Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკირები თავიანთი ბიზნესის პრობლემებზე მსჯელობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რამდენიმე დღის წინათ საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლები საფინანსო სფეროში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

ბანკირთა ტრადიციულ შეხვედრას ამჯერად გადამხდელთა კავშირმა უმასპინძლა.

ეკონომიკის ექს-მინისტრის და გაერთიანებული ქართული ბანკის მსხვილი აქციონერის ვანო ჩხარტიშვილის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა წარმატებით ვითარდება, მაგრამ ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია მოითხოვს საბანკო რისკების გადაზღვევის ახალი საშუალებების შექმნას. ამისათვის ჩხარტიშვილი საჭიროდ თვლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბანკების საწესდებო კაპიტალის 25-30%-ის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებას.

არასტაბილური ეკონომიკური გარემოს პირობებში ამგვარი სიახლე, შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, თუმცა ბანკების საწესდებო კაპიტალის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირება იმთავითვე პოზიციებს შეურყევს ეროვნული ფულის ნიშანს და არც ერთი ნორმალური, საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყანა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ამასთან, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა თავად კომერციული ბანკების საქმიანობისთვისაც კატასტროფის მომასწავებელია, შესაბამისად, საბანკო ექსპერტები თვლიან, რომ ამ წინადადების მიღებით ფინანსისტებმა, შესაძლოა, ის ტოტი გადაჭრან, რომელზეც თავად სხედან.

ბანკირები გამოეხმაურნენ ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებებს, რომლებიც ეკონომიკის ”ინფლაციური სტიმულირების” მეთოდის გამოყენებისაკენ მოუწოდებენ საფინანსო სექტორს. ამასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, რომლის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის აზრით, ეროვნული ბანკის უმთავრეს მიზანს სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკის და, კერძოდ, ექსპორტის ინფლაციური მეთოდებით სტიმულირება ამ ეტაპზე გაუმართლებელია. მანაგაძემ შეახსენა ბანკირებს, რომ საქართველოს უკვე აქვს იაფი კრედიტებით ეკონომიკის გამოცოცხლების მცდელობის მწარე გამოცდილება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დასვა რამდენიმე შეკითხვა: ხელი რომ მივყოთ ექსპორტის ინფლაციური მეთოდებით წახალისებას? რა ბედი ეწევა კომერციულ ბანკებს? რა მოუვა საგარეო ვალს? რა მოუვა ბიუჯეტს? რა მოუვა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას?
„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ამ საკითხში დათმობას არ აპირებს“ - აცხადებს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი.

TBC ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის აზრით, რისკისაგან თავის დასაცავად თვითონ ბანკირებმა უნდა შეიმუშავონ კორპორაციული პასუხისმგებლობის მექანიზმები. ამასთან, საჭიროა ბანკებს შორის უპასუხისმგებლო კლიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. კომერციული ბანკები ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, მათი კონკურენტი „შავი ბიზნესია“ - აცხადებს TBC ჯგუფის ლიდერი.
XS
SM
MD
LG