Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავებული მოსაზრება ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ


ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ეს აქციები ხელისუფლების ინსპირირებულია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აქციის შედეგად სამშვიდობო ძალები სულ თუ არ გავლენ კონფლიქტის ზონიდან, მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგაზე მაინც გადაინაცვლებენ. საზოგადოებრივ ორგანიზაცია „დაბრუნებას" სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს.

როგორც ცნობილია, ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი, ქართულ აფხაზური კონფლიქტის ზონაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით დისლოცირებული, რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენ. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ის ეთანხმება ამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართ საზოგადოების მეორე ნაწილის პოზიციასაც ითვალისწინებს და სამშვიდობოთა მანდატის გაფართოებას უფრო რეალურად მიიჩნევს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაბრუნება" თვლის, რომ სამშვიდობოთა ღალიძგაზე გადანაცვლება განუხორციელებელი იდეაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. „დაბრუნების" ლიდერი მალხაზ პატარაია თვლის, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სამშვიდობოთა მანდატის შეცვლას არ დათანხმდება, რადგან, რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მდინარე ღალიძგაზე გადასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზონა მთლიანად დაფარავს ქართველებით დასახლებულ გალის რაიონს, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების ბეღელად და ფინანსურ წყაროდ ითვლება. ამასთანავე გალის რაიონში მდებარეობს ენგურჰესის სამართავი პულტი და მასზე კონტროლის დაკარგვით, სოხუმი უფასო ელექტროენერგიასაც დაკარგავს.

მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ხელისუფლების მიერაა ინსპირირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია სულ სხვა ადგილზე, სულ სხვა მოთხოვნებით გაიმართებოდა.

[პატარაიას ხმა] „არა ენგურის ხიდზე და არა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ არამედ სახელმწიფო კანცელარიასთან და შევარდნაძის წინააღმდეგ, უნდა იყოს მიმართული ეგ აქციები, მოთხოვნას უნდა ჰყავდეს სწორი ადრესატი. იმიტომ, რომ, პარლამენტმა თავისი ნება გამოხატა და სწორედ მასზეა დღეს დამოკიდებული ამ სამშვიდობო ძალების, ეგრეთწოდებულის, მანდატის გაგრძელება თუ არგაგრძელება."

„დაბრუნების" ლიდერები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატს აუცილებლად გაუგრძელებს. ენგურის ხიდთან მიმდინარე აქცია კი მოსკოვის წინაშე გადაწყვეტილების ფასის მოსამატებლად სჭირდებაო. მალხაზ პატარაია უფრო შორს მიდის და აფხაზეთის კონფლიქტისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი სხვა პრობლემების რადიკალურ გამოსავალსაც ასახელებს.

[პატარაიას ხმა] „შევარდნაძე საქართველოში ამ პოლიტიკას, რუსეთის სივრციდან საქართველოს გამოყვანის პოლიტიკას არ შეცვლის. უნდა შეიცვალოს თავად შევარდნაძე."

თავად „დაბრუნებას" ორგანიზაციის მცირე რესურსები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ფართე საშუალებებს არ აძლევს, ამიტომ აფხაზეთის დაბრუნების მისეული გეგმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვიწრო წრის მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG