Accessibility links

საქართველოში ჟურნალისტების ცემა გრძელდება


მარტვილის რაიონში გამომავალ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას, რომელიც აღნიშნული რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის - ფრიდონ ინჯიას საქმიანობას ეხება, დეპუტატის რწმუნებული გამოეხმაურა.

მან სტატიის ავტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტ იმედო გაბისონიასთვის, ეს, ფიზიკური ანგარიშსწორების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ადრე ის რაიონის გამგებლის საქმიანობაზე დაწერილი სტატიის გამო სცემეს. შეურაცხყოფილი ჟურნალისტი 29 იანვარს თავის თბილისელ კოლეგებს შეხვდა.

“ურჩხულის ხახიდან ამოყვანილი დეპუტატი” - ასე ჰქვია “ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მარტვილის რაიონული ორგანიზაციის გაზეთ “მოქალაქე და ხელისუფლების” იანვრის მეხუთე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მას შემდეგ დაიწერა, რაც მარტვილის რაიონის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩევლის მოთხოვნას კატეგორიული უარით უპასუხა.

მარტვილელებმა ფრიდონ ინჯიას სთხოვეს, ორი კვირით ეკისრა თავდებობა, რათა თვეობით ჩაბნელებულ რაიონს ელექტროენერგია მიწოდებოდა. “ერთი დღითაც კი არავის თავდებად არ დავდგებიო.” – იყო პასუხი. ჰოდა, იმედო გაბისონიაც შეეცადა გადმოეცა იმ გულუბრყვილო ადამიანების გულისტკივილი, რომლებმაც მისი სიტყვებით: “ფრიდონ ინჯია მესიად ირწმუნეს.”

როგორც ირკვევა, ფრიდონ ინჯიას ხალხს გაზეთ “მოქალაქე და ხელისუფლების” მეხუთე ნომრის მთლიანი ტირაჟის შესყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რათა იმედო გაბისონიას სტატია მათ გარდა არავის წაეკითხა. ეს გეგმა ჩაიშალა. 28 იანვარს კი გაბისონია დეპუტატის რწმუნებულმა “საქმის გასარჩევად” თავისი სიმამრის ოფისში დაიბარა. იქ რაც მოხდა, ამის შესახებ თავად ჟურნალისტის მონათხრობიდან შეიტყობთ:

[იმედო გაბისონიას ხმა] “ მეკითხება ეს ბიჭი: “ეს სტატია შენ დაწერე ?” ვუთხარი: “რასაც ჩემი სახელი, გვარი და ჩემი მისამართი აწერია, ჩემი დაწერილია მეთქი”.
ამ დროს ვიგრძენი თავში დარტყმა და გონება დავკარგე. იმ ბიჭს გასაღებების აცმა ეჭირა ხელში. როცა გონზე მოვედი, მივხვდი, რომ რაღაცას კიდევ აპირებდნენ და გავექეცი, არ ვიცოდი ვინ იყო. მერე პოლიციამ გაარკვია, რომ ის დეპუტატის რწმუნებული იყო.”

ფრიდონ ინჯიას რწმუნებულის, დავით ბარამიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ადრინდელ ანალოგიურ შემთხვევასთან დაკავშირებით (იმედო გაბისონიას ფიზიკური შეურაცხყოფა რაიონის გამგებელზე დაწერილი სტატიისთვისაც მიაყენეს) არავის დასჯილა, შესაძლოა არც ბარამია დაისაჯოს.

იმედო გაბისონიას არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ მასზე ანაგიშსწორება ფრიდონ ინჯიასთან იყო შეთანხმებული. თუმცა, აღნიშნავს, რომ ბარამია და მისი თანამზრახველები პოლიციაში ინჯიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოცხადდნენ.
როგორც გაზეთ “მოქალაქე და ხელისუფლების” რედაქტორი ალექსანდრე კორტხანჯია ირწმუნება, აღნიშნული გაზეთის მიმართ პრეტენზია, წარსულში, პირადად ფრიდონ ინჯიასაც გამოუთქვამს. მაშინდელი უკმაყოფილების მიზეზი დეპუტატის იმ გამოსვლის გამოქვეყნება ყოფილა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტია შექებული. მარტვილელებს საკუთარი რჩეულის მიერ პრეზიდენტის შექება არ მოეწონათ და არც ინჯია დარჩენილა კმაყოფილი “მოქალაქე და ხელისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ცხადია, მას არც იმედო გაბისონიას სტატია მოჰგვრიდა სიამოვნებას, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მარტვლის რაიონში მომხდარი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა საქართველოს რეგიონებში საკმაოდ სარისკოა.
XS
SM
MD
LG