Accessibility links

logo-print

კორპორაცია AES საქართველოდან წასვლას კვლავ აპირებს


კორპორაცია AES-მა საქართველოდან წასვლის განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 2001 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა.

საქართველოს ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტის თხოვნის შედეგად, კორპორაციამ ჩვენს ქვეყანაში ჩადებული ინვესტიციები არ მიატოვა და საქმიანობა განაგრძო. ამის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას, ხვეწნა-მუდარასთან ერთად, მრავალ დათმობაზე წასვლა მოუხდა. ახლახანს AES-მა მორიგი შეღავათები მოითხოვა და აღნიშნა, რომ საქართველოდან წასვლა არ გადაუფიქრებია.

მიმდინარე ზამთრის პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ AES-მა ვერ შეძლო „თელასის“ პრივატიზებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. არადა, საქართველოს ხელისუფლებამ მას იმაზე მეტი სასათბურე პირობები შეუქმნა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრივილეგირებულ ინვესტორსა თუ ადგილობრივ მეწარმეს ჰქონდა. თუმცა, „AES თელასი“ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საკუთარ წარუმატებლობაში თბილისის მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებასა და, ბოლოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც კი სდებს ბრალს.

„AES თელასის“ მენეჯერის, იგნასიო ირიბარენის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ახდენს. ირიბარენს მისი კომპანიისათვის დაწესებული დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათიანი სისტემის გაუქმების პერსპექტივა არ მოსწონს.

გასული წლის დეკემბერში, პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით, „თელასი“ დამატებული ღირებულების გადასახადს მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებლის მიხედვით იხდიდა და არა წარმოებული პროდუქციის, ანუ შეძენილი ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მსგავსი შეღავათები არ უნდა არსებობდეს. თელასი კი აცხადებს, რომ დაბეგვრის რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში, ელექტროენერგიის საფასური მოიმატებს. კომპანიის ლობისტის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით: [მელაშვილის ხმა] „AES-ს აქვს ძალიან მარტივი პოზიცია, თუ საქართველოს პარლამენტი შეცვლის, საქართველოს ხელისუფლება შეცვლის დაბეგვრის სისტემას, უბრალოდ, ეს აისახება ტარიფში.“

ამ მარტივ პოზიციას საქართველოს მთავრობა ბევრჯერ დაეთანხმა, თუმცა, შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც თელასი გვპირდებოდა. თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუწესრიგებელ ელექტრომომარაგებას, მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დაუსრულებლობას და ბოლოს, გასული წლის მანძილზე 50 მილიონი დოლარის ზარალს, AES-ი თბილისის მოსახლეობას აბრალებს. იგნასიო ირიბარენის თქმით, მოსახლეობა ელექტროენერგიას იპარავს და საფასურსაც არ იხდის. კომპანიას 2000 წელსაც დაახლოებით ამავე მოცულობის ზარალი ჰქონდა. სწორედ ეს შეიძლება გახდეს AES-ის ჩვენი ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი იმ ზოგად განცხადებასთან ერთად, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების ხელსაყრელი გარემო არ არის.

აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, AES კორპორაციის ხელმძღვენელობა რამდენიმე შვილობილი კომპანიის საფინანსო საქმიანობაზე იმსჯელებს, მათ შორის „AES თელასიცაა“. თუ წარუმატებულ ბიზნესს დაბეგვრის სისტემის ცვლილებაც დაემატა, ყველაზე ოპტიმისტსაც კი გაუჭირდება AES-ის საქართველოში დარჩენის რეალობა დაიჯეროს. თან, საქართველოს ხელისუფლება „თელასის“ მიერ ულტიმატუმის ფორმით გაკეთებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აღარ აპირებს, რაც ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებიდანაც ჩანს. [ნოღაიდელის ხმა] „საქართველო გადაწყვეტს თვითონ საგადასახადო სისტემა როგორი უნდა იყოს საქართველოში. რაც შეიძლება ნაკლები შეღავათები უნდა არსებობდეს ქვეყანაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს.“

აქამდე თუ ჩვენი მთავრობა ისმენდა თელასის რჩევებსა და შენიშვნებს, ახლა როლები შეიცვალა და სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ იგნასიო ირიბარენს ურჩია, დამნაშავეების სხვაგან ძებნას საკუთარ კომპანიაში მოაწესრიგოს პრობლემები. ის, რომ „თელასი“ მომხმარებლებიდან ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას ვერ ახერხებს, ეს არც მთავრობისა და არც მოსახლეობის ბრალი არ არის. AES-ის“ თელასში შემოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის მოწესრიგება იყო. ანუ ელექტროენერგია იმას უნდა მიეწოდოს, ვინც მის საფასურს იხდის. თუმცა, ახლა არგადამხდელებთან ერთად, დენი გადამხდელებსაც არ მიეწოდებათ, რაც მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

უცხო არავისთვისაა, რომ „თელასის“ რაიონულ ბიზნესცენტრებში კორუფცია ისევეა გამეფებული, როგორც ეს ამ კომპანიაში AES-ის“ შესვლამდე მძვინვარებდა. AES-მა ვერც შეღავათიან ფასად შეძენილი გენერაციის ობიექტების ექსპლოატაცია შეძლო და თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ დენის ტარიფი რამდენჯერმე გაიზარდა, თბილისის ელექტრომომარაგებაში თითქმის არაფერი შეცვლილა.
XS
SM
MD
LG