარი კადრები გაზარდოს. მას ჰყავს რამოდენიმე ძალიან კარგი სპეციალისტი, კერძოდ, აი, სწორედ ამ შახრი სოხტეს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ბატონი მანსურ საჯადი, შესანიშნავი სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ უზარმაზარი და უამრავი რაოდენობის არქეოლოგიური ძეგლების მქონე ირანს, რასაკვირველია, ბატონი მანსური ვერ აუვა."

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება მეტად კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ. დღეისათვის ფერეიდანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით ასი ათასი ქართველი. [მირცხულავას ხმა] "ცნობილია, რომ ეს ქართველები 300 წელია უკვე აქ ცხოვრობენ და ძალზედ სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ აქაურ დასახლებებს, სოფლებს -აქედან წაყოლილი სახელები ჰქვია. კერძოდ, მარტყოფი, ნორიო და ა.შ. ყოველმა მათგანმა იცის თავისი ძველი ქართული გვარი. ისინი ქართულსაც არ ივიწყებენ და მეტყველებენ იმ სამასი წლის წინანდელი ქართულით და უნდა ავღნიშნო ისიც, რომ დღეს ჩვენი ელჩის, ჯემშიდ გიუნაშვილის მეცადინეობით ამ ხალხმა ქართული ანბანიც შეისწავლა."

რაც შეეხება ირანისა და საქართველოს არქეოლოგების მომავალ თანამშრომლობას:

ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯალილ გოლშანმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მრავალწლიანი იქნება.

[მუსიკა]

პოლ სკოფილდი – 80

მარიამ ჭიაურელი: “მეათე სტუდიის” დარჩენილ დროს ხელოვნების თემას დავუთმობთ. კონკრეტულად თუ ვილაპარაკებთ, ჩვენი საუბრის საგანი თეატრი და მუსიკა იქნება; უფრო ზუსტად, ხელოვნების ამ დარგების ორი ღირსეული წარმომადგენელი: ბრიტანელი მსახიობი პოლ სკოფილდი და ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. ჯერ დავით კაკაბაძე გესაუბრებათ პოლ სკოფილდზე, რომელსაც 21 იანვარს 80 წელი შეუსრულდა.


დავით კაკაბაძე: გამორიცხული არ არის, პოლ სკოფილდის სახელი ჩვენი მსმენელის დიდ ნაწილს გაგონილიც არ ჰქონდეს. არადა, სკოფილდი მე-20 საუკუნის ბრიტანული თეატრის ერთ-ერთ ბუმბერაზად ითვლება, მსახიობად, რომლის გარეშეც შექსპირის ნაწარმოებთა სასცენო დადგმების “ოქროს ფონდს” უდავოდ მოაკლდებოდა ბრწყინვალება. და თუ მისი აწ გარდაცვლილი კოლეგების, სერ ლორენს ოლივიესა და სერ ჯონ გილგუდის პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით სკოფილდის პოპულარობას აღემატებოდა, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათად თანხმდებოდა კინოფილმებში მონაწილეობას.

თუმცა, არა მარტო ეს. პოლ სკოფილდი მუდამ გაურბოდა და დღესაც გაურბის პოპულარობას, მუდამ ზრუნავს იმაზე, რომ მისი პირადი ცხოვრება საზოგადოების მსჯელობის საგნად არ იქცეს. სხვათა შორის, იმავე ოლივიესა და გილგუდისგან განსხვავებით, სკოფილდმა უარი განაცხადა დედოფლის მიერ ბოძებული რაინდის წოდების მიღებაზე.

თუ მაინცდამაინც წოდება გნებავთ, “მისტერს” რა უშავსო? – კითხვითვე უპასუხა პოლ სკოფილდმა ერთი ცნობისმოყვარე ჟურნალისტის შეკითხვას, “სერის” ტიტულზე უარი რატომ თქვითო; მერე კი სასწრაფოდ დასძინა: “არ გეგონოთ, პოლიტიკური მოტივები მამოძრავებდეს. ჯილდოებისა და წოდებების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვსო.”

