Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და ერაყი შერიგების გზას დაადგნენ


ორი მეზობელი სახელმწიფო, ირანი და ერაყი, რომელებსაც 1980-88 წლებში ომი ჰქონდათ, ცდილობენ დაივიწყონ წარსული და შერიგდნენ.

ომი, რომელსაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოფიციალურად არც დასრულებულა. ცეცხლი თეირანსა და ბაღდადს შორის ამ 14 წლის წინ გაეროს შუამავლობით შეწყდა.
ირანს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი, რომელმაც მასპინძლებს უთხრა, დადგა დრო რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა, რომელთაც 1300 კილმეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ, მშვიდობიან და საქმიან თანამშრომლობაზე იფიქრონო. ორშაბათს, როცა საბრიმ დატოვა ირანი, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ ტელევიზიით გამოსვლისას გააფრთხილა - როგორც თვითონ უწოდა - უცხო სახელმწიოები, არ ხელყონ ერაყის ტერიტორიული მთლიანობა. ხათამის არ განუმარტავს, რომელ უცხოელ სახელმწიფოებს გულისხმობდა, მაგრამ ცხადი იყო, ის შეერთებული შტატების, ერაყის ძველი მტრის მუქარაზე ლაპარაკობდა. ერაყი, როგორ ცნობილია, ასევე მიიჩნევა ურჩ სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმს უჭერს მხარს.
ირანსა და ერაყს შორის ურთიერთობას ართულებდა ტყვეების საკითხი. ხსენებული ომის შემდეგ, ორივე მხარეს უამრავი ტყვე დარჩა, ასევე დიდია სია უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცებისა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის თქმით, თეირანს სურს დახუროს ეს ეგრეთწოდებული “ჰუმანიტარული საქმე”. და ეს ნათქვამი ყასიდი სიტყვა არ იყო, ირანმა საბრის ვიზიტის წინ 697 ერაყელი ჯარისკაცი გაათავისუფლა და ერაყში გაუშვა. ერაყის ოფიციალური განცხადებით, მან, თავის მხრივ, 50 ირანელი ტყვე გაუშვა. თეირანის რწმენით, ერაყს დაკავებული ჰყავს კიდევ 2806 ტყვე, მაგრამ ერაყი ამას უარყოფს. ორ ქვეყანას შორის სადაო და გადაუჭრელ პრობლემად რჩება ასევე ორმხრივი ბრალდება, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთის ოპოზიციურ ძალებს აძლევენ თავშესაფარს.
ირანის პრეზიდენტის აზრით, ამ ორ ქვეყანას შორის სამომავლო მშვიდობიანი ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის 1975 წელს დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

ირანის საინფორმაციო საგენტოს “ირნას” თანახმად, ორშაბათს საბრიმ გამოაცხადა, რომ პილიგრიმებისთვის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ჩანს, მართლაც არ არის გამოორიცხული, როგორც ირანის პრეზიდენტმა უწოდა, ერაყთან ურთიერთობის ახალი თავი გადაიშალოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG