Accessibility links

მოლდავეთი აპირებს სკოლების პროგრამებში სექსუალური განათლების შეტანას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მოლდავეთის ჯანდაცვისა და განათლების უწყებების ოფიციალური პირები გამოვიდნენ საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების პროგრამის შეტანის ინიციატივით.

მისი მიზანია ტინეიჯერებს შორის აბორტების რიცხვის ზრდისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების შეჩერება.

პროექტის ინიციატორია “მოლდავეთის ოჯახის დაგეგმვის ასოციაცია”, რომელიც ეკუთვნის “დაგეგმილი მშობლობის საერთაშორისო ფედერაციას”. ამ მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებულია ოჯახის დაგემვის ასოციაციები 180-ზე მეტი ქვეყნიდან.

პროექტის განხორციელებაში მოლდავეთის განათლების სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა ჯერ დედაქალაქ კიშინიოვის სკოლებში იქნება შემოღებული.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში მოლდავეთის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა ბლაჟამ ასე განმარტა პროექტის დეტალები.
[ბლაჟას ხმა] “ეს კურსი კიშინიოვის 30 სკოლაში სულ მალე დაიწყება. ეს იქნება ოფიციალური კამპანია და სწავლების ოფიცალური კურსი.”

მოლდავეთი ევროპის უღარიბესი ქვეყანაა. საშუალო თვიური ხელფასი 30 დოლარია, განათლების სისტემა მოშლილი. ქვეყნის 4,5 მილიონი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღრმა პროვინციაში ცხოვრობს და ვერც თანამედროვე სამედიცინო ინფორმაციით და ვერც წესიერი სამედიცინო დახმარებით სარგებლობს.

სოციალური და ეკონომიკური არეულობის ფონზე მკვეთრად იზრდება ტინეიჯერების ორსულობისა და აბორტების რიცხვი, ისევე როგორც იმ დაავადებათა შემთხვევები, რომლებიც სქესობრივი კავშირით ვრცელდება.

ბლაჟა ამბობს, რომ ვინაიდან აბორტები დაშვებულია და თანაც იაფი, აბორტები 15-19 წლის გოგონებს შორის შემაშფოთებლად მაღალია. მაგალითად, 2000 წელს ყოველ 100 ორსულობაზე დაახლოვებით 60 პროცენტი.მოდიოდა.

ქალბატონ ბლაჟას თქმით, ტინეიჯერების ორსულობისა და აბორტების მომრავლების მიზეზი ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და აგრეთვე, საბჭოთა დროიდან მოყოლებული მენტალიტეტია. სექსუალური აღზრდა საბჭოთა პერიოდში ტაბუდადებული იყო, ახალგაზრდებს ადრე დაქორწინებისკენ და ოჯახის შექმნისკენ აქეზებდნენ. ხოლო თანამედროვე კონტრაცეპტივებს დასავლეთის გახრწნის ნიშნად აცხადებდნენ.

[ბლაჟას ხმა] “მაშინ ამას იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. კონტრაცეპტივები მოდის დასავლეთის ქვეყნებიდან, ე.ი. ჩვენ არ გვარგებს. ამიტომ იყო, რომ კომუნიზმის დროს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, აბორტი ასრულებდა კონტრაცეპტივების როლს.”

ეკონომიკური სიძნელეები და სწორი სექსუალური განათლების უქონლობა აგრეთვე უწყობს ხელს სქესობრივი კავშირით გადამდები ავადმყოფობებს მოლდავეთში და სწორედ ახალგაზრდები არიან ყველაზე სარისკო ჯგუფში. 1992-99 წლებში სიფილისით დაავადებულთა რიცხვი ყოველ 100 ათას კაცზე 46დან 116 მდე გაიზარდა. ბლაჟას თქმით, სექსუალური გზით გადამდები ავადმყოფობებებით დაავადებულთა შორის 20 წელზე უმცროსების რიცხვი 70 პროცენტს შეადგენს.

მოლდავეთში შიდსის 1200 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან ნახევარზე მეტი 15 და 29 წელს შორის ასაკის ახალგაზრდებზე მოდის. ბლაჟას ვარაუდით, შიდსით დაავადებულთა რიცხვი მოლდავეთში აშკარად უფრო მაღალი უნდა იყოს, ვინაიდან აღრიცხვა არააკურატულად ტარდება.

ახალი დისციპლინის შესასწავლად “მოლდავეთის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციამ” გამოუშვა სახელმძღვანელო. მასში არის თავები, რომლებიც ეხება სექსუალურ კავშირებს, პარტნიორების პასუხისმგებლობას და აგრეთვე გაშუქებულია გენდერული საკითხები. სახელმძღვანელო იხილავს ადამიანის ანატომიას და ფიზიოლოგიას, სექსუალური გზით გადამდებ სნეულებებს და ორსულობისგან თავის დაცვის თანამედროვე მეთოდებს.

ბლაჟას თქმით, მასწავლებლები გაივლიან საგანგებო მომზადებას, მაგრამ მოსწავლეთა დასწრება არ იქნება სავალდებულო.

“მშობლობის საერთაშორისო ფედერაცია”, მსოფლიო ორგანიზაცია ორგანიზაცია, რომელშიც მოლდავეთის ასოციაციაც შედის ტინეიჯერებისთვის უკვე რამდენიმე წელია ატარებს სქესობრივი განათლების პროგრამებს რეგიონის კიდევ ორ უღარიბეს ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში – რუმინეთსა და ბულგარეთში,

რუმინეთში, მოლდავეთის მეზობელ ქვეყანაში, ხუთწლიანი პროგრამა სახელად “ხედვა 2000” 1998 წელს დაიწყო თითქმის 40 სკოლაში ქვეყნის სამ რეგიონში. მას ერთობლივად აფინანსებენ “მშობლობის საერთაშორისო ფედერაცია” და “რუმინეთის კონტრაცეპტივების და სექსუალური განათლების
საზოგადოება”

“ხედვა 2000”-ის კოორდინატორი გაბრიელა სკლრეა ამბობს, რომ პროგრამის შემოღებამდე სამ რეგიონში მოეწყო ტინეიჯერებს შორის გამოკითხვა იმის შესაფასებლად, თუ რა იციან მათ კონტრაცეპტივებისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ.

სკლრეა იმედოვნებს, რომ 2003 წლის ივნისისთვის, დაახლოებით 8 ათასი ტინეიჯერი შეისწავლის ამ დისციპლინას.

[სკლრეას ხმა] “ჩვენი მიზანია, ხმა მივაწვდინოთ 8 ათასამდე ტინეიჯერს, რომლებსაც შეექმნებათ წარმოდგენა სქესობრივი განათლების, ჩვევებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ.”

მისი თქმით, ექსპერიმენტი წარმატებულია და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუმინეთის განათლების სამინისტროსთან ამ საგნის რაც შეიძლება მეტი სკოლის პროგრამებში შეტანის შესახებ.

“მშობლობის საერთაშორისო ფედერაცია” მსგავს პროგრამას ატარებს ბულგარეთში, ამ ქვეყნის “ოჯახის დაგეგმვისა და სექსუალური ჯანმრთელობის ასოციაციასთან” ერთად. პროგრამა რვა წლის წინ დაიწყო სოფიაში და თანდათანობით ბულგარეთის სხვა დიდ ქალაქებზეც ვრცელდება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რადოსვეტა სტამენკოვა ამბობს, რომ დისციპლინა ამჟამად 19 ქალაქის თითქმის 100 სკოლის უფროს კლასებში შეისწავლება.

სტამენკოვას თქმით, პროგრამამ ახალ საფეხურს მიაღწია და ახლა მარგინალურ და საგანგებო ჯგუფებისთვისაც - -მაგალითად, უსინათლოებისა და ყრუებისთვის იქნება განკუთვნილი.
[სტამენკოვას ხმა] “კიდევ ერთი ჯგუფი, გარდა უსინათლო და ყრუ ახალგაზრდებისა, არიან კრიმინალური ახალგაზრდები, როლმლებიც პენიტენციურ ინსტიტუციებში იმყოფებიან. აგრეთვე უმცირესობათა, ჯგუფები, მაგალითად, ბოშები.”

სტამენკოვას თქმით, შედეგად ბულგარეთის ახალგაზრდობა ახლა უკეთესად არის ინფორმირებული ორსულობის პრევინტირებისა და ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ. 2000 წელს დაბადებულთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა აბორტების რიცხვს.

სტამენკოვა ამბობს, რომ ბულაგრეთის ასოციაცია და საერთაშორისო ფედერაცია ამ გაზაფხულზე ერთობლივად აპირებენ რეგიონული პროექტის დაწყებას ბულგარეთის გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტის ყურადღების ცენტრში იქნება მშობიარობის სიჯანსაღე და სექსუალური განთალება მოლდავეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის ბოშებს შორის და განხორციელდება ამ სამი ქვეყნის ოჯახის დაგეგმვის ასოციაციების დამხარებით.
XS
SM
MD
LG