Accessibility links

logo-print

აფხაზეთის პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი იყო გასული კვირის პრესაში.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთის პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი იყო გასული კვირის პრესაში.

26 იანვრის “დილის გაზეთი” წერს, რომ ენგურის პირას დაწყებული საპროტესტო აქცია, აფხაზეთიდან რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანისა და კოდორის ხეობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ფორმირებების დატოვების მოთხოვნით, თანდათან ფართო მასშტაბებს იძენს.
გაზეთის თქმით:

"ახლა უკვე მნიშვნელობა არა აქვს, იმართებოდა თუ არა ეს აქცია ზემოდან. იგი თანდათან ცდება მართვის ფარგლებს და ისმება შეკითხვაც: როგორ დასრულდება ის, რა შედეგს გამოიღებს აქციის მონაწილეთა კატეგორიული მოთხოვნები?
ეს შეკითხვა განსაკუთრებით მას მერე გამძაფრდა, რაც გაირკვა, რომ გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარსადგენ მოხსენებაში კვლავაც მიზანშეწონილად მიიჩნევს რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთში დატოვებას და კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ფორმირებების გაყვანას. ამ პოზიციას მხარს უჭერენ მეგობარი ქვეყნები და, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, იზიარებს საქართველოს პრეზიდენტიც. ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ფორმირებების გამოყვანას არ დაუშვებს, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების დატოვება მათი ფორმატის შეცვლის, სამშვიდობო ზონის ენგურიდან ღალიძგამდე გაფართოების კორექტივით."

“დილის გაზეთი” წერს, რომ "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრეზიდენტი უკვე რამდენჯერმე გაემიჯნა და დაუპირისპირდა საკუთარ თავს და სხვას რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს? ერთხელ შარშან, როცა ოქტომბერში კანცელარიის წინ შეკრებილ დევნილებს რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანას შეჰპირდა და სულ მალე გადათქვა და მისი ამ შეპირებით პროვოცირებული პარლამენტის შესაბამისი დადგენილებაც უგულვებელყო. მეორედ იგივე გაიმეორა, როცა, უთუოდ მისი დავალებით, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა, მალხაზ კაკაბაძემ ხელი მოაწერა ჭუბურხინჯის 17 იანვრის ოქმად წოდებულ დოკუმენტს, რომელიც კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ფორმირებების გამოყვანას ითვალისწინებს. ყოველივე ამის შემდეგ კი, შევარდნაძე აცხადებს – კოდორის ხეობას ქართული საჯარისო ფორმირებები არ დატოვებენო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საეჭვო ხდება ეს პირობაც, რადგან არავინ იცის, პრეზიდენტი ხვალ რა გუნება-განწყობაზე დადგება, ან რას მოითხოვს მისგან, ასე ვთქვათ, "საერთაშორისო რეალობა", რომლის პირველი გამომხატველია გაერო და მისი გენერალური მდივანი."

25 იანვრის გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რომ "თბილისსა და ზუგდიდში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ შიდა კონსულტაციებს მართავს, თუმცა, მთავრობის წარმომადგენელთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. დევნილთა აქციის საპასუხოდ ენგურის ხიდის მეორე მხარეს სეპარატისტთა სამხედრი შენაერთები გამაგრდნენ. დევნილები საერთო სახალხო მოძრაობის დაწყებით იმუქრებიან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად მიანიშნებენ რეალური საშიშროების არსებობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ გამწვავებულ სიტუაციას დაინტერესებული ძალები პროვოკაციისთვის გამოიყენებენ. სეპარატისტთა სამხედრო მანევრების და რუსი სამხედროების განწყობის გათვალისწინებით, პროვოკაციის საშიშროება რეალური ხდება."

“რეზონანსის” წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ თუ არ შესრულდება პარლამენტის დადგენილება კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ, მაშინ 27 იანვრიდან აქციის მონაწილენი სახალხო მოძრაობის - პარტიზანები კი, აქტიური მოქმედებების დაწყებას აპირებენ.

26 იანვრის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” გვამცნობს, რომ 25 იანვარს, "რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძეს პირადად მიულოცა დაბადების დღე. ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივაზე."

საინტერესოა, რომ გაზეთის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს აფხაზეთში კონფლიქტის ზონაში მყოფი დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტის შესახებაც. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "მართალია, საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს, მაგრამ ამ მხრივ რუსეთი ძალდატანებას არ იჩენს."

