Accessibility links

logo-print

გაეროს წარმომადგენელი ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ


მსოფლიო მასმედიის გზით გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ბანაკები საჰაერო თავდასხმების შედეგად მიწასთან იქნა გასწორებული.

მაგრამ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები მტერს დამარცხებულად არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თალიბებიც და “ალ ყაიდაც” კვლავ საშიშროებას წარმოადგენენ.

გაეროს უშიშროების საბჭო ასევე ხედავს ამ საფრთხეს და თავის ხალხსაძლევს დავალებას, გააკონტროლონ და თვალყური მიადევნონ ამ ჯგუფების და მათთან დაკავშირებული ძალების საქმიანობას.
შარშან ზაფხულში გაეროს უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ავღანეთში ვითარექის შესწავლა. მას უნდა შეემოწმებინა, თუ საიდან იღებს ეს რეჟიმი დახმარებას და მხარდაჭერას და როგორ სრულდება გაეროს სანქციები ავღანეთის წინააღმდეგ. ჯგუფმა დაადგინა, რომ ტერორისტების ბანაკები, იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდა, მშვენივრად მოქმედებდა ამ სანქციების მიუხედავად. გაერომ 16 იანვარს შექმნა 5 კაციანი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელს, ბრიტანეთის არმიის ყოფილ ოფიცერს, მაიკლ ჩენდლერს, ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი. ჩენდლერმა მისი ჯგუფის ახლანდელი და ძველი ამოცანა მოკლედ განმარტა: [ჩენდლერის ხმა] “პრობლემა დიდია. მანდატი, რომელიც შარშან გვქონდა, შედარებით მარტივი იყო, დაკავებული ვიყავით ავღანეთის მეზობელი ქვეყნებით და კიდევ თალიბანის მიმართ კეთილგანწყობილი ერთი თუ ორი არეალით. ახლა იანვრის რეზოლუცია თალიბანის და “ალ ყაიდის” მხარდამჭერების მიკვლევას გვავალებს მთელ მსოფლიოში”.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფში ჩენდლერთან ერთად შედიან ამერიკელი, ფრანგი, იორდანიელი და ნეპალელი ექსპერტები. ჩენდლერის ჯგუფს, რომელიც კომისიად იწოდება, გაეროს უშიშროების საბჭომ მიზნად დაუსახა, მიაგნოს “ალ ყაიდის” და თალიბანის დამხმარეებს და მათ მომხრეებს. კომისიის ხელთ არის სია, რომელშიც 200 ძებნილი პირია. ამასთან ცნობილია 70-მდე იურიდიული პირი, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან ტერორიზმთან. ჩენდლერის თქმით, “ალ ყაიდა” და თალიბანი ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარებას იღებდა ყოველწლიურად. ავღანეთში, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცრის თანახმად, სხვა ქვეყნების მსგავსად, ერთი სამყარო აქვთ იარაღის ვაჭარს, ნარკოტიკების გამსაღებელს და ბანდიტს. მისი დაკვირვებით, თალიბანი და “ალ ყაიდა” ამ სტრუქტურებს თავის სასარგებლოდ იყენებდა. [ჩენდლერის ხმა] “ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული, ადამიანების არალეგალურად გადაყვანის თუ ირაღით ვაჭრობის შემსრულებლები, ერთი და იგივე ადამიანები არიან. სატვირთო მანქანის კარგი მძღოლი საქონლის სადმე მიტანის შემდეგ ცარიელი უკან არ დაბრუნდება, ასევეა აქაც, ნარკოტიკებს რომ ჩაიტანენ და ფულს აიღებენ, იმ ფულით იარაღის ყიდულობენ და ასე დაბრუნდებიან უკან”.
ჩენდლერი არ ამბობს, თუ როგორ იღებს მისი ჯგუფი ინფორომაციას. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა არაერთი კომპიუტერი და ბლოკნოტი ჩაიგდეს ხელში, სავარაუდოა, რომ ჩენდლერისთვის საჭირო ინფორმაცია იქაც იქნება. თვითონ გაეროს კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, წევრი ქვეყნები ყოველთვის არიან მზად მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუკი ამას ვთხოვთო.
გაეროს უშიშროების საბჭოს ამ კომისიის პირველი საანგარიშო მოხსენება 31 მარტს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG