Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქებისა და სომხების შერიგების მცდელობები ჩაიშალა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თურქეთ-სომხეთის შემარიგებელი კომისია, რომელიც 6 თვის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის არადეკლარირებული ინიციატივით იქნა შექმნილი,

როგორც ჩანს დაიშლება.

კომისიის 4-მა სომეხმა წევრმა დაადანაშაულა კომისიის 6 თურქი წევრი იმაში, რომ მათ გადათქვეს ადრე მიღწეული შეთანხმება, რომ საჭიროა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მხარის დასკვნის მიღება 1915 წლის ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი ჟლეტის თაობაზე: იყო თუ არა ეს გენოციდი

ასეთ დამოუკიდბელ მხარედ არჩეული იყო "გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრი," ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია შტაბ-ბინით ნიუ იორკში.

გასულ თვეში სომეთის მხარემ განაცხადა, რომ კომისია წყვეტს მუშაობას, რადგანაც თურქებმა სომხების დაუკითხავად, უთხრეს ხსენებულ ორგანიზაციას, არ გააგრძელოს კომისიის მიერ დასმულ პრობლემაზე კვლევითი სამუშაოები. ამ გამოკვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, ეხება თუ არა სომხების ჟლეტას, "გენოციდის პრევენტირებისა და დასჯის გაეროს 1948 წლის კონვენცია".

გადაწყვეტილება, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრმა შეისწავლოს ეს საკითხი, ნოემბრის ბოლოს იქნა მიღებული ნიუ იორკში კომისიის სხდომაზე და ის შერიგების მცდელობების მნიშვნელოვან ელემენტად ითვლებოდა.

სომხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ არზუმიანმა ასე განმარტა კომისიიდან გასვლის გადაწყვეტილება.

[არზუმიანის ხმა] "ურთიერთნდობა და შეთანხმებების დაცვა აუცილებელი პირობაა ნებისმიერ ერთობლივ საქმეში და მით უმეტეს, თურქეთ-სომხეთის კომისიაში.. ვინაიდან ეს პრინციპები თურქეთის მხარის მიერ ხელყოფილი იქნა, ჩვენ, სომეხმა წევრებმა, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვეჩერებინა ამ მომენტისთვის ჩვენი მონაწილეობა კომისიაში."

თურქმა წევრებმა თითქმის ღიად უარყვეს სომხების პრეტენზიები. ერთ-ერთმა მათგანმა, მეცნიერმა უსტუნ ერგუდერმა თქვა, რომ ისინი არ გამოდიან ამ საჩოთირო საკითხის საერთაშორისო შესწავლის წინააღმდეგ. ერგუდერი, სტამბოლის საბანჩის უნივერსიტეტის პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, თვლის, რომ ორ მხარეს შორის მთელ რიგ გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი.

კომისიის კიდევ ერთმა თურქმა წევრმა, გადამდგარმა დიპლომატმა გუნდუზ ატკანმა პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში თქვა, რომ ინიციატივა ჩაიშალა იმის გამო, რომ "სომხები არ არიან ჯერჯერობით მზად ასეთი მშვიდობიანი პროცესისთვის." მას არ უხსენებია გენოციდის შესწავლის გეგმები.

1915 წლის სისხლიანი მოვლენების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ეღობება ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. უმრავლეს ისტორიულ შეფასებათა თანახმად, მილიონნახევარი სომეხი გაიჟლიტა და შიმშილით დაიხოცა სისტემატურ კამპანიაში, რომელსაც ატარებდა ოსმალეთის იმპერია სომეხი მოსახლეობის გასანადგურებლად. დღევანდელი თურქეთი უარყოფს, რომ ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. ანკარა აგრეთვე ამტკიცებს, რომ მოკლულთა რიცხვი იყო 300 ათასი და არა მილიონნახევარი და სომხების რეპრესიების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ისინი პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში თურქეთის მოწინააღმდეგ რუსეთის ჯარებთან თანამშრომლობდნენ.

შემრიგებლური კომისიის 10-მა წევრმა - მათ შორის ორი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია - თავდაპირველად თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია ამ მგრძნობიარე საკითხზე მხარეების პოზიციების განხილვის გარეშე სცადა. ნიუ იორკის მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრისადმი მიმართვა პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო.

კომისიის სომეხი წევრები თვლიან, რომ შერიგება ამ საკითხის გარკვევის გარეშე შეუძლებელია. ისინი ვარაუდობენ, რომ თურქმა წევრებმა, მათი მთავრობის ზეწოლით გადაწყვიტეს გამოკვლევაზე უარის თქმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე მხარის აზრით, ინიციატივას გაგრძელება უწერია.

[ერგუდერის ხმა] "ჩემს კოლეგებს, ჩვენ არ გვინდა ამ ინიციატივაზე უარის თქმა. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ სურვილი იყოს; არ ვიცი. დრო აჩვენებს. მე პირადად იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივის გადარჩენა შეიძლება. ვფიქრობ, შეიძლება."

დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა მეცნიერმა და სახელმწიფო დეპარატამენტის მრჩეველმა, რომელიც შუამავლობდა შემრიგებელი კომისიის შეხვედრებს, თქვა, რომ არსებობს გარკვეული გეგმები კომისიის მუშაობის გამოსაცოცხლებლად. დეტალები მას არ გაუმჟღავებია, მაგრამ საეჭვოა, რომ რაიმე გადაარჩენს კომისიას საბოლოო დაშლისგან.

ამერიკელ სომეხთა ასამბლეა, ორგანიზაცია, რომელსაც ვაშინგტონში აქვს შტაბ-ბინა და რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს შერიგების მცდელობებს, თვლის, რომ დაილოგი უნდა გაგრძელდეს კომისიის დაშლის შემთხვევაშიც კი. ამასთან, ასამბლეის ერევნის ოფისის დირექტორი, აპრი ვართანიანი ამბობს:
[ვართანიანის ხმა] "ეს სულაც არ ცვლის ან გამორიცხავს თურქებსა და სომხებს შორის დისკუსიის აუცილებლობას. ეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. გამოკვლევა უნდა გაგრძელდეს. რა ფორმით, რა გზით, ვის მიერ ამას გვიჩვენებს დრო."

მაშინ, როცა კომისია თურქეთის საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობდა, სომხეთსა და დიასპორაში მის საქმიანობას არაეთმნიშვნელოვნად მიეგებნენ. კრიტიკოსების თქმით, კომისიის მუშაობის ჩაშლა ამართლებს თავდაპირველად გამოთქმულ აზრს, რომ თურქეთის მთავრობას ის მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რათა დასავლეთის ქვეყნებმა არ მიიღონ ისეთი რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტას გენოციდად სცნობს.
XS
SM
MD
LG