Accessibility links

logo-print

ქართველ სპორტსმენთა სამზადისი ზამთრის მე-19 ოლიმპიური თამაშებისათვის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორც ცნობილია, ზამთრის მე-19 ოლიმპიურ თამაშებს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი სოლტ-ლეიკ-სიტი უმასპინძლებს 8-დან 24 თებერვლამდე.


"თეთრ ოლიმპიადაში" მონაწილეობის უფლება ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, ოლიმპიური თამშებისათვის მზადების შესახებ გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

სოლტ-ლეიკ-სიტიში ქართველი სპორტსმენები სამ სახეობაში იასპარეზებენ. თამაშებში მონაწილეობის უფლება მათ მოიპოვეს სხვადასხვა შეჯიბრებაში დაკავებული ადგილების მიხედვით.

90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში იასპარეზებს ბაკურიანელი კახა წაქაძე, რომელიც მესამედ მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ 8 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, იგი გამოვა 120- მეტრიანი ტრამპლინიდან მხტომელთა საკვალიფიკაციო შეჯიბრში.

ფიგურული ციგურაობის ერთეულთა თანრიგში დებიუტი ექნება თბილისელ მოციგურავეს, ვახტანგ მურვანიძეს. უკვე რამდენიმე წელია, მას ავარჯიშებს ცნობილი მოსკოველი მწვრთნელი, ელენა ჩაიკოვსკაია. შარშან, ნოემბერში ვახტანგ მურვანიძემ მესამე ადგილი დაიკავა ზაგრებში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში და მოხვდა მსოფლიოს 30 საუკეთესო მოციგურავეს შორის.

სამთო-სათხილამურო სპორტი წარმოდგენილი იქნება ორი სპორტსმენით. მათგან ერთი - სოფიო ახმეტელი მეორედ იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებში.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი აღნიშნავს:[ზენაიშვილის ხმა] "რთულ სიტუაციაში უხდება ასპარეზობა სოფიკოს, რამეთუ მან შარშან გადაიტანა ძალიან რთული ტრავმა, მოტეხილობა ფეხისა და, ფაქტობრივად, მთელი წელი გაუცდა, მაგრამ მაინც მისმა ნიჭიერებამ, როგორც იტყვიან, გზა გაიკვლია და ის მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, ალბათ, სპორტის ერთ სახეობაში - სლალომში." თუმცა, შესაძლოა, რომ ბოლო დღეებში სოფიო ახმეტელმა დააგროვოს აუცილებელი ქულები გიგანტურ სლალოში მონაწილეობისთვისაც.

ოლიმპიურ თამაშებზე, სლალომის სახეობაში, პირველად გამოვა თბილისელი რობერტ მახარაშვილი.

იმის გამო, რომ დღეისათვის საქართველოში ზამთრის სახეობებში სავარჯიშოდ არავითარი პირობები არ არის შექმნილი - ოთხივე ქართველი სპორტსმენი თამაშებისათვის მოსამზადებელ წვრთნას საზღვარგარეთ გადის. ჩემი თანამოსაუბრის თქმით,[ზენაიშვილი ხმა] "ფაქტობრივად, სულ მოსკოვში არის მურვანიძე. ჩვენი სამთომოთხილამურეები, როგორც წესი, წელიწადში ათი-თერთმეტი თვე ავსტრიასა და იტალიაში არიან ხოლმე დაბინევებული. ბატონი გოგი თოფაძის ძალისხმევით, იქ ჩვენ გვაქვს სასტუმრო სახლი - ჩვენს ფედერაციას - და ისინი ცხოვრობენ ინსბრუკთან ახლოს. კახა წაქაძეს მეუღლე ჰყავს ამერიკელი, იგი ხან ამერიკაში ვარჯიშობს, ხან ევროპაში ვარჯიშობს, იმისდა მიხედვით, იმ პერიოდში სად არის მისთვის უფრო ხელსაყრელი ვარჯიში."

ემზარ ზენაიშვილი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს სათანადო თანხების გამოყოფას ვერც ზაფხულის და ვერც ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის. მაგალითად, სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშებისათვის სახელმწიფომ მხოლოდ 15 იანვარს გამოჰყო 110 ათასი ლარი, რაც, რესპონდენტის თქმით, არ არის საკმარისი ამერიკაში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების ასანაზღაურებლად.

ემზარ ზენაიშვილი ამბობს, რომ ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებაში დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, გოგი თოფაძეს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ირაკლი ჯაფარიძეს - იგი საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იქნება ოლიმპიურ სოფელში - და თავად ოლიმპიური თამაშების მონაწილეს კახა წაქაძეს. გარდა ამისა, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენების, პეტრე ცანავას და თემურ გუგუბერიძის ფინანსური დახმარებით, მოგვარდა საქართველოს სპორტსმენების ტანსაცმლითა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების სააღლუმო აღკაზმულობით ეკიპირება.
XS
SM
MD
LG