Accessibility links

თბილისში ბუნებრივი აირის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა


მუნიციპალური საწარმო "თბილგაზის" ინფორმაციით, დედაქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარება დღე-ღმეში 2 ათასი კუბური მეტრით შემცირდა. საგულისხმოა,

რომ ხსენებული ტენდენცია 17 იანვრის, ანუ იმ დღის შემდეგ დაფიქსირდა, რაც გაზით მოწამვლამ თბილისში კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეშინებული მოსახლეობა გაზის გამათბობლებს ღამით ანთებულს აღარ ტოვებს.

თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2001 წლის ნოემბრიდან დღემდე აღრიცხულია ბუნებრივი აირით მოწამვლის 110 შემთხვევა, რომელთაგანაც 25 სიკვდილით დასრულდა. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია და ოფიციალური სტატისტიკა ყველა მათგანს არ ასახავს. თბილისელები ძალიან შეშინდნენ და ამიტომ ჰაერის უკმარისობის, სისუსტისა და თავბრუსხვევის მსუბუქ ფორმებსაც კი მოწამვლის სიმპტომებთან აიგივებენ. დედაქალაქში ჩვეული გახდა პანიკანარევი ფრაზა - "რა გაზის სუნია!", რასაც, როგორც წესი, ფანჯრებისა და კარების ფართოდ გაღება მოჰყვება ხოლმე. ერთი სიტყვით, "ბუნებრივი აირის პანიკამ" ალალბედზე მიტოვებულ თბილისელებს ბევრი სხვა ყოფითი პრობლემა დაავიწყა და მათ უპირველეს ოცნებად "მშვიდობიანი გამოზამთრება" აქცია. ადამიანები, რომლებსაც ვესაუბრე, გულმოდგინედ ითვლიან დარჩენილ ცივ დღეებს და მარჩიელობენ, კიდევ რამდენ ხანს დასჭირდებათ საბედისწერო გაზის გამათბობლები.

პარალელურად, თბილისში მარჩიელობენ იმ საკითხზეც, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მაგრამ პასუხისმგებელი ჯერ არავინ ჩანს და, ალბათ, არც არავინ გამოჩნდება. "თბილგაზის" ინფორმაციით, ყველაფერი იმის ბრალია, რომ გაზის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს არასპეციალისტები (უსაფრთხოების წესების დაუცველად) ამონტაჟებენ. მუნიციპალური საწარმო მოსახლეობას თავისი, გამოცდილი სპეციალისტების მომსახურებას კვლავინდებურად სთავაზობს და არწმუნებს, რომ ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მოსახლეობისადმი არაერთგზის მიმართვამ, ეტყობა, სათანადოდ იმუშავა და იანვრის მეორე ნახევარში "თბილგაზში" ყოველდღიურად (სხვადასხვა მიზეზით), თურმე, 400-მდე აბონენტი რეკავს.

ერთი სიტყვით, მოსახლეობა სულ უფრო ხშირად მიმართავს გაზის გამანაწილებელი საწარმოს სპეციალისტთა დახმარებას, რაც, პარალელურად, ბაზრობებზე მომუშავე ოსტატების აღშფოთებას იწვევს. მათი თქმით, უბედურ შემთხვევათა ფაქტები ვიღაც-ვიღაცებმა მათი ბიზნესის ჩასაგდებად და თავიანთი მონოპოლიის შესაქმნელად მშვენივრად გამოიყენეს. ეგრეთ წოდებული ბაზრობის ხელოსნები დარწმუნებული არიან, რომ ისინი ცოდნასა და გამოცდილებაში არავის ჩამოუვარდებიან და რომ მათ დამონტაჟებულ ხელსაწყოებს წუნს ვერავინ დასდებს. მეორე პრობლემა, რომელიც ბაზრობების წინაშე წამოიჭრა, არის ის, რომ მოსახლეობა გაზის გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს ძველებურად აღარ ეტანება და მათზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ეს არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია და რომ თბილისელებს წესიერად არავინ განუმარტა, თუ რომელი ფირმის გამათბობლებს უნდა მოერიდონ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თბილისელები ამ საკითხში ვერ ერკვეოდნენ. დღეს უკვე ბავშვებმაც კი იციან, რომ ირანული და თურქული გაზის გამათბობლები სიცოცხლისთვის საშიშია. "საქსტანდარტის" ხელმძღვანელის, ბადრი შოშიტაიშვილის თქმით, სპეციალურმა რეიდმა დაადასტურა, რომ ირანული და თურქული გაზის გამათბობლები ბაზრობებზე სერტიფიკატისა და გასაგებ ენაზე თარგმნილი ანოტაციის გარეშე იყიდება: "ამ შემთხვევაში პასუხი ბაზრობის ხელმძღვანელს უნდა მოეთხოვოს, მაგრამ ჯარიმად დაწესებული თანხა იმდენად დაბალია, რომ ამით ვერავის დააშინებ". საინტერესოა, რომ (ქართული პრაქტიკის მიხედვით) პრობლემასთან ბრძოლას ისევ ბოლოდან ვიწყებთ და არ ვიძიებთ, თუ როგორ მოხვდა უსერტიფიკატო საქონელი თუნდაც ბაზრობაზე.

ასეა თუ ისე, რამდენიმე დღის წინათ, დედაქალაქის მერიის მითითების საფუძველზე, "თბილგაზის" თანამშრომლებმა კარდაკარ სიარული და უკონტროლოდ დამონტაჟებული გამათბობელ-გამაცხელებლების შემოწმება დაიწყეს. ხოლო ის, ვინც მათ კარს არ გაუღებს და შემოწმების ნებას არ დართავს, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. რაც შეეხება გაზის ოდორიზაციას, ანუ მისთვის სპეციფიკური სუნის შემცველი ნივთიერების შერევას (რომელსაც გაზის საერთაშორისო კორპორაცია ახორციელებს), "თბილგაზის" სპეციალისტები ამ პროცესის შემოწმებაშიც ჩაერთვებიან. აქვე ვიტყვი, რომ თბილისის ზოგიერთ უბანში გაზის სუნი როგორია, აღარც კი ახსოვთ.
XS
SM
MD
LG