Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა


პანკისის ხეობაში კვლავ დაძაბული ვითარებაა და მის კიდევ უფრო გართულებას, იქ არსებული კრიმინალური ინტერესები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ხშირად პანკისის პრობლემის შექმნა ხეობაში კომპაქტურად ჩასახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებს ბრალდება. თუმცა მათი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კრიმინალური ვითარების გამწვავებას დამნაშავეთა დაუსჯელობის მიზეზია და ამაში მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილების დადანაშაულება ხეობაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 25 იანვარს, გვიან ღამით, ახმეტის რაიონში შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელმა, ხიზრი ალდამოვმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია მთელი ჩეჩენი ლტოლვილების დამნაშავეებთან გაიგივება.

[ალდამოვის ხმა] „დღეს ბევრს უნდა, რომ მიზეზი მაინც და მაინც ჩეჩნები იყვნენ. ეს საკითხი ბევრს აწუხებს. ბოლო დროს ტყუილად როდი სვამენ აქედან ჩეჩნების უკან დაბრუნების საკითხს. თუ იქ იყვნენ ჩეჩნები, გამოძიება დაამტკიცებს. მე მგონია, რომ მიზეზი არ შეიძლება იყოს ჩეჩენი, ქართველებმა ჩეჩენის გულისთვის რატომ უნდა დაღვარონ სისხლი. ეს უბრალოდ პიროვნული კონფლიქტია, როგორც მე ვიცი. ამისთვის ისევ ჩეჩნების საკითხის წამოწევა, ლტოლვილების თემის ისევ წამოწევა, მე მგონი ეს არასერიოზულია და არ ღირს ამის გამოკვეთა.“

მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ძალთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ჩეჩენ ლტოლვილთა ფაქტორს მიიჩნევს პანკისის ხეობაში არსებული რთული კრიმინოგენური ვითარების მთავარ მიზეზად და ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებასაც მოითხოვს. პრეზიდენტ შევარდნაძესაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის დრო უკვე დადგა.

[ალდამოვის ხმა] „უმეტესობა ლტოლვილების ვინც არიან წესიერი ხალხი, იმათთვის ქართველები არის მოძმე ერი, ძმები და დები. მე ყოველთვის ვუსმენ პრეზიდენტის გამოსვლებს. იქეთა მხარემ დააყენა საკითხი, დრო დადგა რომ დაბრუნდნენ ლტოლვილები. ამით ის გვეხმარება ჩვენ რომ ის ომი გაჩერდეს რომ ეს ხალხი დაბრუნდეს. არც ერთხელ არ უთქვია საქართველოს პრეზიდენტს ძალით უნდა გავაგდოთ ეს ხალხი. არც ის რუსეთი ეუბნება, რომ ძალით გამოყარეთ ეგ ხალხი. საქართველოში არიან ძალები, ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამაზე აგებენ თავიანთ პოლიტიკას, არნათქვამ სიტყვებს პრეზიდენტისას იყენებენ იმის წინააღმდეგ, ამხედრებენ ლტოლვილებს, საწყლებს, ის ხალხი არის მოტყუებული.“

ჩეჩენ ლტოლვილებამდე ასეთი გაცხადებები ჭორის სახით აღწევს და უარყოფითად განაწყობს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ხიზრი ალდამოვის თქმით, მას ხშირად უხდება ლტოლვილებისათვის პრეზიდენტის განცხადებების განმარტება. იგი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებაზეა ლაპარაკი და არავინ აპირებს საქართველოდან მათ ძალით გასახლებას. რუსეთ - საქართველოს შეთანხმების მიხედვით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც, ლტოლვილთა მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შემდეგ, გადაწყვეტს მათი დაბრუნების ვადებისა და პირობების საკითხს.

მანამდე კი ჩეჩენი ლტოლვილების ფაქტორს, შევარდნაძესთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ეფექტურად იყენებენ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული სამართალდამცავი სტრუქტურები და ხშირ შემთხვევაში, უკანონო ქმედებების დასაფარად, სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებენ. ამიტომ იყო, რომ, ჯერ კიდევ 2 წლის წინათ ჩეჩენ ლტოლვილთა ლიდერები დევნილთა პანკისის ხეობიდან გამოყვანას და მათთვის სპეციალური ბანაკების მოწყობას მოითხოვდნენ. თუმცა, ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლებაში სერიოზულად არავის განუხილია.
XS
SM
MD
LG