Accessibility links

logo-print

სპორტი და სახელმწიფო ბიუჯეტი.


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი სპორტი და სახელმწიფო ბიუჯეტი.

ამ თემას ეძღვნება ჩვენი თბილისელი თანამშრომლის ელგუჯა ბერიშვილის დღევანდელი სპორტული პროგრამა.

ჯონ კენედის უთქვამს: ქვეყნის ძლიერება რაკეტებისა და ოლიმპიურ ჩემპიონთა სიმრავლით განისაზღვრებაო. რაკეტებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონებით მართლაც შეუძლია თავი მოიწონოს. სპორტი ის საქმეა, რომელიც ქართველებს კარგად გამოგვდის. უფრო კარგად, ვინემ ბევრი სხვა რამ. ამის დასტურად თუნდაც შარშანდელი სპორტული სეზონი გამოდგება, როცა, მწირი დაფინანსების პირობებშიც კი, შედეგები საკმაოდ კარგი იყო. მაგრამ ნამდვილი სპორტული ქვეყნის სახელის მოსაპოვლებლად, ცხადია, წლები და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ხელისუფალთა განცხადებებს თუ მოვუსმენთ და სახელმწიფო დოკუმენტებშიც ჩავიხედავთ, საქართველოში სპორტი უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმედ არის მიჩნეული. ამასვე მოწმობს 1996 წელს მიღებული სპორტის კანონი, რომლის მეექვსე თავი მთლიანად სპორტის მატერიალურ - ფინანსურ უზრუნველყოფას ეხება. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას და ამ მიზნით გამოყოს საბიუჯეტო სახსრები. კანონში კონკრეტული თანხა არ მიუთითებიათ, მაგრამ სპეციალისტთა გაანგარიშებით, ქართულ სპორტს ყოველწლიურად მინიმუმ 10 მილიონი ლარი მაინც სჭირდება. რეალურად კი აი რა ხდება: ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, სახელმწიფომ სპორტისთვის სულ 35 მილიონამდე ლარი გაიღო, დაახლოებით იმდენი, რასაც, ვთქვათ, გერმანელები ერთი ოლიმპიური თამაშებისთვის მძლეოსანთა მოსამზადებლად ხარჯავენ. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებით სპორტისთვის გამოყოფილი სახსრების ჯამური ოდენობით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათა შორის. მაგალითად, აზერბაიჯანში სპორტის განვითარებას ყოველწლიურად 12 მილიონამდე დოლარი ხმარდება, ლიტვაში – 10 მილიონი, ლატვიაში – 8. შედარებით პატარა ესტონეთიც კი სპორტისთვის 3-4 მილიონ დოლარს ხარჯავს. პრობლემების ზღვაში ჩაძირულმა ჩვენმა ქვეყანამ, მეტწილად ობიექტურ მიზეზთა გამო, სპორტისთვის სერიოზულად ვერ მოიცალა. ამას ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც აღიარებს და სპორტს თანადგომას ჰპირდება. სპორტი ჩვენი სავიზიტო ბარათია – განაცხადა მან სპორტის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც არაერთი საგულისხმო და საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრამ პირველი შედეგიც გამოიღო. ასე ფიქრობს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.


(ირაკლი მეძმარიაშვილის ხმა) “შარშან დამტკიცებული ბიუჯეტი იყო 2 მილიონ 100 ათასი. წლევანდელი პროგნოზი ბიუჯეტის იყო იგივე – 2 მილიონ 100 ათასი. უბრალოდ, სახელმწიფო მინისტრის მოსვლის შემდეგ აქ ჩვენთან, დეპუტატების ჩარევით, ჩვენი თხოვნით ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა და დაგვიმატა 400 ათასი. ასევე ბიუჯეტში ითვალისწინებენ იმ სპეცსახსრებს, რომელიც სპორტის აკადემიას აქვს ყოველწლიურად – დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე. ასე რომ, ჩვენი ბიუჯეტი, დამტკიცებული ბიუჯეტი, ალბათ, პროგნოზით იქნება 3 მილიონ 100 ათასი. ფაქტიურად, შეიძლება ვთქვათ, რომ მილიონით მეტია, მაგრამ ეს ის მილიონი არ არის, რომელიც სპორტულ ღონისძიებებზე წავა. ეს არის სპეცსახსრები, რომელიც აკადემიას მოხმარდება.”


