Accessibility links

logo-print

ფედერალური ჯარის მორიგი ფიასკო ჩეჩნეთში


ანდრო ეული, პრაღა ჩეჩნეთში გრძელდება გამოძიება შვეულმფრენის კატასტროფისა, რომლის შედეგად კვირას, 14 ადამიანი, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი გენერალი დაიღუპა.

ჯერჯერობით გაურკვეველია ამ კატასტროფის მიზეზი, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რაოდენ ძვირი უჯდება მოსკოვს ჩეჩნეთში განხორციელებული აგრესია.

ნიკოლაი ბრიტვინმა, რომელიც ჩეჩნეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილეა, ორშაბათს განაცხადა, რომ ავარიის ადგილის საგულდაგულო შემოწმების შემდეგ არ დადასტურდა ვერსია იმის თაობაზე ,რომ თითქოს შვეულმფრენი მიწიდან, რაკეტით იქნა ჩამოგდებული. გასულ სექტემბერს, ორი რუსი გენერალი და კიდევ რამდენიმე მაღალი ჩინის ოფიცერი დაიღუპა, როცა მათი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს გროზნოს მახლობლად.

მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტებმა შეერთებულ შტატებში, როცა ვაშინგტონი კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის ჩაბმას ანტი-ტერორისტულ ომში, და ჩეჩნეთის პრობლემამ
თითქოსდა დაკარგა აქტუალობა, ეს საკითხი, ამჯერად, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა ისევ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცალურმა წარმომადგენლებმა გასულ კვირაში მოლაპარაკება გამართეს ვაშინგტონში ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ილიას
ახმადოვთან, რასაც მძაფრი კრიტიკა მოჰყვა მოსკოვის მხრიდან.

ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ
ამ დღეებში მოუწოდა მოსკოვს– დაუშვას ჩეჩნეთში ამ ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა.1999 წელს, ევროპის საბჭომ, ჩეჩნეთში განხორციელებული ბარბაროსობის გამო ხმის უფლება ჩამოართვა ამ ორგანიზაციაში დროებით რუსეთს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ფედერალური ჯარი ამ ბოლო დროს, კიდევ უფრო მეტ სისასტიკეს სცადის ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

სანობარ შერმატოვამ, რომელიც შვიდი წელია უკვე ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს ყოველკვირეული გაზეთის ”მოსკოუ ნიუსის” ფურცლებზე, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერალური ჯარი თავისი მოქმედებით გამორიცხავს საერთოდ, ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას:
[სანობარ შერმატოვას ხმა] ”ჯარი, რომელიც წმენდებს ატარებს ჩეჩნეთში, ძალზედ უხეიროდ აკეთებს ამას. სამხედროებმა ვერაფერი დააკლეს წამყვან საველე მეთაურებს, სამაგიეროდ თავიანთი მოქმედებით მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებენ და ხალხი აღშფოთებულია. ასეთი ჯარი ნაწილობრივ ყაზარმებში უნდა იქნეს გამოკეტილი, ხოლო ნაწილობრივ – გაყვანილი საერთოდ, რესპუბლიკის ტერიტორიიდან. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამის თაობაზე 2001 წლის გაზაფხულზე იქნა მიღებული, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა”.

ამის ერთი მიზეზი, შერმატოვას თქმით ისაა, რომ სამხედრო სარდლობას ხელს აძლევს ჩეჩნეთში საომარ მოქმედებათა გაგრძელება: ნავთობის უკანონო გაყიდვით, აგრეთვე იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით ჯიბეებს ისქელებენ ჩეჩნეთში რუსი სამხედროები.

ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, საგულისხმოა ჰოლანდიელი პოლიტოლოგის, სტივენ დე შპიგელიერის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ კრემლმა დღემდე ვერ შეიმუშავა ჩეჩნეთის კონფლიქტის არაძალისმიერი, მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგია, რის გამოც
სისხლისღვრას კავკასიის ამ რესპუბლიკაში არ უჩანს ბოლო.
XS
SM
MD
LG