Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ბოლოს მდგომარეობა პანკისსა და ენგურის ხიდზე ერთდროულად დაიძაბა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აქამდე, ტრადიციულად, პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით, ტონს თბილისი და თბილისელი პოლიტიკოსები აძლევდნენ საქართველოს პროვინციებს,

სადაც ცხოვრება მძიმედ, მაგრამ განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე გრძელდებოდა. ამჯერად, თბილისის პარალელურად, ვითარება რეგიონებშიც ფეთქებადსაშიში ხდება.

პანკისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ იშვითად, მაგრამ მაინც კეთდებოდა ფრთხილი პროგნოზი, ვითარების დესტაბილიზაციის შესაძლებლობის შესახებ. ასეც მოხდა - ჯერ იყო, და კვირის დასაწყისში ერთერთი ძებნილის აყვანას რამდენიმე ქისტის დაჭრა მოჰყვა, კვირის ბოლოს კი, ასევე სროლებისას, ახმეტაში საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დაიჭრა. ბოლო შემთხვევა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. თუ ქისტი მოხალისეები, რომლებიც საკუთარი სურვილით ეხმარებოდნენ პოლიციელებს წესრიგის დამყარებაში, ძებნილის ოჯახის წევრის ნასროლი ტყვიით დაიჭრნენ, საპროტესტო აქციის მონაწილეების დაჭრაში თავად სამართალდამცავები - საქართველოს უშიშროების თანამშრომლები არიან ეჭვმიტანილნი. როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო პოლიციის უფროსმა ზურაბ ტუღუშმა აცნობა, რომ პარასკევს საღამოს ახმეტაში კაფედან გამოსულმა ჩეჩნებმა მანქანა დაუზიანეს იქვე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ მონაწილეს, რასაც ჩეჩნების ცემა მოჰყვა. კაფეში სავახშმოდ შესულ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს აქციის მონაწილეები ჩეჩნებთან ერთად ყოფნა წაუყენეს ბრალად. დაწყებული ჩხუბისას გამოყენებული ცეცხლსასროლის იარაღით დაიჭრა აქციის სამი მონაწილე. დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იგი თბილისში გადმოიყვანეს.

ახმეტაში გაემგზავრა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია. ადამიანების დაჭრაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ადამიანების დაჭრის სამწუხარო ფაქტის გარდა, გამორიცხული არ არის, ამ უსიამოვნო ინციდენტმა შეცვალოს პანკისის ხეობის მოსახლეობის კეთილგანწყობა ხეობაში წესრიგის დასამყავერბლად დამატებით შეყვანილი სამართალდამცავების მიმართ, თუ საქმის გამოძიება არ დაადგენს, რეალურად რა მოხდა პარასკევს საღამოს ახმეტაში.
ვითარება რთულდება კიდევ ერთ "რთულ" რეგიონში - არასამთავრობო ორგანიზაცია "მეომართა კავშირი - ომი და მშვიდობა" აპროტესტებს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ქვედანაყოფის გამოყვანის თაობაზე, თავის რიგებში მობილიზაციას აცხადებს და კოდორში შესვლას გეგმავს. ვითარებას პიკანტურობას მატებს ის ფაქტი, რომ, მოარული ხმებით, ამ არასამთვრობო ორგანიზაციას ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე მფარველობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით თავისი ხედვა აქვს კიდევ ერთ რწმუნებულს თემურ შაშიაშვილს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გუბერნატორები მალე ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი გეგმების შემუშვებაში.
XS
SM
MD
LG