Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა საქართველოს შესახებ


გიორგი კაკაბაძეს, თბილისი ახლა კი მიმოვიხილავთ წინა კვირის რუსეთის პრესის ზოგიერთ წერილს, სადაც განხილულია ისეთი საკითხები,

როგორიცაა კოდორის ხეობის პრობლემა და სომხეთის ერთგვარი შეშფოთება თურქეთისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამო.

24 იანვრის ინტერნეტგაზეთი "სტრანა" წერს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, რომელიც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას მიეძღვნა. კოფი ანანი ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოუწოდებს, რომ კონფლიქტის არსის გათვალისწინებით, დაიწყონ მოლაპარაკებები მისი მოგვარების თაობაზე.

გაზეთის ცნობით, კოფი ანანი მიიჩნევს, რომ ასეთ მოლაპარაკებებს საფუძვლად უნდა დაედოს კონფლიქტის ზონაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, დიტერ ბოდენისა და "გაეროს მეგობართა ჯგუფის" მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საბაზო პრინციპებს ეძღვნება და რომ მოლაპარაკებებს იმპულსი უნდა მისცეს კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გაყვანამ.

"სტრანას" თქმით, სიტუაცია განიმუხტებოდა, თუკი, ახლახანს მიღწეული შეთანხმებების თანახმად, კოდორის ხეობიდან გავიდოდნენ ქართული ქვედანაყოფები და, იმავდროულად, სოხუმიც გაიყვანდა თავის მძიმე ტექნიკას.
თუმცა, გაზეთი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან საქართველო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს სოხუმის სუვერენიტეტს, აფხაზეთს კი არ სურს, რომ ის საქართველოს ნაწილად ჩათვალონ.

25 იანვრის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" წერს, რომ1994 წელს ქართველებმა და აფხაზებმა მოსკოვში მოილაპარაკეს კოდორის ხეობის დემილიტარიზაციის შესახებ და რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ სვანებსა და სოხუმს შორის მოქმედებდა ჯენტლმენური შეთანხმება, რომელიც დაირღვა შარშან ოქტომბერში, როცა გელაეველთა ცნობილი რეიდის დროს ეს რეგიონი დაიბომბა. წერილში ნათქვამია, რომ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ხელმოწერილი პროტოკოლის თანახმად, უნდა დაიწყოს სამხედროების ეტაპობრივი გაყვანა კოდორის ხეობიდან.

გაზეთის თქმით, აფხაზებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ გადააადგილებენ სამხედრო ფორმირებებს ამ მიმართულებით - "ვრემია ნოვოსტეის" ინტერვიუში სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ მიქანბამ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა მშვიდობიან სვანებს. აქვე გაზეთი შენიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ურჩევს ქვეყნის ხელმძღვანელობას, შეინარჩუნოს კოდორის ხეობაში შეზღუდული სამხედრო კონტინგენტი - სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონიდან ქართული ქვედანაყოფების გაყვანის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იქ აფხაზი სამხედროები შევლენ.

წერილში ნათქვამია, რომ საქმეში ჩაერიენ პარლამენტის დეპუტატებიც. ისინი პლენარული სხდომების შეწყვეტით იმუქრებიან, თუ საქართველო კაპიტულანტურ პოზიციას დაიკავებს და კოდორის ხეობიდან ჯარს გაიყვანს.

"ვრემია ნოვოსტეის" ინფორმაციით, სოხუმის მთავრობის უშიშროების სამსახურის ხელმძღანელი ზურაბ აგუმავა ვარაუდობს, რომ საქართველო კოდორის ხეობაში სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებას იმ მიზნით აპირებს, რომ გაზაფხულზე ხელმეორედ გამოიყენოს რეგიონი, პლაცდარმის სახით, აფხაზეთის სიღრმეში შესაჭრელად.

24 იანვრის "ვრემია ნოვოსტეის" ცნობით, საქართველოს თანამშრომლობა თურქეთთან გარკვეულ შეშფოთებას იწვევს სომხეთში. საქმე ის არის, რომ ამ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები გულისხმობს ვაზიანის სამხედრო ბაზისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომის შემდგომ მოდერნიზაციას. წერილში აღნიშნულია, რომ მარნეულის აეროდრომი განლაგებულია სომხეთის საზღვრის მახლობლად, აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში. გაზეთის თქმით, დღეისათვის მარნეულში უკვე შეიძლება ავიაგამანადგურებლებისა და მძიმე ბომბდამშენების მიღება. თურქეთმა აეროდრომის მოდერნიზაციაზე მილიონი დოლარი დახარჯა და იქ თავისი თვითმფრინავების მომსახურების პრიორიტეტული უფლება მიიღო.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის, მიკაელ არუთუნიანის განცხადებით, თუ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ეს საფრთხეს შეუქმნის სომხეთს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა კი "ვრემია ნოვოსტეის" განუცხადა: "აბსურდულია ეჭვის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენოს მარნეულის სამხედრო აეროდრომი."
XS
SM
MD
LG