Accessibility links

დასავლეთის პრესა, რომელსაც ახლა მიმოვიხილავთ, მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა რუსეთში უკანასკნელი


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის პრესა, რომელსაც ახლა მიმოვიხილავთ, მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა რუსეთში უკანასკნელი კერძო ტელეარხის, ”ტევე-6”-ის დახურვას.

გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტს” სამშაბათს მომხდარი ამ სამწუხარო ფაქტის კომენტირებისას, მოჰყავს ადამიანის უფლებათა მოძრაობის თვალსაჩინო აქტივისტის, სერგეი კოვალიოვის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ”გადაწყვეტილება ”ტევე-6”-ის დახურვის შესახებ მთავრობის უმაღლეს დონეზეა მიღებული. ”გადაწყდა მართვადი დემოკრატიის აშენება. ყოველივე ეს, როგორც ჩანს, მართვად პრესას და მართვად სასამართლოებს გულისხმობსო” - განაცხადა სერგეი კოვალიოვმა.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტი
კრიტიკით შეხვდა ცნობას ტელეარხ ”ტევე-6”-ის დახურვის შესახებ. ”ჩვენ კვლავინდებურად მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებათა დამკვიდრებასა და დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის. პრესის თავისუფლებისა და კანონიერების შემდგომი განმტკიცებისთვის ”ტევე-6”-სი ეთერში უნდა დარჩენილიყო”-განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა.

”სამშაბათს კრემლმა, კიდევ ერთი კრიტიკული ხმა გააჩუმა”-ასეა დასათაურებული სტატია შვეიცარიის გაზეთ ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგში”; სტატიაში ვკითხულობთ:

”ტევე-6”-ის მომავლის შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ამ დამოუკიდებელ ტელეარხს ეთერში გასვლა. ოფიციალური ვერსიით, სასამართლომ თითქოსდა დავალიანების გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვა. სინამდვილეში ეს, იურიდიული ფასადია პოლიტიკური მანევრისა, რომლის მიღმა მრავალი მიმომხილველი, და არც თუ უსაფუძვლოდ, პირადი შურისძიების აქტს ხედავს პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ცნობილი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის წინააღმდეგ”.

”გედების ტბა რუსულად” – ასეა დასათაურებული კომენტარი გერმანიის გაზეთ ”ველტში”; მასში ვკითხულობთ: ”მაშ ასე, ”ტევე-6” მაყურებლებს დაემშვიდობა ბალეტით ”გედების ტბა”, რომელსაც წარსულში ცენტრალური ტელევიზია უჩვენებდა, როცა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას ხანდაზმული გენერალური მდივნები კვდებოდნენ. ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხი ”ტევე-6” აღარ ჰპასუხობდა უკვე დღევანდელ რუსეთში დროის მოთხოვნას. ”ტევე-6” კრემლს აკრიტიკებდა. ხოლო ახლა, როცა კრემლის ლიდერი უკვე მომავალი არჩევნებისთვის ემზადება, ერთიანი აზროვნებაა დღის წესრიგში. მომავალ წინასაარჩევნო პროექტს ”პუტინ-2004”-ს ხომ კარგს არაფერს უქადის საჯარო კრიტიკა. პუტინი ორპირი ლიდერია. დასავლეთში მოგზაურობისას იგი დემოკრატიასა და თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა დღევანდელი რუსეთი კვლავაც შორსაა ჭეშმარიტი დემოკრატიისგან. კრემლმა დღემდე ვერ შეიგნო, რომ ოპოზიცია, განუყოფელი ნაწილია დემოკრატიისა, და რომ პრეზიდენტის მისამართით თავისუფლად გამოთქმული კრიტიკა სულაც არ მეტყველებს მის სისუსტეზე”.