მოდით, დავაზუსტოთ: შარშანდელათან შედარებით, სპორტს დამატებით 400 ათას ლარს ჰპირდებიან, ოღონდ იმ შემთხვევაში. თუ ბიუჯეტი დამტკიცდება და, რაც მთავარია, შესრულდება. ბოლო წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, საეჭვოა სასეკვესტრო ციებცხელებას გადავურჩეთ. მაშასადამე, სრული მოცულობით ვერ დაფინანსდება სახელმწიფო პროგრამები, უჩვენოდ ჩაივლის ბევრი საერთაშორისო ტურნირი, კვლავ დატრიალდება მწვრთნელ-სპორტსმენთა ნაცნობ – მეგობრებში ნასესხები ფული, რათა საქმე მთლად არ წახდეს დ ამ ტურნირებზე სრული შემადგენლობისა თუ არა, რამდენიმე სპორტსმენის მივლინება მაინც მოხერხდეს, გუნდი ჯარიმას გადაურჩეს, ფედერცია – საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვას. ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ, წესად იქცა და საეჭვოა სადმე ანალოგი მოეძებნოს, საეჭვოა რომელიმე თუნდაც ჩვენზე ღატაკმა ქვეყანამ ეროვნული ნაკრები ღვთის ანაბარა დატოვოს.


ცხადია,ბიუჯეტი არ გახლავთ და არც შეიძლება იყოს სპორტის დაფინანსების ერთადერთი წყარო. ზემოთ ნახსენებ სპორტის კანონში მითითებულია სხვა წყაროებიც, მათ შორის სპორტული, კომერციული სარეკლამო თუ სხვა საქმიანობიდან მიღებული მოგება, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შემოწირულობანი. დასავლეთის მეტწილ ქვეყანაში, მოგეხსენებათ, სპორტის ძრავა ბიზნესის საწვავზე მუშაობს, მაგრამ ის რაც დასავლეთისთვის ჩვეულებრივი და ნორმალურია, საქართველოს პირობებს ნაკლებად ჰგუობს. არადა, და - ფინანსების ალტერნატიული წყაროების გარეშე, სპორტი სრულფასოვნად ვერ განვითარდება და ამას ირაკლი მეძმარიაშვილიც გვიდასტურებს.


(ირაკლი მეძმარიაშვილის ხმა) “ ის, რომ ჩვენი ფედერაციები მთლიანად სახელმწიფოს ხარჯზე არიან და ბიუჯეტის ამარა არიან დარჩენილი, ეს არ არის სწორი. უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ყველა სახეობამ მოძებნოს სპონსორი, ან გენერალური სპონსორი, ან რომელიმე ტურნირის სპონსორი. არ შეიძლება ასე, სულ ბიუჯეტის ანაბარა ვერ დავრჩებით, ძალიან რთულია.სპონსორსაც არა აქვს ისეთი საფუძველი, რომ მან თანხა ჩადოს. ჩადებს – აქედან რას მიიღებს? ის იბეგრება ჩადების დროსაც, იბეგრება რეკლამის დროსაც და ასე შემდეგ”.


სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნიათ ქველმოქმედების წახალისება, სპონსორთა ინსტიტუტის ამოქმედება და საამისო საკანონმდებლო ბაზის შექმნა. სხვათა შორის, ქველმოქმედების შესახებ კანონის საჭიროებაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით არაერთი შეხვედრა გაიმართა, კანონპროექტიც მზად არის, მაგრამ საქმე ამის იქით არ მიდის. არადა,პარლამენტართა შორის მრავლად არიან სპორტისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ის ხალხი, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამგვარი კანონის არსებობა. საქართველოს პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გოგელია იმედოვნებს, რომ წლეულს პარლამენტი კანონს უთუოდ განიხილავს და მიიღებს. მანამდე კი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია მისაღები და ცხარე დებატები ჯერ კიდევ წინ არის.
XS
SM
MD
LG