Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჭანტურიას მკვლელობა და თანამედროვე პოლიტიკური პროცესი


15 იანვარს გაზეთმა "ახალი თაობა" გამოაქვეყნა ინტერვიუ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრთან - ვახტანგ ტალახაძესთან.

იგი აცხადებს, რომ გია ჭანტურიას მკვლელობის მიზეზი იყო მისი დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესთან; ხოლო ირინა სარიშვილი ამ დაპირისპირებაში მუდმივად შევარდნაძის პოზიციებს აძლიერებდა. ირინა სარიშვილის თუნდაც ირიბი დადანაშაულება გია ჭანტურიას მკვლელობაში ნაკლებად არის საინტერესო; მაგრამ 1994 წლის გახსენება ნამდვილად სასარგებლოა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ასახსნელად.

ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მასთან მუდმივად არის დაპირისპირებული საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი. წლების განმავლობაში ეს ზოგადი სქემა არ იცვლება. ამიტომ, ბუნებრივია, მკითხველთა დიდ ნაწილს ზუსტად აღარ ახსოვდეს, რას ფიქრობდა ედუარდ შევარდნაძის შესახებ გია ჭანტურია 1994 წლის ბოლოს. ის კი ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობა პროტესტის ნიშნად დატოვა მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შეუერთდა. შესაბამისად, ვახტანგ ტალახაძისთვის დღეს ადვილი სათქმელია, რომ (ციტატა): "გია ჭანტურია შევარდნაძის ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მას მწვავე ოპოზიციაში ჩაუდგა. ქალბატონი ირინა კი ისევ აგრძელებდა შევარდნაძის კურსის ერთგულებას. მათ შორის ამ ნიადაგზე ძალიან დიდი კონფლიქტი იყო. სწორედ ამ ფონზე მოკლეს გია ჭანტურია, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი გახდა" (ციტატის დასასრული).

იმისათვის, რომ თავიდანვე გავარჩიოთ ტყუილი და მართალი, ერთ მივიწყებულ ფაქტს გავიხსენებთ. 1994 წლის 29 ნოემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ტრაგიკულ დაღუპვამდე ზუსტად ოთხი დღით ადრე, გამოქვეყნდა გია ჭანტურიას ღია წერილი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. შემოგთავაზებთ წერილის დასკვნით ნაწილს (ციტატა): "ბატონო ედუარდ! თქვენ შეგიძლიათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ვერც ვაჟკაცობის დეფიციტსა თუ პოლიტიკური გამჭრიახობის უქონლობას დაგწამებთ ვინმე. ამიტომ, სწორედ თქვენ, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა, დღესვე უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რასაც თქვენგან ელის ქართველი ხალხი. გქონდეთ იმის იმედი, რომ ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი თქვენთან დადგება და ძველებურად აზრი მიეცემა ჩვენს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც".

რატომ დაიწერა ეს მიმართვა 1994 წლის მიწურულს და რატომ ჰგავს იგი ზედმიწევნით ზურაბ ჟვანიას ღია წერილს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ? რატომ არ იცვლება ახალგაზრდა ლიდერების მოთხოვნები წლების განმავლობაში? რას ითხოვენ ისინი შევარდნაძისგან, თანაც, საჯარო მიმართვის ფორმით?

1998 წლის ზაფხულში გაზეთ "კავკასიონში" გამოქვეყნდა ვასილ მაღლაფერიძის ვრცელი წერილი, სათაურით "რატომ მოკლეს გიორგი ჭანტურია". ამ წერილში დაწვრილებით არის აღდგენილი 1994 წლის პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკა. ავტორი გვახსენებს: ეს სწორედ ის წელიწადია, როდესაც ვახტანგ გოგუაძე დაჟინებით ითხოვს საქართველოს შესვლას სამანეთო ზონაში; პურის რიგები ისტერიულ ზღვარს აღწევს, მთავრობა კი უარს ამბობს პურის ფასის გათავისუფლებაზე - ცხადია, ხალხზე ზრუნვის საბაბით; თავს იკლავს დემურ დვალიშვილი და იწყება საუბარი მის რვეულზე, რომელშიც ას ოცამდე მხოლოდ პარლამენტარის გვარია დაფიქსირებული; რევაზ შავიშვილი აცხადებს, რომ ასეთი მთავრობა იაპონიასაც კი ერთ წელიწადში დააქცევდა; რესპუბლიკელები და ეროვნულ-დემოკრატები მთავრობის არნახული საბოტაჟის მიზეზად ასახელებენ რუსეთის აგენტურას ხელისუფლებაში და მხარს უჭერენ სახელმწიფოს მეთაურს; სხვა პოლიტიკური პარტიები კი შიმშილობენ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. მაშინ გია ჭანტურია ამბობს: "პოლიტიკაში არსებობს კომპრომისი, მაგრამ აგენტურასთან კომპრომისი შეუძლებელია. ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმ ძალების ხელისუფლებაში მოსვლისგან, რომლებიც შევარდნაძეს ებრძვიან."

ერთი რამ ცხადია: გია ჭანტურია უმწვავესად დაუპირისპირდა რუსეთის მიერ ხელდასხმულ ქართულ სახელისუფლო მაფიას, რომელიც მთელი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობდა ახლა უკვე კარგად ცნობილი მეთოდოლოგიით: გააკოტრე და დაეპატრონე. სწორედ ამ "გამკოტრებელ" მთავრობასთან ბრძოლას სთხოვდა გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს და ამ ბრძოლაში მის გვერდით სიცოცხლისა და სიკვდილის პირობას საჯაროდ დებდა.

გია ჭანტურიას გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ პრეზიდენტს უკვე ზურაბ ჟვანია მიმართავს ღია წერილით, ისევ მთავრობასთან ბრძოლას სთხოვს და ამ ბრძოლაში მისი თანადგომის პირობას საჯაროდ დებს. ორ თვეში ჟვანია იძულებული ხდება, გადადგეს. სცენარი აშკარად "რბილდება".

მაშ, საით, რა მიმართულებით და ვექტორით მოძრაობს საქართველო - წრეზე თუ გზაზე? ცდუნება დიდია, მაგრამ ფრთხილი ადამიანი პასუხისგან მაინც თავს შეიკავებს; რადგან ნებისმიერი პასუხი, მომავალში, შესაძლოა, არასწორი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG