Accessibility links

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ვერ მოიცალა


სოზარ სუბელიანი, თბილისი მეორე წელია, საქართველოს პარლამენტში განუხილველად დევს პროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში" ცვლილებების შეტანის შესახებ.

ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა გაიზარდოს და მან რეალურად შეძლოს თავისი დანიშნულების აღსრულება: დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი და აღკვეთოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, გადააჭარბონ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. კანონით მინიჭებული უფლებებით საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უწყება უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკაში იგი სრულიად არაეფექტურ ინსტანციად ჩამოყალიბდა. ამის უმთავრეს მიზეზად იქცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ის გადაწყვეტილებები, რომლითაც მოსამართლეებმა საკუთარი უფლებების შეზღუდვა და სასამართლოს მჭიდრო არტახებში მოქცევა დააკანონეს.

საქართველოს კანონმდებლობა კანონის ოფიციალურ განმმარტებელ ორგანოს არ ცნობს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ხშირად იქცევა ისეთ განმარტებად, რომელიც პრაქტიკაში ამ კანონის ერთადერთი შესაძლო წაკითხვის სახეს იღებს. ასე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაშიც: ყოფილმა მოსამართლემ, გია მეფარიშვილმა თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილებით მკვეთრად შეზღუდა იმ პირთა წრე, ვისაც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს. კერძოდ, 1996 წელს მან არ მიიღო ადვოკატ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი იმ მოტივით, რომ კანონი, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც ოქრუაშვილი დავობდა, უშუალოდ მას არ ეხებოდა. გაჩნდა პრეცედენტი, რომლის თანახმადაც სარჩელის შეტანა მხოლოდ დაზარალებულს შეეძლო, თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი განმარტების საფუძველს არც კანონი იძლევა და არც საერთაშორისო პრაქტიკა. ამ გადაწყვეტილებამ და მისგან გამომდინარე პრაქტიკამ საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად არაეფექტურ ინსტანციად აქცია და, როგორც ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გია გეწაძე ამბობს, თავისი უმთავრესი ფუნქცია დაუკარგა: [გია გეწაძის ხმა] "საკონსტიტუციო სასამართლოს დაკარგული აქვს თავისი მთავარი ფუნქცია - დაიცვას ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა გაიზარდოს, მისი ავტორიტეტი ამაღლდეს, მის გადაწყვეტილებებს ფასი ჰქონდეს, მაშინ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნორმატიული აქტით ირღვევა ადამიანის უფლება ზოგადად. ნორმატიული აქტი იმიტომ არის, რომ ის ზოგადი ხასიათისაა და ყველაზე ვრცელდება. ხოლო ყველაზე თუ ვრცელდება და, ამავე დროს, ადამიანის უფლებებს ეხება, ესე იგი, ყველას უფლებებს ეხება, ხომ?"

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აბსურდულობა ყველაზე კარგად კობა დავითაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გამოჩნდა. სარჩელი სიკვდილით დასჯის გაუქმებას ეხებოდა, რადგან სიკვდილით დასჯა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ მიიღო, ვინაიდან დავითაშვილი ჯერ არ იყო სიკვდილმისჯილი. დავითაშვილის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას. მაგალითად, გერმანიის მოქალაქემ, ვინმე კლასმა იჩივლა კანონის წინააღმდეგ, რომელიც ფარული მოსმენის უფლებას აწესებდა. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე არ იქნა მიჩნეული დაზარალებულად, რადგან მისი უშუალო მოსმენა არ განხორციელებულა. ევროსასამართლოს დადგენილება კატეგორიული იყო: [კობა დავითაშვილის ხმა] "კანონი, რომელიც ვრცელდება და პოტენციურად შეიძლება გავრცელდეს ყველა მოქალაქეზე, ის, თავისთავად, ზღუდავს ადამიანის უფლებას და, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი შეიძლება იქნას მიჩნეული მსხვერპლად".

ევროსასამართლოს პრაქტიკის ფონზე, კიდევ უფრო აბსურდული ჩანს ის მოტივი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დავითაშვილს უარი უთხრა. პარლამენტარი აცხადებს, რომ არათუ დღეს, როცა კანონის არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, არამედ: [კობა დავითაშვილის და თინიკო ხიდაშელის ხმა]
-
"კანონში პირდაპირ რომ ეწეროს - "მხოლოდ მისი უშუალო უფლება თუ შეიზღუდა"-ო, სასამართლომ მაინც უნდა განიხილოს ნებისმიერი მოქალაქის სარჩელი ნებისმიერ ნორმატიულ აქტზე იმიტომ, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი ეხება ნებისმიერ მოქალაქეს. როდესაც სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო საჩივარზე მითხრეს უარი, ეს იყო სრული აბსურდი, რადგან სიკვდილით დასჯა არის სანქცია. სანქციას აქვს პრევენციის დანიშნულება, ანუ ის არის გამაფრთხილებელი, რათა მომავალში აღარ ჩაიდინო დანაშაული. და აფრთხილებს ის ყველას, ბატონო, მათ შორის მეც მაფრთხილებს და მაფრთხილებს ანტიკონსტიტუციურად, ასეთი გაფრთხილების უფლება კი სახელმწიფოს არა აქვს. აუცილებლად კაცი უნდა მოვკლა კაცო, რომ…"
-
"კი, გიბიძგებენ. მერე უნდა დაგიჭირონ, გაწამონ და მერე გექნება პროცესის გასაჩივრების უფლება, მანამდე არა".

პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას "საქმეთა უწყვეტობის" პრინციპიც სერიოზულად აფერხებს: [ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური ფაქტორი გახლდათ უწყვეტობის პრინციპი, როდესაც ვერც ერთი მოსამართლე ვერ იწყებდა ვერაფრის განხილვას ან განხილვაში მონაწილეობას, სანამ არ დამთავრდებოდა უკვე განსახილველად მიღებული საქმე."

ხსენებული შეზღუდვის შედეგად სასამართლოში უამრავი განსახილველი საქმე დაგროვდა. სასამართლოს ორი წლის წინათ შესული სარჩელების განხილვა დაწყებულიც კი არა აქვს და მოსარჩელეებმა ჯერაც არ იციან, მიიღებს თუ არა სასამართლო მათ მიერ 2 წლის წინათ შეტანილ სარჩელებს: [ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ცხადია, ეს ქმნის ძალიან დიდ პრობლემას და, პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანს ელემენტარულად უკარგავს სურვილს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს."

განხილვის დაყოვნებას ისიც ემატება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელთა რიგითობას ძალიან სქემატურად უდგება. არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" - დირექტორს, ნანა კაკაბაძეს ამის დასტურად შემდეგი მაგალითი მოჰყავს: [ნანა კაკაბაძის ხმა] "ჩვენ შევიტანეთ სარჩელი 9-თვიანი ვადის დარღვევის გამო კვეზერელის საქმეზე და გვითხრეს: თქვენ 73-ე ხართ, ორი წელია საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს და ამ ხნის განმავლობაში 21 საქმეა განხილულიო. ესე იგი, ფაქტობრივად, ამ პატიმარს კიდევ 4 წელი მოუწევდა ლოდინი. ჩვენ 2 წელი ვუცადეთ და მერე ეს სარჩელი უკან გამოვიტანეთ".

უნდა ითქვას, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დანერგილი პრაქტიკა ამ სფეროშიც რადიკალურად განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან. ევროპის სასამართლოს იურიდიულ-ადმინისტრაციული აპარატის თანამშრომლის, თეა წულუკიანის თქმით, მისი სამუშაო დროის დიდი ნაწილი სწორედ იმის დადგენას მიაქვს, რომელი საქმეები საჭიროებს სასწრაფო განხილვას: [თეა წულუკიანის ხმა] "არის რაღაც პრიორიტეტები: როდესაც საქმე არის მეორე და მესამე მუხლით, ანუ წამების მუხლით; როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას, იქ ყველა საქმე იდება გვერდზე და პირველ რიგში კეთდება ეს საქმეები, რადგან, ის ვინც ჩივის იმაზე, რომ პენსია არ გადაუხადეს და პენსია უნდა ყოფილიყო ინდექსირებული, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული შემთხვევაა ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ის, რომ სადღაც მიწისქვეშა ციხეში ადამიანს აწამებენ, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სერიოზულია".

ევროსასამართლო მიღებული სარჩელების რაოდენობითაც მკვეთრად განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე გასული წლის მაისში ასე ახასიათებდა ევროსასამართლოში არსებულ ვითარებას: [მინდია უგრეხელიძის ხმა] "პრობლემა ის არის, რომ 17 ათასამდე საქმეა ახლა სასამართლოში, არის უზარმაზარი ბუმი და არ იციან რა უყონ ამ საქმეებს. სპეციალური კომისიები შეიქმნა, რომლებიც ცდილობენ, სასამართლოს განტვირთვის გზებს მიაგნონ. თქვენ დაიჯერებთ, რომ მე პირადად ამჟამად მაქვს 384 საქმე. მართალია, ზოგი მარტივია და ზოგი რთული, მაგრამ, რაც არ უნდა მარტივი იყოს, აბა წარმოიდგინეთ. სრულიად მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა, იმიტომ, რომ აიშვა ამ ხალხმა, როცა გაიგო, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდგომში, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კარგად არ იცის."

მიუხედავად ასეთი მაღალი დატვირთვისა, ევროპის სასამართლო, პირველ რიგში, სარჩელების ნაკადის შეზღუდვას კი არ ცდილობს, სასამართლოს ეფექტურობის გაზრდაზე მუშაობს. ქართველი კანონმდებლები და მოსამართლეები, პირიქით, ცდილობენ ზედმეტად არ გაიზარდოს მოსარჩელეთა წრე, რათა სასამართლო "გადატვირთვისგან" დაიცვან, თუმცა, ასეთ მიდგომას არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტართა ნაწილი არ ეთანხმება: [კობა დავითაშვილის ხმა] "თუ პოტენციურად არსებობს ანტიკონსტიტუციური საქმეები, პოტენციურად ამ საქმეების საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვედრის შესაძლებლობაც არსებობს. ასე რომ, კიდეც რომ დაგროვდეს ასეთი საქმეები, თუ ყველა ეს საქმე კონსტიტუციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, ყველა საქმე მაინც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, მაგისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. დადგინდება გარკვეული რიგითობა, გინდა დიდი რიგი იყოს, გინდა პატარა და მეცოდინება მე, რომ ჩემი საკითხი განიხილება ამა და ამ დროს. მაინცდამაინც უნდა დაველოდო, სანამ დავზარალდები, გავნადგურდები და მერე ზარალი უნდა ამინაზღაუროს ამ სახელმწიფომ? მაინცდამაინც სტრასბურგში უნდა წავიდე?"

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებების შეტანა გააძლიერებს ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ სურთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც ცვლილებების განხილვისგან თავს იკავებენ.
XS
SM
MD
LG