Accessibility links

logo-print

ხელისუფლება საბიუჯეტო რეზერვებზე მხოლოდ საუბრობს და მისი გამოყენება არ სურს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართულ პოლიტიკურ პარნასზე განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფების საბიუჯეტო გარიგებებში დადანაშაულებამ,

საპარლამენტო ვაჭრობის თემა კვლავ აქტუალური გახადა.

გარიგებები ყველაზე მეტად ტრადიციულად, ეკონომიკის სფეროში ხდება და როგორც წესი, წმინდა მატერიალურ მოსყიდვაზე ხშირად ქართულ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ამ შემთხვევაში ”ხელი ხელს ბანს” პრინციპი მუშაობს. ჩვენს პარლამენტში ბიზნესის სფეროდან მოსული დეპუტატების გარდა სხვადასხვა ფინანსური ჯგუფების ლობისტებიც უხვად არიან წარმოდგენილნი. სხვათაშორის, ეს ჯგუფები არც მალავენ თავის ინტერესს და ღიად ლობირებენ თავიანთი ფინანსური მხარდამჭერების თუ უბრალოდ ახლობლების საქმიანობას. სწორედ ამიტომ ეკონომიკური კანონმდებლობა საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატვის ნაცვლად მეტწილად კერძო წმინდა მერკანტილური ხასიათის მატარებელია.
ქვეყნის საგადასახადო კოდექსი იმდენჯერ არის ჩასწორებული და ცალკეულ ბიზნესს მორგებული, რომ დღეს ის თავისი ორიგინალის, ანუ პირვანდელი ვარიანტისაგან ცა და დედამიწასავით არის განსხვავებული. იგივე ეხება ათასგვარ საგადასახადო შეღავათებს თუ პირიქით საგადასახადო წნეხის გამკაცრებას და ეს ყოველივე სწორედ კულუარული გარიგებების ხილული შედეგია. გარიგებათა ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია – რომელიმე კანონპროექტის განხილვისას ერთი ჯგუფი თავის ხმებს ”მიჰყიდის” მეორე ჯგუფს, რომელიც ამ კანონპროექტს ლობირებს, სამაგიეროდ იგივე ჯგუფი მისთვის საინტერესო კანონის განხილვისას ამ ხმებს ისევ უკან დაიბრუნებს.

ამგვარი გარიგებები იდება პერმანენტულად, როგორც საერთო პოლიტიკური პლატფორმის მქონე პოლიტიკურ დჭჯგუფებებს შორის, ისე რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პოზიციასა თუ ოპოზიციას შორის.

ცალკე საუბრის თემაა სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც გაცხოველებული ვაჭრობების კლასიკური გამოხატულებაა და რომელიც დღეს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სხვათაშორის, ამ მხრივ საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი და პოლოტოლოგია საბიუჯეტო გარიგებების მრავალ აპრობირებულ ტექნოლოგიას იცნობს. ეს ტექნოლოგიები სხვადასვა წარმატებით გამოიყენება ქართულ რეალობაშიც.

წლევანდელი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტარების და ზოგადად საზოგადოების განსჯის საგანი მისი საშემოსავლო თუ ხარჯვითი ნაწილის ოდენობა და არსებული რეზერვები გახდა. დეპუტატათა უდიდესი ნაწილის კეთილშობილი სურვილის უკან ხშირ შემთხვევაში ელემენტარული პოპულიზმი იმალება. ბუნებრივია, ქვეყნისათვის გაცილებით უკეთესია, როდესაც იგი სრულად აფინანსებს თავდაცვას, სამედიცინო სფეროს თუ ჯანდაცვის პროგრამებს. სახელმწიფოს, როგორც სუბიექტის პირდაპირი მოვალეობაც სწორედ ამ სფეროებზე ზრუნვა და საკუთარი პატრონაჟის ქვეშ ყოფნაა, მაგრამ ერთია კეთილი სურვილი და მეორე რეალობა. ქაღალდზე არსებულ ბიუჯეტს შესაძლოა მარტივად წაუმატო რამოდენიმე ნული და ამით თავი დაიმშვიდო, რომ შენს სახელმწიფოებრივ ვალს პირნათლად იხდი, მაგრამ ეს ნულები ხომ მხოლოდ ვირტუალური შემოსავლები და ხარჯებია, რომლითაც ვერც თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებ, ვერც განათლედის და ვერც ჯანდაცვის დონეს აწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტი ფაქტობრივად არცერთხელ არ შესრულებულა – ციფრების ეკვილიბრისტიკას ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა, შედეგად კი მუდმივ სეკვესტრს, გაუცემელ ხელფასებს და დაუფინანსებელ სახელმწიფო პროგრამებს ვიღებთ.

არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი თავის ასახვას მუდმივად ჰპოვებს ქვეყნის როგორც საშინაო ისე საგარეო ურთიერთობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას ყოველწლიურად მუდმივ საკამათო თემად, სწორედ ჯერ არასწორად დაგეგმილი, ხოლო შემდგომ უკვე შეუსრულებელი ბიუჯეტი ხდება, რის გამოც ქვეყანა საგარეო დახმარებების სახით ასეულობით მილიონს იკლებს. თუმცა ეს მწარე გამოცდილება არაფრისმთქმელი პასაჟია ხალხის რჩეულთათვის, რომელთაც თავისი ამომრჩევლების ნების გამოხატვის საშუალებად მხოლოდ საპარლამენტო სესიების პირდაპირი ტრანსილაციისას მიკროფონთან ყელყელაობა და გულზე მჯიღის ცემა მიაჩნიათ.

ბიუჯეტის პარამეტრების სერიოზული ზრდის მომხრეები, როგორც წესი, გამოუყენებელ რეზერვებზე აპელირებენ და არც თუ უსაფუძვლოდ. აბსოლუტურად მართლებია არიან ის ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ფისკალური გამოცოცხლების პირობებში ქვეყანა ორჯერ მეტ გადასახადს ამოიღებს, ვიდრე ეს დღეს ხდება, მართლებია არიან ისინიც ვინც რეზერვების წყაროდ პრეზიდენტის გარემოცვის მარცხენა შემოსავლები მიაჩნიათ, არ სტყუიან არც კონტრაბანდის შეზღუდვიდან ბიუჯეტის შევსების მომხრეები, მაგრამ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებები მაინც რიტორიკის სფეროს განეკუთვნება და ფაქტობრივად არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესის არალეგალური დაბეგვრა სანახევროდ მაინც ”გათეთრდეს”, ქვეყანაში შემოსული კონტრაბანდა მცირედით მაინც გამოვლინდეს და ბობოლა ”კრიშების” მფარველობის ქვეშ მყოფი ბიზნესი ლეგალურ საქმიანობაზე გადავიდეს.

საქართველოში ფაქტობრივად ყველა საქმიანობა იბეგრება, იბეგრება ყოველივე საღეჭი რეზინის იმპორტიდან დაწყებული ხე_ტყის ექსპორტით დამთავრებული, თუმცა ეს ბეგარა ფაქტობრივად მთლიანად ცალკეული ჯიბეების გასასქელებლად გამოიყენება და ამ ჯიბეებში ხელის ფათური და მოპარულის უკან დაბრუნება კი სასირცხვილოდ ითვლება. ამ მენტალიტეტეტით რეზერვზე საუბარი უბრალოდ ცინიზმად აღიქმება. რეზერვები არის და თანაც ამოუწურავი, არ არის მხოლოდ სურვილი და პოლიტიკური ნება, რომელმაც ეს მითიური რეზერვი რეალობად უნდა აქციოს.
XS
SM
MD
LG