Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს, ერთი შეხედვით, ახალგაზრდულია.


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს, ერთი შეხედვით, ახალგაზრდულია.

ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, პოლიტიკით დაინტერესდნენ და მასში ჩაბმა სცადეს ადამიანებმა, რომელთაც არ სურდათ ამ მიზნით მანამდე არსებული ერთადერთი – პარტიულ-კომკავშირული გზით ესარგებლათ. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე ქართულ პოლიტიკას განუწყვეტლივ ემატებიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც, არცთუ იშვიათად, საპატიო თანამდებობრივ სიმაღლეებსაც აღწევენ. ახალგაზრდობა და ახალბედობა მათ არ აბრკოლებთ. ახალგაზრდების დაწინაურება, მათთვის საპასუხისმგებლო პოსტების ჩაბარება პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთ საჯარო გამოსვლაში სრულიად ცნობიერი და მიზანმიმართული პოლიტიკის გამოვლენად მიიჩნია, რაც უმცროსი თაობის, როგორც ქვეყნის მომავალი პატრონის მომზადებას ემსახურება.

როგორ მოემზადება ახალგაზრდობა ქვეყნის ჩასაბარებლად, ამას მომავალი აჩვენებს, მაგრამ აშკარაა, რომ ახალგაზრდა ფუნქციონერები ამჟამად მოქალაქეთა გაძლების უნარისა და ნერვების ხარჯზე ემზადებიან. შევარდნაძის განცხადება და საკადრო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული ასპექტი ერთ პრობლემას გამოჰკვეთს: ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას არ გააჩნია სპეციალური ცოდნა, რაც სახელმწიფო მოხელეობის, ან, უფრო მეტი, პოლიტიკოსად შედგომისათვის არის აუცილებელი. არცოდნის კომპენსირება, უკეთეს შემთხვევაში, გამოცდილების შეძენით უნდა მოხდეს, თანაც – სამომავლოდ. უფროსი თაობის ხელისუფალთა ცოდნა და გამოცდილება თავისუფალი ქვეყნის, სამართლებრივი სახელმწიფოს მართვისა და ჩამოყალიბებისათვის გამოუსადეგარია, არადა, დიდი შანსია, მომავალში სწორედ ეს მარაგი გახდეს (და დიდწილად უკვე გახდა კიდეც) ახალი ხელისუფლების საწყისი კაპიტალი, მორალური და ინტელექტუალური თვალსაზრისით.

მოხელეობა და პოლიტიკოსობა შემთხვევით არ გაგვიმიჯნავს. ცხადია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დღეს ახალგაზრდა მოხელე გაცილებით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა პოლიტიკოსი. არ არის ლაპარაკი პიროვნების მხოლოდ არჩევასა ან დანიშვნაზე. არჩეულ ახალგაზრდებს შორის შეიძლება უფრო მოვიძევოთ პოპულარული ფიგურები, ვიდრე დანიშნულ მოხელეთა რიგებში, მაგრამ პოპულარობა პოლიტიკოსობის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ბევრ ჩვენგანს შეუძლია ჩამოთვალოს პოლიტიკით დაკავებული მრავალი ახალგაზრდა, ოღონდ ვერ იტყვის, რომ ისინი შესამჩნევ კვალს ატყობენ პოლიტიკურ პროცესებს. ამავე დროს, შეიძლება არაერთი მაღალი რანგის ახალგაზრდა მოხელის ჩამოთვლა, რომელთა გადაწყვეტილებებიც, გარკვეულწილად, ქმნის ხელისუფლების პოლიტიკას; ეგ არის, პოლიტიკოსებს მათ ვერავინ უწოდებს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, პრეზიდენტის თანაშემწე ფისკალურ საკითხებში, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, თავიანთი ასაკის კვალად, სახელმწიფო სამსახურის ძალიან მაღალ საფეხურზე დგანან, მაგრამ პოლიტიკოსებად მათ ჯერ არავინ იხსენიებს. მეორე მხრივ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უწოდებენ ადამიანებს, რომელთა პოვნა პარლამენტის თითქმის ყველა ფრაქციაში შეიძლება; თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, მათ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მართლაც ასეთები არიან. აღარაფერს ვამბობთ ახალგაზრდებზე, ახალი სახეებისა თუ ახალი სახელების რუბრიკით რომ შეიყვანეს საარჩევნო სიებში და დღემდე სრულიად უცნობი რჩებიან საზოგადოებისათვის. ცალკე ქვეკატეგორიად გამოიყოფა მეტ-ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უფერული ახალგაზრდების ჯგუფი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ კლასში და სახელმწიფო სამსახურში ახალგაზრდების სიჭარბის მიუხედავად, პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელ ძალად ისინი
არ ჩამოყალიბებულან. რაც უნდა ამზადოს პრეზიდენტმა ახალი თაობა ქვეყნის სამომავლოდ პატრონობისათვის, ჯერჯერობით, ამ თაობის უმეტესობა პირველი პირის მონუმენტური ფიგურის ჩრდილიდან ვერ გამოდის. ეს ეხება პრეზიდენტისადმი როგორც ლოიალურად განწყობილ პარლამენტარებსა თუ სახელმწიფო მოხელეებს, ისე ოპოზიციაში მყოფ ახალგაზრდებსაც. ნამდვილ გამოცდას პოლიტიკოსობაზე ახალგაზრდები მაშინ გაივლიან, როცა შევარდნაძე აქტიური პოლიტიკიდან წავა. მაშინ ზოგს სასათბურე პირობები მოესპობა, ზოგსაც კი ასპარეზი მიეცემა, რომლის არქონასაც ახლა ასე უჩივის. ჯერ კი საქართველოში ისეთი ვითარებაა, 30-ანი წლების ცნობილი რუსული სიმღერა რომ აღწერდა: ახალგაზრდებს ჩვენთან ყველგან გზა ხსნილი აქვთ, მოხუცებს კი პატივი აქვთ ყველგან. მაშინაც და ახლაც ეს სიტყვები ირონიულად ჟღერდა.

