Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება პოლემიკა ავღანეთში დაკავებული ტყვეების გარშემო


ანდრო ეული, პრაღა იურისტები და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცეულია გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე,

კუბაში ჩაყვანილი 158 ტყვე, არადა, ავღანეთში დღეს ამერიკელებს 5000-ზე მეტი სამხედრო ტყვე ჰყავთ დაპატიმრებული.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ბოლო დროს სულ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენენ იმის გასარკვევად, რა პირობებში იმყოფება ავღანეთში დაკავებული 5000-ზე მეტი ტყვე.

ჟენევის კონვენციათა ექსპერტები აცხადებენ, რომ გუანტანამოში ჩაყვანილ ტყვეთა სტატუსი თანაბრად ეხება იმ 330-დე პატიმარს, უმეტესწილად არაავღანელს, რომელიც შეერთებული შტატების ობიექტებზე ჰყავთ დაკავებული ავღანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში.

”საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის თანახმად, გეოგრაფიული მდებარეობა იმ ადგილისა, სადაც პიროვნება ჰყავთ დაკავებული, სრულებით არ ეხება მის მოქალაქეობრივ უფლებებს” – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, კიმ გორდონ-ბეიტსმა.

როგორც ჟენევაში დაფუძნებული იურისტთა საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი, ლუის დოუსვალდ-ბეკი მიიჩნევს, ტყვეებზე ერთი და იგივე სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება იმისდა მიუხედავად, სად აკავებს მათ შეერთებული შტატები: კუბაში თუ ავღანეთში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს ტყვედ აიყვანეს 5000-ზე მეტი ადამიანი. “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ამ პატიმართა მესამედი მოინახულეს, ინტერვიუები ჩამოართვეს მათ და შეამოწმეს პატიმრობის პირობები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში მოწყობილ ციხეებში პატიმრებს მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.
XS
SM
MD
LG