Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისელმა კათოლიკეებმა საქართველოს პრეზიდენტს თბილისის საოლქო სასამართლოში უჩივლეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასული წლის 18 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა – მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ.

მოსარჩელე, ქუთაისელი კათოლიკეების სახელით, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც 1939 წლამდე ქუთაისელ კათოლიკეებს ემსახურებოდა. “მიგვაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეები, რომლებიც გაერთიანებული ვართ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირში “სავარდი”, შეზღუდული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ვინაიდან არ გვეძლევა საშუალება, საკულტო მსახურება ჩავატაროთ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ტრადიციულად დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა,” – ნათქვამია სარჩელში.

დავა, რომელმაც ქუთაისელი კათოლიკეები სასამართლომდე მიიყვანა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ქუთაისის კათოლიკური საკრებულოს წარმომადგენლის, ლევან ბეგიაშვილის თქმით, 80-იანი წლების ბოლოს რადენჯერმე სთხოვეს ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარეს, დაებრუნებინა მათი კუთვნილი ეკლესია, მაგრამ, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, მთხოვნელები უარით გამოისტუმრეს – თქვენ იმდენად ცოტანი ხართ, რომ ამ ეკლესიის შეკეთებას და მოვლას მაინც ვერ შეძლებთო.

ქუთაისელ კათოლიკეებს ქალაქის ხელმძღვანელობამ და სამხარეო ადმინისტრაციამ ეკლესიის ასაშენებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ისინი ძველ ეკლესიას არ მოითხოვდნენ. კათოლიკეები დათანხმდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა. მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, მიწის გამოყოფის პრობლემას კათოლიკეები სხვაგანაც მწვავედ აწყდებოდნენ, თანაც, საქმეში ხშირად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც ერეოდნენ.

საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ წერილებში აცხადებს, რომ ტაძრების დაბრუნების მოთხოვნა ეკლესიებს შორის “ურთიერთობების გართულებასა” და “სერიოზულ ურთიერთდაპირისპირებას” გამოიწვევს. არადა, ქრისტიანულ სამყაროში სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულების არაერთი მაგალითი არსებობს. 1996 წელს რუმინეთში, მართლმადიდებელი მიტროპოლიტის – ნიკოლაი დელ ბენეტოს ინიციატივით, ბერძნულ-კათოლიკურ (უნიატურ) ეკლესიას დაუბრუნდა ლუგოის კათედრალი, რომელიც 1948 წლიდან მართლმადიდებლებს ეკუთვნოდათ. კათედრალის გადაცემის ცერემონიალზე მიტროპოლიტ ნიკოლაის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ნათქვამია: “კომუნისტურმა დევნამ ყველა რელიგიის მიმდევარი დააზარალა, მაგრამ დღეს, დიქტატურის დასრულების შემდეგ, ნორმალური იქნებოდა დასრულებულიყო უსამართლობა, რომელმაც ჩვენს დღეებამდე მოაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, ტრანსილვანიის ერთ-ერთ მხარეში, ბერძენ-კათოლიკე მორწმუნეებმა თავიანთი ეკლესიის დაბრუნება მოითხოვეს. ის მათ დააარსეს, კვლავაც ცოცხალი არიან მისი დამაარსებლები და მათ ითხოვეს მისი დაბრუნება. ხოლო ჩვენ, მართლმადიდებლებმა, არ დავუბრუნეთ იმ საბაბით, რომ სახელმწიფომ, ყოველგვარი უფლება-მოსილების გარეშე, გადაწყვიტა, ეკლესიები მორწმუნეთა რაოდენობის საფუძველზე დაბრუნებულიყო. ბერძნულ-კათოლიკურმა საკრებულომ ბრაზოფშიც მოითხოვა საკუთარი ეკლესია, მაგრამ ჩვენ არც იქ მივეცით, ჩვენმა სახარებისეულმა ძმებმა, ლუთერანებმა კი მათ თავშესაფარი შესთავაზეს. და განა ეს ნორმალური მდგომარეობაა? ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ჩვენ გვძულს ერთმანეთი. ამგვარი განწყობილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენს შორის არსებული უსამართლობანი აღარ უნდა უკვდავყოთ”.

პრობლემა, რომელზეც ეპისკოპოსი ნიკოლაი საუბრობს, საქართველოშიც ზუსტად ისე დგას, როგორც რუმინეთში. აქცენტი აქაც იურიდიულ დეტალებზეა გადატანილი, თუმცა, საზოგადოების გამთლიანებისა და პირველ რიგში, თავად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იურიდიული კაზუისტიკით მოპოვებული ნებისმიერი გამარჯვება.
XS
SM
MD
LG