Accessibility links

logo-print

ჯიბსონ ხუნდაძის საიუბილეო გამოფენა


ორშაბათს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეია "უნივერსში" საქართველოს სახალხო მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

ჩვენი თანამშრომელი გიორგი გვახარია მიიჩნევს, რომ ამ მხატვარმა თავის სურათებში ასახა ეპოქა და ამავე დროს, გაუსწრო დროს - თანამედროვე ქართული ფერწერის განვითარება იწინასწარმეტყველა.

ასახა აწმყო, იწინასწარმეტყველა მომავალი და არ გაწყვიტა კონტაქტი წარსულთან, საიდანაც აიღო ყველაფერი, რაც დავიწყებული იყო 50-იან წლებში, როცა ჯიბსონ ხუნდაძე, როგორც ფერმწერი, პირველად გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ. დროთა დარღვეული კავშირების აღდგენის მცდელობა ყოველთვის იგრძნობოდა ამ ფერმწერის შემოქმედებაში, სწორედ "ფერმწერისა" და არა იმდენად მხატვრისა, რომელმაც "ფერით წერა" გაბედა მაშინაც კი, როცა ასეთი რამ ჩვენში სასტიკად იკრძალებოდა, ფორმალიზმად, "ბურჟუაზიულად" ითვლებოდა. შესაძლებელია, ჯიბსონ ხუნდაძეს გაუმართლდა - იგი პროფესიონალ მხატვრად ჩამოყალიბდა სწორედ მაშინ, როცა მთელ პოსტსტალინისტურ ქართულ-საბჭოთა კულტურას რეფორმების ტალღამ გადაუარა. ამ ეპოქის გემოვნება მან ზედმიწევნით ზუსტად გამოხატა, მაგრამ მოდას არასდროს აყოლია, ეროვნული მხატვრული ფორმის შეგრძნება არასდროს დაუკარგავს. ეს ფორმა კი, ჯიბსონ ხუნდაძის ფერწერით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ევროპული კულტურის შემდგენელი ნაწილი იყო - მან დაუბრუნა ქართული ფერწერა ევროპულ ხელოვნებას და ამ გზას ადგას იგი დღესაც.

გამოფენას, რომელიც 28 იანვარს გაიხსნა ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეია "უნივერსში" ორგანიზატორებმა "საიუბილეო" უწოდეს. წელს ჯიბსონ ხუნდაძე 75 წლის ხდება. თუმცა, შესაძლებელია, ეს ექსპოზიცია საერთოდ, ქართველ "სამოციანელთა" იუბილედ მივიჩნიოთ. ხუნდაძე ხომ ამ თაობის სიმბოლოა. მას მასწავლებლად აღიქვამენ ქართველი 70-იანელები, 80-იანელები. ჩვენი ავანგარდისტების უმრავლესობა თვლის, რომ ჯიბსონ ხუნდაძე დავით კაკაბაძის ხაზს აგრძელებს ეროვნულ ფერწერაში. ეს გამოფენა კი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი საგამოფენო დარბაზის, "უნივერსის" სივრცე არც ისე დიდია, იტევს მთელი თანამედროვე ქართული ფერწერის ისტორიას - ძალზე ფერწერული, მაგრამ ჯერ კიდევ "საგნობრივი" 50-იან წლებში შესრულებული პეიზაჟებიდან და ნატურმორტებიდან - შიშველ აბსტრაქციებამდე, რომელიც დღესაა შექმნილი. და თუ ეს მართლაც ეროვნული მხატვრული ფორმის მოდერნსტული ინტერპრეტაციაა, უნდა გავბედოთ და განვაზოგადოთ - რაციონალურისა და ემოციურის ჰარმონია, როგორც ჩანს, მართლაც ყოველთვის ვლინდება ქართული ფერწერის საუკეთესო ნიმუშებში. და თუ ეს მართლაც მოდერნიზმია (ზოგიერთი სპეციალისტის აზრით კი პოსტმოდერნიზმი) უნდა გავბედოთ და განვაზოგადოთ - თანამედროვე ფერწერის საუკეთესო ნიმუშებში მხატვრებს წარსულზე უარი არ უთქვამთ. ყოველ შემთხვევაში ჯიბსონ ხუნდაძემ ნამდვილად მოახერხა თანამედროვეობის წარსულში დანახვა.
XS
SM
MD
LG