პრესაში ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოთხშაბათს მიღებულ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ჩეჩნეთში არადამაკმაყოფილებელია, და რომ პროგრესი ამ სფეროში ძალზედ ნელია. დოკუმენტი მოუწოდებს ამასთანავე მოსკოვს, დაუშვას ჩეჩნეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა. საფრანგეთის გაზეთი ”მონდი” ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ჩეჩნეთში ჩადენილი ბარბაროსობისთვის რუსეთი, სანქციების მიღებას გადაურჩა; გაზეთი დასძენს:

”საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისკენ მიუწოდებს რუსეთს, ნათქვამია, რომ აღნიშნულ იქნა გარკვეული, თუმცაღა ძალზედ ნელი პროგრესი ადამიანის უფლებათა სფეროში და დადებითი ცვლილებები მოხდა რუსეთის ფედერაციის პოზიციაში. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უტყუარ ფაქტებს... როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, უკანასკნელ თვეებში ვითარება ჩეჩნეთში კიდევ უფრო გაუარესდა”.

გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსს” მოჰყავს ჩეჩნეთის პროკურორის, ვსევოლოდ ჩერნოვის ნათქვამი იმის შესახებ, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე კავკასიის ამ რესპუბლიკაში სისხლის სამართლის 212 საქმე იქნა აღძრული მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვას, გაძარცვასა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რაც დროის მხრივ ფედერალური ჯარის მიერ ჩატარებულ ”სპეცოპერაციებს” ემთხვევა, მაგრამ კონკრეტული სამხილის უკმარისობის გამო ჯერჯერობით არავინ გაუსამართლებიათ. როგორც ადგილობრივმა მილიციელებმა უთხრეს ”ნიუ-იორკ ტაიმსის” კორესპონდენტს, ჩერნოვის მიერ აღძრული საქმეები ადგილიდან არ დაძრულა, ვინაიდან გამომძიებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა - დაკითხონ სამხედროები.

გაზეთ ”მონდის” მიმოხილველი, ნატალი ნუგეირედი აღშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში მოხსენიებულია ”გარკვეული პროგრესი”, რომელიც, თურმე, ადამიანის უფლებათა სფეროში მომხდარა განვლილი 1 წლის მანძილზე, მაშინ როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიეღება იყო აუცილებელი; ფრანგი ჟურნალისტი წერს:

”იმ დროს, როცა საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში ჩეჩნეთში მიღწეულ პროგრესზეა ლაპარაკი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ უკანასკნელ თვეებში გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებებში სრულიად საწინააღმდეგოს ვკითხულობთ. პირიქით, ხსენებული ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ჩეჩნეთში კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, და რომ ფედერალური ჯარი მეტ სისასტიკეს სჩადის ამ ბოლო დროს ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სტრასბურგში, რუსეთის დელეგაციის მეთაურმა, დმიტრი რაგოზინმა გამორიცხა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ყოველგვარი სამშვიდობო პროცესი. ”ეს, ნომერ პირველ ტერორისტთან, ოსამა ბინ ლადენთან მოლაპარაკების ტოლფასი იქნებოდაო”-დასძინა დმიტრი რაგოზინმა”.

საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში”, ბოსტონის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტური იდეოლოგიისა და პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორი, მირიამ ლანსკოი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებული რეზოლუცია ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ”ძალზედ შერბილებულია”, და თან აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები იმედგაცრუებული არიან იმის გამო, რომ ჩეჩნეთში ჩადენილი ბარბაროსობისთვის კრემლი დაუსჯელი დარჩა.

”მიმდინარე წელს, - განაგრძობს ამერიკელი პოლიტოლოგი -
ნაკლებად თუ მოელის ვინმე, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ოფიციალურ პირებს დაუპირისპირდება
იმისთვის, რომ ჩეჩნეთში სულ უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობს ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. კრემლმა ახალი შეზღუდვები დააწესა ჩეჩნეთში მოგზაურობაზე, რითაც ფაქტობრივად არ მისცა უცხოელ და ადგილობრივ ჟურნალისტებს იქ მიმდინარე საომარ მოქმედებათა გაშუქების შესაძლებლობა. მძაფრ ზეწოლას განიცდიან ჩეჩნეთში შემორჩენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც. გასულ დეკემბერს, შეიარაღებულმა პირებმა დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლობა დაარბიეს გროზნოში და მისი თანამშრომლები სცემეს."
XS
SM
MD
LG