ჯილდოები და წოდებები კი პოლ სკოფილდს არასოდეს ჰკლებია. მათ შორის არის ბრიტანეთის კინოაკადემიის სამი პრემია, ერთი “ემი”, ერთი “ტონი”, ერთი “გოლდენ გლოუბი” და ერთიც – “ოსკარი”. ეს უკანასკნელი პოლ სკოფილდმა 1966 წელს მიიღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კინოფილმში “ყველა დროის კაცი”, რომელიც ფრედ ზინემანმა რობერტ ბოლტის გახმაურებული პიესის მიხედვით გადაიღო. ამ სურათში პოლ სკოფილდი ასახიერებს ტუდორების დინასტიის ღირსეულ წარმომადგენელსა და სახელმწიფო მოღვაწეს, სერ თომას მორს, რომელსაც მეფე ჰენრი მერვის ბრძანებით თავს მოჰკვეთენ.

და რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ აქვე შეგახსენებთ პოლ სკოფილდის კიდევ ერთ ბრწყინვალე კინოსახეს: გერმანელი ოფიცრის, ფონ ვალდჰაიმის როლს ჯონ ფრანკენჰაიმერის სურათში “მატარებელი”, რომელშიც ბრიტანელ მსახიობს მხარს უმშვენებდნენ ცნობილი ამერიკელი და ფრანგი კოლეგები ბერტ ლანკასტერი, მიშელ სიმონი და ჟანა მორო.

მაგრამ, როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, პოლ სკოფილდის გული მუდამ თეატრს ეკუთვნოდა, უწინარესად კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, შექსპირის თეატრს: “რომეო და ჯულიეტა” და “ჰენრი მეხუთე”, “მაკბეტი” და “მეთორმეტე ღამე”, “ვენეციელი ვაჭარი” და “რიჩარდ მეორე”, “ქარიშხალი” და “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “ოტელო” და “მეფე ლირი” – აი, არასრული სია იმ სპექტაკლებისა, რომლებშიც პოლ სკოფილდმა შექსპირის პერსონაჟების გალერეა მართლაც დაუვიწყარი სახეებით გაამდიდრა.

სხვათა შორის, 1955 წელს მაშინ სულ 33 წლის მსახიობმა თავისი ხელოვნებით საბჭოთა თეატრალებიც მოაჯადოვა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხრუშჩოვისდროინდელი “დათბობის” პერიოდში, სკოფილდი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ პირველი ინგლისელი მსახიობი გახდა, რომელიც მოსკოვის თეატრალური პუბლიკის წინაშე წარდგა: “ჰამლეტის” პიტერ ბრუკისეულ ინტერპრეტაციაში.

ბოლო დიდი წარმატება მსახიობმა ამ რვა წლის წინათ მოიპოვა, როცა პროფესორ რობერტ ვან დორენის როლისთვის რობერტ რედფორდის კინოსურათში “ტელევიქტორინა” ამერიკის კინოაკადემიამ იგი “ოსკარზე” წარადგინა.

ბირმინგემში, სოფლის სკოლის მასწავლებლის ოჯახში დაბადებულსა და უკვე 80-ს გადაცილებულ პოლ სკოფილდს დღეს უკვე იშვიათად თუ ხედავენ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები. როგორც თავად ამბობს, თავს ახლა იგი უფრო მეტად სეირნობით, კითხვითა და პურის ცხობით იქცევს.

საუბარი გია ყანჩელზე

[მუსიკა: “And Farewell Goes Out Sighing...”]

მარიამ ჭიაურელი: შექსპირს ჩვენს დღევანდელ პროგრამაში ჯერ არ ვემშვიდობებით.
დიდი ინგლისელი პოეტი და დრამატურგი და, საერთოდ, თეატრი დიდ როლს თამაშობს ჩვენი რადიომსმენელისთვის კარგად ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედებაშიც (სხვათა შორის, ბელგიაში მცხოვრები კომპოზიტორი ჩვენი გადაცემების ერთგული მსმენელია და არაერთგზის ყოფილა მათი მონაწილეც). შექსპირის ტექსტზე შექმნილი მისი ერთ-ერთი ნაწარმოები გახდა საბაბი ჩვენი შემდგომი სიუჟეტისთვის, რომელიც ბიძინა რამიშვილმა მოამზადა პრაღაში.

ბიძინა რამიშვილი: “And Farewell Goes Out Sighing...” – ასე ეწოდება ყანჩელის მიერ ორი წლის წინ შექმნილ ორმაგ კონცერტს ვიოლინოს, კონტრტენორისა და ორკესტრისათვის, რომლითაც დავიწყეთ ქართველ კომპოზიტორზე საუბარი და რომლის მორიგი შესრულება რამდენიმე დღის წინათ შედგა სტოკჰოლმში. შვეციის სამეფო ფილარმონიის ორკესტრს ხელმძღვანელობდა ცნობილი რუსი დირიჟორი, გენადი როჟდესტვენსკი. კონცერტების შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი მას. ჩვენი საუბრის მთავარი თემა, ცხადია, გია ყანჩელის მუსიკა გახლდათ.

[როჟდესტვენსკის ხმა] ”ჩვენ პირველად არ ვუკრავთ ამ ნაწარმოებს. ეს მე უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს, ვინაიდან ჩემს წინ ჭეშმარიტი სილამაზის სამყარო იხსენა ხოლმე. ასე ვიტყოდი ამ ნაწარმოებზე. და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. მე მგონია, მუსიკოსებმა და ორკესტრმა და, განსაკუთრებით, მსმენელმა ერთობ თბილად მიიღეს ბატონი გიას ეს ნაწარმოები და ეს ძალიან მესიამოვნა.”

რადგან ჩვენი გადაცემის საბაბი შექსპირის ტექსტზე შექმნილი ეს ნაწარმოები გახდა, ბარემ მისი შექმნის ისტორიაზეც ვთქვათ ცოტა რამ. “And Farewell Goes Out Sighing...” კომპოზიტორმა ამ ორი წლის წინ დაწერა ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრისა და მისი ხელმძღვანელის, კურტ მაზურის, დაკვეთით. იგი ნაწილია ე.წ. ათასწლეულის პროექტისა, რომელშიც რამდენიმე სხვა კომპოზიტორიც მონაწილეობდა. თავდაპირველად ვიოლინოს პარტია ასრულებდა გიდონ კრემერი, კონტრტენორისას კი დერეკ ლი რეიგინი (ეს უკანასკნელი სტოკჰოლმის კონცერტებშიც მონაწილეობდა). მოდი, თავად ბატონ გიას მოვუსმინოთ.

[გია ყანჩელის ხმა] “ამ თემამ – საუკუნეების ცვლამ – თვითონ პროექტის სახელწოდებამ – ”მილენიუმმა” – განმაწყო ცოტა უარყოფითად ამ პროექტის მიმართ და ვორჭოფობდი კიდეც, არ ვიცოდი, მიმეღო ეს წინადადება, თუ უარი მეთქვა. ვინაიდან, როცა წარმოვიდგინე მე-20 საუკუნის პერსპექტივები, მე მივხვდი, რომ შეუძლებელია, ეს აისახოს ერთ ნაწარმოებში. მაგრამ მერე, როდესაც მაინც დავთანხმდი მონაწილეობის მიღებას ამ პროექტში ბევრი ფიქრის მერე, ისევ მივადექი შექსპირს და, აი, ამან განაპირობა ის, რომ გადავწყვიტე, ეს ნაწარმოები დამეწერა. იმიტომ, რომ შექსპირის ტექსტებში ყველაფერი არის ის, რაც მე20 საუკუნეში მოხდა.”

უკვე დიდი ხანია, რაც გია ყანჩელი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ აღიარებულ წარმომადგენლად ითვლება. თუმცა სულიერებისა და სიღრმის გამო მისი მუსიკა არ არის იოლი აღსაქმელი და ფართო პუბლიკისთვის განკუთვნილი. მისი ნაწარმოებები მედიტაციებს ჩამოჰგავს და მსმენელისგანაც შინაგან კონცენტრაციას და სულიერ ძალისხმევას მოითხოვს.
ძნელად იპოვით კომპოზიტორს, ვის მუსიკაშიც ასეთი დატვირთვა აქვს პაუზას და სიჩუმეს. გთავაზობთ ნაწყვეტს ტედ ლევინთან გია ყანჩელის საუბრიდან, რომელიც ”მილენიუმის პროექტის” ფაგლებში გამართული კონცერტების პროგრამაშია მოტანილი.

”ჩემთვის მთავარია, როგორ მოისმინება ჩემი მუსიკა და რა სახის სიჩუმე იქნება დარბაზში. სიჩუმე მრავალგვარი არსებობს... როცა შედიხართ ეკლესიაში, სინაგოგაში ან მეჩეთში, სადაც იმ წუთას არ მიმდინარეობს ღვთისმსახურება, იქ მაინც სუფევს განსაკუთრებული სიჩუმე. ყოველთვის ჟღერს რაღაც, მაგრამ იმდენად ჩუმად, რომ მე ეს არ მესმის. ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, ეს სიჩუმე მუსიკად ვაქციო, რომ იგი ჩემს მუსიკაში აჟღერდეს, თუმცა იმ წუთისთვის სიჩუმედ აღიქმება.”

[მუსიკა: “And Farewell Goes Out Sighing...”]

[გენადი როჟდესტვენსკის ხმა] ”მე მიმაჩნია, რომ ეს უზარმაზარი მასშტაბის კომპოზიტორია ცოცხალ შემოქმედთა შორის. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია. და იმიტომ, რომ მასში ერთობ კარგად არის შერწყმული თანამედროვე ენისა და თანამედროვე ორკესტრის ფლობა. მაგრამ ეს არასოდეს არ არის თვითმიზანი. თავისი მუსიკით იგი მუდამ კეთილ გრძნობებს იწვევს. ისინი ყოველთვის კეთილი და ღრმა არის.”

“And Farewell Goes Out Sighing...” უკანასკნელ პერიოდში დაწერილი ნაწარმოებია. მასზე ჩვენი დღევანდელი გადაცემის წინ საუბრისას ბატონ გიას ძალზე უჩვეულო – მუსიკისმცოდნის – როლი შევთავაზე და ვთხოვე დაეხასიათებინა თავისი შემოქმედების ეს პერიოდი. ჩემს წინადადებაზე ერთობ ხატოვანი პასუხი მივიღე.

[გია ყანჩელის ხმა] ”ჰმ, იცით რა, ძალიან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ. გერმანიაში რომ ვხვდები ხოლმე მანქანით, თითქმის ყოველ ქუჩაზე ვკითხულობ ერთსა და იმავე წარწერას: Einbahnstrasse. იმდენად მივეჩვიე ამ აღნიშვნას, რომ, აი, ახლა მელბურნისთვის რომ ვწერ ნაწარმებს, გადავწყვიტე, რომ ასე დამერქმია ნაწარმოებისთვის – Einbahnstrasse, რაც ნიშნავს ”ცალმხრივ მოძრაობას”. მე მიმაჩნია, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება – და უკვე ახალგაზრდა კარგა ხანია აღარა ვარ – მე ვცდილობ ვიმოძრაო ერთი მიმართულებით. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი მიმართულებით არაფერი არ იცვლება. რა თქმა უნდა, იცვლება. ბევრი რამე იცვლება. მე ასე მიმაჩნია, მაგრამ ეს მაინც მსმენელმა უნდა განსაზღვროს და განსაჯოს. დროს ძალიან – შეიძლება დიდი კი არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.”

[მუსიკა: Eine kleine Daneliada]
XS
SM
MD
LG