Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა გააუქმა შეზღუდვები აზერბაიჯანისთვის დახმარებაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო აზერბაიჯანისთვის დახმარების აღმოჩენაზე.

თეთრ სახლს არ გამოუცხადებია, რა ტიპის დახმარებას მიიღებს აზერბაიჯანი ან როდის დაიწყება ამ დახმარების მიწოდება. მაგრამ თეთრი სახლის განცხადება მიუთითებს, რომ ამ ნაბიჯის მიზანია “შეერთებული შტატების ანტიტერორისტული მცდელობებისთვის ხელშეწყობა.”

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩევლის წარმომადგენლის შონ მაკკორმაკის თქმით, ეს ზომა აგრეთვე შეუწყობს ხელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. შეერთებული შტატების აზრით, რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზება ანტიტერორისტულ კამპანიასაც არგებს.

უილიამ ტეილორმა, შეერთებული შტატების კოორდინატორმა ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დახმარების საქმეში, თქვა, რომ დახმარება 2002 წლის განმავლობაში იქნება 50 ათასი მილიონი დოლარი და მოხმარდება აზერბაიჯანის ეკონომიკის რეფორმირებას, სიდუხჭირის შემცირებას, კანონაღმსრულებლობის გაძლიერებას ნარკოტიკების კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზღვრების გაძლიერებას. ეს ფული მოხმარდება, აგრეთვე, სამხედრო რეფორმების გატარებას, კერძოდ, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებას.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას, როგორც აღნიშნა, ლეილა ბატმა, ლონდონში მოქმედი “სამრეწველო დაზვერვის ერთეულის” ექსპერტმა:

[ბატის ხმა] “როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მთავრობებმა ანგარიში უნდა გაუწიონ საკუთარ მოსახლეობას, მოსახლეობა კი ორივე ქვეყანაში მტრულად არის განწყობილი კომპრომისის მიმართ. მოლაპარაკებებს აფერხებს ისიც, რომ მთიან ყარაბაღს დამოუკიდებლობა სურს, ხოლო აზერბაიჯანი მისთვის მხოლოდ შეზღუდული ავტონომიის მიცემას თანხმდება. და ბოლოს, აზერბაიჯანს არ სურს მთიან ყარაბაღთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, რათა ეს მის კანონიერ სახელმწიფოდ ან რესპუბლიკად აღიარებად არ გამოიყურებოდეს.”

მართალია, სომხეთის მომხრე ზოგიერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარებაზე შეზღუდვების გაუქმება აგრესიის განახლებას გამოიწვევს, ბატი თვლის, რომ აზერბაიჯანი, რომლის არმია უაღრესად სუსტად აღჭურვილი და არასაკმარისად გაწვრთვნილია, არ უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიტის გაღრმავებით. გარდა ამისა, აზერბაიჯანი თავისი ნავთობმრეწველობისთვის უცხოურ ინვესტიციებს იღებს და კონფლიტის ესკალაციამ უცხოეთის ნავთობკომპანიები შეიძლება რეგიონიდან გააქციოს.
XS
SM
MD
LG