Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაუელი და ბუში დაკავებულთა სტატუსის შესახებ სხვადასხვა აზრისა არიან


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ეჭვის ქვეშ აყენებს ადმინისტრაციის დანარჩენი წევრების აზრს ავღანეთში დაკავებულები მებრძოლების კანონიერი სტატუსის შესახებ.

მთელი რიგი ევროპელი კანონმდებელები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები თვლიან, რომ ამ პატიმრებს უდგება ჟენევის კონვენცია.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კატეგორიულად უარყო პატიმრებისთვის ომის ტყვეთა სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

სახელწიფო მდივანი კოლინ პაუელი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციამ საგანგებოდ შეისწავლოს საკითხი, ეხება თუ არა დაკავებულებს ჟენევის კონვენცია, რაც უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა სასამრთლომ და არა გამარჯვებული მხარის სამხედრო ტრიბუნალმა.

ადმინისტრაციის დანარჩენი წევრები არ ეთანხმებიან პაუელის მოთხოვნას.ბუშის ადმინისტაცია დაკავებულებს მიიჩნევს “კანონგარეშე მებრძოლებად”, ვინაიდან მათი ტერორის მეთოდები არღვევს ომის კანონებს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. ასეთი განსაზღვრება აძლევს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას დაკავებულები ავღანეთის კამპანიის დამთავრების შემდეგაც ამყოფოს პატიმრობაში.

ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ თქვა, რომ დაკავებულები, ჟენევის კონვენციის მიხედვით, “კანონგარეშე მებრძოლები”, და არა ომის ტყვეები არიან. სხვები თვლიან, რომ ჟენევის კონვენცია ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია.

“ესენი არ არიან ომის ტყვეები ჩვეულებრივი გაგებით… ისინი კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს… არღვევენ ომის კანონებს… ისინი არ ატარებენ უნიფორმას. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე სახელმწიფოს არმიას”, თქვა ჩეინიმ ამერიკის ტელევიზიით გამოსვლისას.

შემდეგი საკითხია, მოითხოვს თუ არა ჟენევის კონვენცია ოფიციალურ პროცედურას მანამ, სანამ დაკავებულებს უარი ეთქმება ომის ტყვის სტატუსზე. ამ აზრისაა ბევრი ექსპერტი.

დაკავებულების – როგორც “თალიბანის” ისე “ალ ყაიდის” მებრძოლების – სამხედრო ტყვეებად გამოცხადება შეზღუდავს შეერთებული შტატების სამხედროების გამოძიებების ჩარჩოებს. როგორც ვიცე პრეზიდენტმა აღიარა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ჟენევის 1949 წლის კონვენციის თანახმად, ომის ტყვეს მოეთხოვება მხოლოდ თავისი სახელის, სამხედრო წოდებისა და სერიული ნომრის გამხელა. სამხედროები კი დაინტერესებული არიან იმ ინფორმაციით, რომელსაც ფლობენ პატიმრები, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ “თალიბანისა” და “ალ ყაიდის” მაღალი რანგის წევრები. ასეთი ინფორმაცია შეიძლება სასიცოხლოდ აუცილებელი აღმოჩნდეს მომავალი ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაშორებლად.

ჩეინიმ კიდევ ერთხელ გაამართლა ის საგანგებო პირობები, რომლებშიც იმყოფებიან პატიმრები, რომლებიც, მისი თქმით, მზად არიიან მასობრივი განადგურების აქტებისთვის. ”ისინი არიან უარესთა შორის უარესები… ისინი ძალიან სახიფათონი არიან; თუ შანსი მიეცემათ, მზად არიან გაანადგურონ მილიონობით ამერიკელი, უდანაშაულო ამერიკელები”, თქვა ჩეინიმ.

ჟენევის კონვენცია მოითხოვს, რომ სტატუსის თაობაზე, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში პატიმრის ამ პატიმარს მიეცეს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დროის იმ მონაკვეთში, რომელიც საჭიროა მისი სტატუსის გასარკვევად.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ჟენევის კონვენცია დაიწერა ჩვეულებრივი ომის რეალიებისთვის და არა ტერორიზმის წინააღმდეგ უპრეცედენტო გლობალური კამპანიის პირობებისთვის.
XS
SM
MD
LG