Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული 2001 წელი – კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის


ანდრო ეული, პრაღა გასულ 2001 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მსოფლიოში 60 ჟურნალისტი დაიღუპა.

გაზეთების მსოფლიო ასოციაციის მონაცემებით, ყველაზე სახიფათო ადგილი მას მედიის მუშაკთათვის გასულ წელს იყო ლათინური ამერიკა, სადაც 16 ჟურნალისტი მოკლეს; ხოლო ავღანეთის ომს ჩვენი 8 კოლეგის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ ივლისს უკრაინაში ტელეჟურნალისტი იგორ ალექსანდროვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც დაუდგენელმა პირებმა იგი ბეისბოლის კეტებით სცემეს. გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაასკვნა, რომ ალექსანდროვზე თავდასხმა შეცდობით მოხდა, და რომ ბოროტმოქმედებს სულ სხვა ადამიანი უნდა მოეკლათ. მაგრამ მას მედიის ევროპული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის საპარლამენტო კომიტეტს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ გამოძიება უბრალოდ ხელს აფარებს მკვლელებს.

სექტემბერში, რუსეთის დაბა რეფტინსკში, ეკატერინბურგის მახლობლად, გაზეთის რედაქტორსა და გამომცემელს ედუარდ მარკევიჩს ზურგში ესროლეს ტყვია. მისი გაზეთი ”ნოვი რეფტი” არც თუ იშვიათად ადგილობრივ ოფიციალურ პირებს აკრიტიკებდა. ამ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია.

ბელგრადის ყოველდღიური გაზეთის ”ვეჩერნიე ნოვოსტის” კორესპონდენტი, მილან პანტიჩი ივნისში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ორმა ბოროტმოქმედმა, ქალაქ იაგოდინაში, მისივე სახლის წინ სცემა ჟურნალისტი პანტიჩი ადგილობრივ ხელისუფალთ ამხელდა კორუფციაში, რისთვისაც ბევრჯერ დაემუქრნენ ტელეფონით. ადგილობრივი ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ჯერაც ვერ მიაკვლიეს მკვლელებს.გაზეთების მსოფლიო ასოციაციის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტიც და აღნიშნულია, რომ პოლიციის ვერსია მომხდართან დაკავშირებით არადამაჯერებლად გამოიყურება. გასულ ოქტომბერს კოსოვოში ალბანურენოვანი გაზეთის ”ბოტა სოტის” კორესპონდენტი ბექიმ კასტრატი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როცა საკუთარი ავტომანქანით მიემგზავრებოდა. თავდასხმის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი მგზავრიც დაიღუპა, მესამე – დაიჭრა. ”ბოტა სოტი” კოსოვოს ზომიერ პოლიტიკურ ლიდერს იბრაჰიმ რუგოვასა და მის პარტიას – კოსოვოს დემოკრატიულ ლიგას უჭერს მხარს. ადგილობრივი ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ეს საქმე ჯერაც გაუხსნელია.

ნოემბერში, ლატვიის გაზეთ ”კურზემეს ვარდსის” კორესპონდენტი გუნდარს მატისი რკინის ხელკეტით სცემეს დაუდგენელმა პირებმა, რის შედეგად ჟურნალისტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც გაზეთების მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელი ლერი კილმანი შენიშნავს, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ჟურნალისტების სოცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ისაა, რომ ოფიციალური პირები არასათანადოდ იძიებენ ჩადენილ მკვლელობათა საქმეებს [ლერი კილმანის ხმა] ”საუბედუროდ, მრავალი ამ საქმეთაგან არ ყოფილა გამოძიებული ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. და იმიტომაც ვაქვეყნებთ დახოცილი ჟურნალისტების სიას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ეს და თან ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობებზე და ვაიძულოთ – საგულდაგულოდ გამოიძიონ ჟურნალისტის მოკვლის ყოველი შემთხვევა”.

ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ტელეკორესპონდენტი კარემ ლოუტონი გასულ წელს დაიღუპა სოფელ კრიენიკში, მაკადონია-კოსოვოს საზღვარზე, როცა მის ავტომანქანას ჭურვი მოხვდა. შეიარაღებულმა პირმა ივნისში, უკრაინის რეგიონული ყოველკვირეული გაზეთის გამომცემელი ოლეჰ ბრუსი მოკლა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით ბრუსი კომპარტიის გავლენიანი ფუნქციონერი იყო, ხოლო ხსენებული გაზეთი მის საქმიან და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა.

გაზეთების მსოფლიო ასოციაციის საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია ასევე ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი ერაყში. ჯამილ ბანდი როჟბაიენის დასახიჩრებული გვამი მისივე სახლში ნახეს გასულ მარტს ბაღდადში. ადამიანის უფლებათა ალიანსის ცნობით, მოკლული ჟურნალისტი, ხანაგინისა და მანდალის პროვინციებში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ გაჩაღებული ეთნიკური წმენდისთვის ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს აკრიტიკებდა.
XS
SM
MD
LG