Accessibility links

logo-print

ვადამდელი არჩევნების ჩატარების შანსი სულ უფრო მცირდება


დავით პაიჭაძე, თბილისი ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების იდეა, ასე მიმზიდველი რომ ჩანდა ორი-სამი თვის წინ, ძალას კარგავს.

საგულისხმოა, რომ ორშაბათს, 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ შევარდნაძეს შეკითხვა ვადამდელი არჩევნების შესახებ დაუსვა გერმანული რადიოს წარმომადგენელმა. ქართულ მედიაში, ჩანს, ეს საკითხი აქტუალური აღარ არის.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შევარდნაძე უაღრესად უარყოფითად ეკიდება ვადამდელი საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების იდეას. პრეზიდენტს არა თუ არ სურს მათი გამართვა, არამედ მიაჩნია, რომ ვადამდელ არჩევნებს, უბრალოდ, პერპექტივა არა აქვს. შევარდნაძის განცხადებით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადის დასრულება საქართველოში იმითაც არის გამართლებული, რომ ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა გაითვალისწინოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის დადებითი და უარყოფითი გამოცდილება. მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარდეს, შევარდნაძეს ეჭვი ეპარება, რომ ის, ვინც სამომავლოდ მართვის სადავეებს ჩაიბარებს, შეძლებს ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებათა მიღება-განხორციელებას.

პრეზიდენტის არგუმენტებს თავი რომ დავანებოთ, უნდა ითქვას, რომ შევარდნაძე მართალია: ამ გადასახედიდან ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა არ ჩანს. ჯერ ერთი, არ არსებობს კანონი, რომლის ძალით შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ბოლო სამი-ოთხი თვეა, პარლამენტი არ ამჟღავნებს არათუ მნიშვნელოვანი, არამედ ორდინალური კანონების მიღების უნარს. თუნდ ოდნავ მკვეთრი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შესვლა დღეს, როგორც არასდროს, მარცხისთვის არის განწირული. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად ერთადერთი ფრაქციაა, რომელიც ვადამდელი არჩევნების იდეით გამოდის და ისიც აღიარებს პარლამენტში ამ იდეის დამარცხებას. მართლაც, ვადამდელ არჩევნებს დეპუტატთა მხოლოდ 15% ემხრობა. ამიტომაც, პარლამენტში მარცხგანცდილი ინიციატივის ავტორები მოქალაქეთა შორის ეძიებენ მხარდაჭერას, რათა საკითხი განხილვამდე მაინც მიიტანონ. ოქტომბერ-ნოემბრის მღელვარებათა ჩაცხრომის შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტებისას ცხადი გახდა, რომ შევარდნაძე, უკიდურესი არაპოპულარობის მიუხედავად, მაინც რჩებოდა ქართული პოლიტიკის მთავარ სუბიექტად. პრეზიდენტი დღესაც ასეთია და ჯერჯერობით შესწევს ძალა, არ დაუშვას ქვეყანაში პირადად მისთვის არასასურველი ზოგიერთი პროცესის განვითარება. რა უნდა მოხდეს, რომ შევარდნაძემ ვადამდელი არჩევნები ისურვოს? გარკვეული დროით მოქალაქეთა უკმაყოფილების შენარჩუნება დღევანდელ ნიშნულზე, რაგინდ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, საიმედო პირობაა საიმისოდ, რომ მასები პოლიტიკური მოთხოვნებით ქუჩაში არ გამოვიდნენ. მასობრივი გამოსვლები კი მოსახლეობისთვის ერთადერთი ენაა შევარდნაძესთან საურთიერთოდ, საიმისოდ, რომ პრეზიდენტმა მათი გაიგოს და რამე მოიმოქმედოს. დღეს წარმოუდგენელია იმ მიზეზების წინასწარ განჭვრეტა, რაც საქართველოს ათასობით მოქალაქეს აიძულებს, ქუჩაში გამოვიდეს და პარლამენტის გარეკვა მოითხოვოს. გასულ შემოდგომაზე “რეფორმატორთა” დანაქადი, თითქოს ვადამდელი არჩევნების გასამართად 2002 წლის გვიან გაზაფხულზე უნდა მოვმზადებულიყავით, დანაქადად დარჩა. შევარდნაძის არგუმენტები ვადამდელი არჩევნების საწინააღმდეგოდ ერთდროულად ჩლუნგად და ცინიკურად გაისმის, მაგრამ პრეზიდენტს აქვს სხვა იარაღი საიმისოდ, რომ ახლო მომავალში მათი გამართვა არ დაუშვას.
XS
SM
MD
LG