განვაგრძობთ ახალგაზრდებსა და პოლიტიკაზე საუბარს. ეკა წამალაშვილი იმ ახალგაზრდა დეპუტატს წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით მოხვდა და ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთ ახალ სახესაც წარმოადგენდა. ეს “ახალი სახე” ფართო საზოგადოებამ გახმაურებული პანკისური ისტორიით გაიცნო. ალაბთ, ხვდებით, რომ საუბარი დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილს ეხება.

კრებულში “ვინ ვინ არის საქართველოში” დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ამ ახალგაზრდა პარლამენტარის ცხოვრების კრედოს “მეგობრობა გზად და ხიდად” წარმოადგენს. პეტრე პარლამენტში სწორედ მეგობრების: ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის რჩევით და ხელშეწყობით მოხვდა. ჟვანიასთან და სააკაშვილთან დაახლოებამდე ის პოლიტიკაში მოსვლაზე არ ფიქრობდა.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “ პარლამენტში სანამ მოვხვდებოდი ვიყავი სპორტსმენი. სამთო-სათხილამურო სპორტში გარკვეული წარმატებებიც მქონდა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო დონის მოთხილამურე ვიყავი. ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით. 97 წელს დავბრუნდი შეერთებული შტატებიდან.”

საქართველოში დაბრუნებისთანავე პეტრე ცისკარიშვილმა მუშაობა მრეწველობის სამინისტროში დაიწყო. მინისტრის თანაშემწის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სექტორში მუშაობა მაშინაც დაბალანაზღაურებადი იყო, კერძო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა. შემდგომი ეტაპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ქართუ” - ს ერთ-ერთი ფილიალის ფინანსური მენეჯერობა იყო. სწორედ ფინანსურ მენეჯერად მუშაობის პერიოდში მოხდა ზურაბ ჟვანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოება. პეტრე ამბობს, რომ ამ ადამიანებში მან რეფორმების გატარების მზადყოფნა დაინახა.

“მოქალაქეთა კავშირის” პარტიულ სიაში წარდგენის შეთავაზებას დავთანხმდი, ვფიქრობდი, რომ, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რეფორმების განხორციელების დიდ საქმეში პატარა წვლილს მეც შევიტანდი, მით უფრო, რომ რეფორმებს “მოქალაქეთა კავშირის” მაშინდელი თავმჯდომარეც უჭერდა მხარსო” – თქვა ჩემთან საუბრისას პეტრე ცისკარიშვილმა. მოკლედ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ის მმართველი პარტიის “ახალ სახეთა” ჯგუფთან ერთად 25 წლის ასაკში მივიდა. პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონდა, ამდენად დეპუტატობას დიდი იმედებით და ენთუზიაზმით შეუდგა.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “მივედი იმის იმედით, რომ რაღაც ცვლილებებს მოვახდენდით, მაგრამ დამხვდა ის, რომ არსებობს ერთი კაცი ამ ქვეყანაზე და მას არაფრის შეცვლა არ უნდა. ამას ბევრი ვხვდებოდით და ის ერთადერთი ოპოზიცია, რომელიც წლების მანძილზე არსებოდა პარლამენტში, ჟვანიას და სააკაშვილის გუნდის სახით, აიძულებდა ამ ერთ კაცს, რაღაც ცვლილებებზე წასულიყო.”

