Accessibility links

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვიზიტი საქართველოში სიტუაციის გართულებას დაემთხვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 იანვარს თბილისში ჩამოსულმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ საქართველოში დაწყებული ვიზიტის მიზნად რუსეთ-საქართველოს მოქმედებების კოორდინაცია დაასახელა ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრებისას განსახილველ საკითხთა სხვა ჩამონათვალის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტის კანცელარია – კერძოდ, შეხვედრებისას საუბრის თემა იქნება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ყოფნის პერსპექტივა და ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საკითხი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს ჩამოსვლა საქართველოში სიტუაციის მკვეთრად დაძაბვას დაემთხვა. ენგურის ხიდზე მიმდინარე აფხაზეთიდან დევნილთა აქციას სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული დევნილებიც, რომლებიც უახლოეს დღეებში ზუგდიდისკენ დაძვრას და მასობრივ საპროტესტო აქციაში მონაწილებას გეგმავენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები კატეგორიულად მოითხოვენ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების უპირობო გაყვანას და გაეროს მისიის წარმომადგენლებსაც უნდობლობას უცხადებენ. უნდობლობით არიან დევნილები განწყობილნი საქართველოს პრეზიდენტის მიმართაც, რომელიც აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობოების დარჩენის პირობად ცისფერჩაფხუტიანების მდინარე ღალიძგაზე გადაადგილებას აყენებს.

საპროტესტო აქცია ძალას იკრებს პანკისის ხეობაშიც. გაფიცულია ყველა სახელმწიფო დაწესებულება საავადმყოფოების გარდა. პანკისის მოსახლეობა ხეობაში წესრიგის დამყარების გარდა, ხეობიდან ჩეჩენი დევნილების გაყვანასაც მოითხოვს. სხვათაშორის, აქამდე პანკისელები მაქსიმალურ კორექტულობას იჩენდნენ დროებითი სტუმრების მიმართ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი კატეგორიულად ითხოვენ დევნილების სამშობლოში დაბრუნებას. მოვლენების ამგვარად განვითარება, უთუოდ, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნმებას.

საინტერესოა კიდევ ერთი დამთხვევა –რუშაილოს თბილისში ჩამოსვლის დღეს საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ახმედ ზაკაევის განცხადება, რომ ასლან მასახდოვის გარემოცვა არ გამორიცხავს ედუარდ შევარდნაძის შეუმავლობას ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით.
ეს ამ სახის პირველი ინიციტივა არ გახლავთ. საინტერესოა მხოლოდ დროში თანხვედრა – მაშინ, როცა დასავლეთის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ევროსაბჭოს სხდომაზე გაცხადდა, წარმოუდგენელია, ამას რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება არ გამოეწვია. ასეთ ფონზე, ჩეჩნეთის ხელისუფლების ინიციატივა, სამშვიდობო პროცესში საქართველოს პრეზიდენტის შუამავლობის შესაძლებლობის შესახებ, თავიდანვე განწირულად გამოიყურება და მხოლოდ მოსკოვის ამჯერად ოფიციალური თბილისის მიმართ გაღიზიანებას თუ ემსახურება.
XS
SM
MD
LG