ახლა კი, ქვეყნის საშინაო პრობლემებს შევეხებით. 24 იანვრის გაზეთი “რეზონანსი” მთავრობის სხდომისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტი შევარდნაძე თავისი მთავრობით კმაყოფილიცაა და თან არც არის კმაყოფილი. 23 იანვარს მთავრობის სხდომის პირველ ნახევარში მან ქება-დიდებით ცაში აიყვანა მინისტრები, იანვარში საბიუჯეტო გეგმის შესრულების გამო, სხდომის მიწურულს კი, ზოგიერთ მინისტრს მთავრობიდან გაგდებით დაემუქრა."

გაზეთის თქმით, "შევარდნაძეს ნერვები ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრმა, შემდეგ კი, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ მოუშალა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა “საქართველოს ელექტროკავშირში” შექმნილ დარღვევებზე ისაუბრა. ეს კომპანია, რომლის აქციათა 100% სახელმწიფოს ეკუთვნის, საპრივატიზაციოდ არის გამოტანილი. მთავრობის წინაშე ნარჩემაშვილმა ფინანსურ მაქინაციებში დადანაშაულებულთა გვარები დაასახელა. მინისტრის განცხადებით:

წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ “საქართვეელოს ელექტროკავშირში” მოქმედებდა ბოროტმოქმედთა ჯგუფი ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ პროსტოსერდოვის, შუამავლების – კახა გავაშელისა და დავით გაბადაძის შემადგენლობით. ისინი ფიქტიურად შექმნილ და არარსებულ ფირმებთან ყალბად გაფორმებული ხელშეკრულებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ახდენდნენ ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გატანას, რასაც შემდგომ ითვისებდნენ. საბოლოოდ პროსტოსერდოვს წარუდგინეს 614 ათასი ლარის ოდენობის ქონების მითვისების ბრალდება."

შემდეგ “რეზონანსი” წერს:

"კობა ნარჩემაშვილს არც სულხან მოლაშვილი ჩამორჩა. მისი მოხსენება შეეხებოდა “ამერიკის შეერთებული შტატების კრედიტით შესყიდული ხორბლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ” პრეზიდენტის 1998 წლის ბრძანებულების შესრულებას. ამერიკული ხორბალი გაიყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული ტენდერის მიხედვით. სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, ტენდერში გაიმარჯვა სააქციო საზოგადოება “კახეთის პურმა”, რომელმაც 15 ათასი ტონა ხორბლის კონსიგნაციის წესით შესყიდვის უფლება მოიპოვა. ამ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა საპენსიო დავალიანების მქონე რაიონების ფქვილით უზრუნველყოფა. შემდეგ ეტაპზე კი, ხორბალი “კახეთის პურს” შეეძლო გამოეყენებინა, როგორც სახელმწიფო კრედიტი.

ტენდერი 1999 წლის არჩევნების წინა პერიოდში ჩატარდა და ამ ოპერაციას აშკარად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, კახეთში პენსიები ფქვილით დარიგდა, თანაც, იმაზე ძვირად, ვიდრე გლეხს ბაზარში შეეძლო ეყიდა. იმერეთში კი, პენსიები ბარებითა და თოხებით დარიგდა.

კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენებით, სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ “კახეთის პურს” ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება, რაც მას ტენდერში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. გარდა ამისა, არ იქნა დაცული სათანადო ქონებრივი გარანტიების წესი."

“რეზონანსი” გვამცნობს, რომ "სულხან მოლაშვილის ინფორმაციით, “კახეთის პურს” ხორბლის ღირებულების სარგებლის პროცენტის დაფარვა უნდა დაეწყო 1999 წლის ბოლოს, რაც არ განხორციელებულა. სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების ძირითადმა თანხამ სადღეისოდ მილიონ 320 ათასი, ხოლო საურავმა მილიონ 123 ათასი დოლარი შეადგინა."

კონტროლის პალატის თავმჯდომარის განცხადებით, “კახეთის პურის” საქმეს პროკურატურა სწავლობს. პრეზიდენტმა დაავალა ყველა სამართალდამცავ უწყებას, დაადგინონ, ვინ დგას “ კახეთის პურის” უკან. საერთოდ, შევარდნაძე გუშინ ძალიან დაუნდობელი იყო და ბევრს რეპრესიებით ემუქრებოდა –აღნიშნავს “რეზონანსი”.

საბიუჯეტო პრობლემატიკასთან დაკავშირებით, 26 იანვრის "რეზონანსი" წერს, რომ "ოთხსაათიანი დაძაბული განხილვის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობამ სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. დაცარიელებული დარბაზის გამო ბიუჯეტის პროექტის განხილვა სამშაბათისთვის გადაიდო."

გაზეთის თქმით, "პარლამენტარები პროტესტს იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ პირველ და მეორე მოსმენას შორის ბიუჯეტის პროექტში არაფერი შეცვლილა. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტართა წინადადებები არაფრად ჩააგდო, რის გამოც ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტართა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა."
XS
SM
MD
LG