ასე რომ, პეტრე ცისკარიშვილის აზრით, მოქალაქეთა კავშირის ყოფილი მმართველი უმრავლესობა წლების მანძილზე ერთადერთი ოპოზიცია ყოფილა და არა უმრავლესობა. ასეა თუ ისე, ყოფილი მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებისა არ იყოს, არც პეტრე გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რაც მოქალაქეთა კავშირის მმართველობას უკავშირდება. ის დღეს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ბაზაზე აღმოცენებული იმ ახალი ფრაქციის წევრია, რომელსაც “დემოკრატიული რეფორმებისთვის” ჰქვია. აქ გაწევრიანებული დეპუტატები კი ძირითადად, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანამოაზრეები, დღეს პრეზიდენტის ყველაზე ხმაურიან ოპოზიციონრებად გვევლინებიან.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “გვყავს პრეზიდენტი, რომელიც დღესდღეობით, საკუთარი სკამის შენარჩუნებაზე მუშაობს, ამიტომ გავემიჯნეთ მას და გავხდით უკვე გაფორმებული ოპოზიცია, თუ ადრე არაოფიციალური ოპოზიცია ვიყავით, დღეს გაფორმებულ ოპოზიციას წარმოვადგენთ და აქედან ვცდილობთ რაღაცის შეცვლას.”

რეფორმების განხორციელბაში საკუთარი პატარა წვლილის შეტანის მცდელობა, რასაც მმართველი უმრავლესობის წევრობა მოჰყვა, ოპოზიციონერობით დასრულდა. თუმცა, პეტრე ცისკარიშვილი არჩევანით უკმაყოფილო მაინც არ არის. მას მიაჩნია, რომ დიდი პატივია ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელობა, რადგან ამ ადამიანებთან ურთიერთობა პოლიტიკაში გამოუცდელ კაცს თურმე 5 თვეში ასწავლის იმას, რის სწავლასაც 5 წელი ესაჭიროება.

“დეპუტატობა საკმაოდ რთულია, მათ შორის დროის თვალსაზრისით. დეპუტატი უნდა ერკვეოდეს ყველაფერში, რაც ქვეყნაში ხდება, უნდა იცნობდეს სხვა პოლიტიკოსების მოსაზრებებს, უნდა კითხულობდეს კანონპროექტებს, პრესას და სატელევიზიო გადაცემებსაც უნდა ადევნებდეს თვალ-ყურს,” - ამბობს საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი. პეტრე ცისკარიშვილს საბოლოოდ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი დარჩება თუ არა პოლიტიკაში, თუმცა თვლის, რომ პოლიტიკაში მის ყოფნას აზრი აქვს.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “ აქვს აზრი, მაგრამ, მეორე მხრიც ზუსტად არა მაქვს გადაწყვეტილი. ხელფასი არც აქ არის მაღალი და მთელი ჩემი განათლება და გამოცდილება მინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩემს ოჯახს მოვახმარო, ბიზნესი დავიწყო ან უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური. მე ასე საუბრის არ მრცხვენია, რადგან ეს ყველა ადამიანშია და ვინც ამაზე არ საუბრობს, ფარისევლობს. თუ ჩემი მშობლები ფინანსურად მყარად იქნებიან, ნახევრად მათ კმაყოფაზე ვარ, მაშინ დავრჩები.”

გარდაიცავლა ბლუზისა და ჯაზის ვარსკლავი, ამერიკელი მომღერალი პეგი ლი

მარიამ ჭიაურელი, პრაღა

[სიმღერა ”Fever” პეგი ლის შესრულებით]
მომღერალზე, რომელსაც ახალგაზრდული პროგრამის ბოლო, საგანგებო სიუჟეტს დავუთმობთ, დღევანდელი ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას, ალბათ, არც კი სმენია. მაგრამ ჯერ ერთი, ალბათ, სმენია მისი სიმღერები, თუნდაც ”Fever”, რომელსაც ახლა გთავაზობთ, და მეორე – ამ მომღერალს უკვე არაერთი თაობა ჰყავს მოხიბლული და, სავარაუდოდ, გულგრილს არც დღევანდელ ახალგაზრდებს დატოვებს.

