Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი” კავკასიაში რუსეთის მიზნებზე


ახლა გვინდა გაგაცნოთ ინგლისურენოვან ანალიტიკურ გამოცემა “ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტში” გამოქვეყნებული სტატია, რომელიც კავკასიაში რუსეთის მიზნებს ეხება.

წერილს ასევე ჰქვია: “რუსეთის მიზნები კავკასიაში”. მისი ავტორის თქმით, რუსეთი განაგრძობს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ორმაგი თამაშის თამაშს. ერთი მხრივ, “ტერორისტებად” რაცხავს ჩეჩენ სეპარატისტებს და დასავლეთს დახმარებას სთხოვს ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეორე მხრივ კი ეხმარება აგრესიულ სეპარატისტებს მოლდავეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

“შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია – განაგრძობს ავტორი – რუსეთს უფლებას აძლევს თავისი წინააღმდეგობრივი მიზნები განახორციელოს: იმ მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომელიც დასავლეთმა ავღანეთის წინააღმდეგ ცენტრალური აზიიდან წარმოებულ ოპერაციაში რუსეთისგან მიიღო. მაგრამ პუტინის დახმარება დასავლეთს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.”

“ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი” აღნიშნავს, რომ საქართველო თავს დასავლეთისგან მიტოვებულად გრძნობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა რუსეთ-ამერიკის ალიანსი ჩამოაყალიბა. თუმცა, ავტორისავე თქმით, დასავლეთმა რუსეთი არც მაშინ დაგმო, როცა მან სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღწეული შეთანხმებები დაარღვია და საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გატანა გააჭიანურა.

ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ პუტინთან დასავლეთის დამოყვრებამ ჩააჩუმა კრიტიკა, რომელიც უწინ ხშირად გამოითქმებოდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. ამ მიზნით მოსკოვი ხშირად იყენებდა და იყენებს ჩეჩენი მეამბოხეების ნამდვილსა თუ გამოგონილ კავშირებს “ალ ყაიდასთან” და ოსამა ბინ ლადენთან, რითაც დასავლეთის თვალში სეპარატისტებს სახელს უტეხავს. და მართლაც, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები თვალს ხუჭავენ რუსეთის იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოზე კონტროლის დაბრუნებას ისახავს მიზნად.

სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა სწორედ ეს გახლავთ: გავლენის საკუთარ სფეროში დააბრუნოს საქართველო. “მოსკოვში ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ჩეჩნეთის ომის მოსაგებად აუცილებელია რუსეთმა ჯერ თბილისში აღიდგინოს უწინდელი გავლენაო” – აღნიშნავს “ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი”.

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი ამ მიმართულებით დიდ წარმატებებს აღწევს და, თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ სამიზნედ, სავარაუდოა, აზერბაიჯანი აირჩიოს.
XS
SM
MD
LG