პეგი ლი (საუბარი სწორედ ამ ამერიკელ მომღერალზეა) რამდენიმე დღის წინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ - ჩანაწერების სახით - მსოფლიოს მარადიულად ახალგაზრდა შემორჩა.

[სიმღერა ”Fever” პეგი ლის შესრულებით]

შოუბიზნესში პეგი ლის კარიერამ ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა- დაიწყო მძიმე ბავშვობის წლებში და გაუძლო ოთხ წარუმატებელ ქორწინებას, გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და, შესაბამისად, აღიარებით არამარტო ერთ სფეროში. დიახ, პეგი ლი არამარტო მომღერალი იყო: ის მრავალი სიმღერის ავტორია და მონაწილეობდა კინოფილმებში, რომელთაგან ერთ-ერთმა მას ოსკარის ნომინაციაც კი მოუტანა. მაგრამ პეგი ლის მთავარი ამპლუა, ცხადია, სიმღერა იყო: მას ჩაწერილი აქვს 600ზე მეტი კომპოზიცია, მათ შორის ჰიტები “Lover”, “Golden Earrings”, “Big Spender”. 1969 წელს სიმღერამ ”Is That All There Is?” მომღერალს პრესტიჟული ჯილდო, გრემი არგუნა.

ნორმა ენგსტრომი, რომელიც მსოფლიომ პეგი ლიდ გაიცნო 1920 წლის 26 მაისს ჩრდილოეთი დაკოტის შტატში დაიბადა. სკანდინავიელი იმიგრანტების შვილმა დედა 4 წლის ასაკში დაკარგა და, რახან დედინაცვალი ცუდად ეპყრობოდა, შინ დარჩენას ადრევე ამჯობინა დამოუკიდებლად ცხოვრება. 14 წლისამ მომღერლობა გადაწყვიტა, მალე, ერთ-ერთი რადიოგადაცემის ავტორის რჩევით, ფსევდონიმი შეარჩია, და (უკვე პეგი ლიმ) ჰოლივუდს მიაშურა. სწორედ იქ დაიწყო ბლუზისა და ჯაზის ვარსკვლავის შთამბეჭდავი კარიერა, რომლის პირველი ეტაპი ახალგაზრდა მომღერლით ბენი გუდმენის დაინტერესება აღმოჩნდა. ”სვინგის მეფემ” პეგი ლი ერთ-ერთი სასტუმროს ბარში აღმოაჩინა და თავის ბიგ ბენდში მიიწვია. ეს 1941რ წელს მოხდა. 1942 წელს პეგი ლი უკვე ვარსკვლავი იყო. მომღერლის კარიერა, მართალია, რამდენიმე წლით შეწყდა, როცა ის გუდმენის გიტარისტზე, დეივ ბარბოურზე დაქორწინდა და ერთადერთი ქალიშვილის, ნიკის გასაზრდელად სცენას ჩამოშორდა, მაგრამ განქორწინების შემდეგ პეგი ლიმ ისევ სიმღერაში ჰპოვა პირადი კრიზისიდან გამოსავალი. ”მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდა მომღერალი სოფი ტაკერი, როცა ამბობდა, სიყვარულმა ერთხელ მაინც უნდა გაგამწაროს, რომ მასზე სიმღერა შეძლოო”- იხსენებდა მოგვიანებით პეგი ლი.

პეგი ლი ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა პოპულარობით, მისთვის ქების სიტყვებს არ იშურებდნენ კოლეგები თუ ჯაზის კრიტიკოსები. ასე მაგალითად, დიდი დიუკ ელინგტონი, რომელიც პეგი ლის არაერთ კომპოზიციას ასრულებდა, მას ”დედოფალს” უწოდებდა. ”ბევრ მომღერალს ერთმანეთში ერევა ყვირილი და ემოციურობა. პეგი ლი მშვიდად აქსოვს ნოტებში თავის გრძნობებს, მელოდიას თავს კი არ გვახვევს, მას ელეგანტურად მიჰყვებაო”, წერდა ერთი კრიტიკოსი.

პეგი ლი აღიარებულია ბილი ჰოლიდეისა და მილდრედ ბეილის, ელა ფიცჯერალდისა და ბესი სმიტის რანგის მომღერლად და, მაშასადამე, ჯაზის ოლიმპის მკვიდრად. თუმცა, სხვასთან შედარება რად უნდა ხელოვანს, რომელზეც ასეთი სიტყვებით აქვთ ნათქვამი: ”მკვდარი უნდა იყო, პეგი ლის ხმამ რომ გულგრილი დაგტოვოსო”.
XS
SM
MD
LG