Accessibility links

logo-print

ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების გამო


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11 საათზე, შვეციის სახელმწიფო რადიომ და ტელევიზიამ რეგულარული პროგრამები შეწყვიტეს,

ხოლო გაზეთებმა სასწრაფოდ დაიწყეს დამატებითი გამოცემების მომზადება, რათა გაევრცელებინათ სამწუხარო ცნობა, რომელმაც სულ მალე შვეციასთან ერთად მთელი მსოფლიო შემოიარა: ცნობა ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების შესახებ.

თუ ჩვენს ეპოქაში არსებობს მწერალი, რომელსაც ყველგან იცნობენ, და რომელსაც გავლენა მოუხდენია ადამიანების ცნობიერებაზე, ეს პირველ რიგში, ალბათ, ამ შვედ ხელოვანზე ითქმის – ასტრიდ ლინდგრენის წიგნები თარგმნილია 80 ენაზე, გაყიდულია 120 მილიონ ეგზემპლარად, მათზე გაზრდილია რამდენიმე თაობა, ისინი გასაგები და საყვარელია ყველა ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლების, კეთილდღეობით განებივრებული თუ მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის. და არა მარტო ბავშვებისთვის.

1997 წელს, მაშინ თითქმის 90 წლის ასტრიდ ლინდგერნმა ასე გაიხსენა მწერლობაში თავისი პირველი ნაბიჯები: მას ავად გაუხდა ქალიშვილი, კარინა, და ბავშვს სახელდახელოდ შეთხზულ ამბებს უყვებოდა. კარინა მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ მალე ავადმყოფის როლში დედა აღმოჩნდა. მან ფეხი მოიტეხა და, რახან რამდენიმე დღე ლოგინში წოლა მოუხდა, გადაწყვიტა, ქაღალდზე გადაეტანა კარინასთვის მოთხრობილი ამბები პეპის შესახებ. ასე რომ, საბავშვო ლიტერატურის ნამდვილი ვარსკვლავის, საიდუმლოებით მოცული, დიდების სამყაროს აბუჩად ამგდები გოგონას – უჩვეულოდ ღონიერი და გაბედული, სასაცილო და სამართლიანი ”პეპი გრძელი წინდას” დაბადებას დედა-შვილის ავადმყოფობას უნდა ვუმადლოდეთ.

მაშინ ასტრიდ ლინდგრენი 37 წლის იყო. ასე რომ, კალამი მან საკმაოდ გვიან მოსინჯა, მაგრამ წერით ისე მოიხიბლა, რომ შემდგომი, თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე, ფაქტობრივად, აღარ გაჩერებულა. ასე შეიქმნა 70-მდე საბავშვო წიგნი, რომელთა თითქმის 50 ეკრანიზაცია არსებობს და რომლებისთვისაც მწერალს ურიცხვი ჯილდო აქვს მიღებული: მათგან ყველაზე პრესტიჟული, ჰანს ქრისტიან ანდერსენის მედალი – 1958 წელს. 1994 წელს ლინდგრენი ალტერნატიული ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა.

რაც შეეხება ნობელის ”ნამდვილ” პრემიას, შვეციის სამეფო აკადემიას არაერთხელ მოუსმენია მწარე კრიტიკა იმის გამო, რომ ჯილდოს არ ანიჭებდა პეპისა და სახურავზე მცხოვრები კარლსონის, ”კალე ბლომკვისტისა” და ”მიო, ჩემი მიოს”, ”ბულერბუელი ბავშვებისა” და ”ყაჩაღის ქალიშვილი რონიას” ავტორს. თუმცა, თვით მწერალი სიცოცხლის ბოლო წლებში ირწმუნებოდა, რომ არათუ არ უნდოდა ნობელის პრემია, არამედ ეშინოდა კიდეც მისი – ”სიხარულით გული გამისკდებაო”.

საბედნიეროდ, განგებამ ასტრიდ ლინდგრენს დიდხანს სიცოცხლე არგუნა. ის, ასტრიდ ანა ემილია ერიკსონი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა სამხრეთ შვეციაში, სმალანდში და იქვე გაატარა, როგორც არაერთხელ უთქვამს, ბედნიერი ბავშვობა, რომელთან გამოთხოვებაც ძალიან მძიმედ გადაიტანა. 19 წლისა სტოკჰოლმში გადასახლდა და მდივნად სამუშაოდ მოსამზადებელი კურსები გაიარა. იმავე წელს ასტრიდ ერიკსონს პირველი შვილი, ლარსი შეეძინა, ხოლო 1931 წელს, სტურე ლინდგრენზე დაქორწინების შემდეგ, 1934-ში, კარინი გაუჩნდა – სწორედ ის გოგონა, რომელსაც პეპის დაბადებას უნდა ვუმადლოდეთ.

ასტრიდ ლინდგრენმა წერა ომის წლებში დაიწყო, მაგრამ ისტორიულად აქტუალურ თემებს არც მაშინ და არც შემდგომ არ შეხებია. სამაგიეროდ, როგორც მოგვიანებით ირკვეოდა ხოლმე, მწერალი ისტორიულ პროცესებს წინ უსწრებდა. მაგალითად გამოგვადგება ისევ ასტრიდ ლინდგრენის პირველი და ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, 1945 წელს გამოსული ”პეპი გრძელი წინდა”. გავიხსენოთ: პეპი მშობლების გარეშე, სრულიად მარტო ცხოვრობს პატარა სახლში. უზომოდ ღონიერი და მდიდარი გოგონა თავს თვითონ პატრონობს და სხვებსაც ეხმარება. ის მუდამ სამართლიანია, ოღონდ არ ემორჩილება უფროსების ავტორიტეტს, არ ცნობს წესებსა და დისციპლინას. ეს მაშინ, როდესაც ცნება ”ანტიავტორიტარული აღზრდა” პეპის გამოქვეყნებიდან 20 წლის შემდეგ გახდება სოციოლოგთა ნაშრომების, საბავშვო ლიტერატურის და, ცხადია, ცხარე კამათების თემა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: საბავშვო ლიტერატურის გმირთა შორის პეპი არის პირველი გოგონა, რომელთან იდენტიფიკაციაც არა მარტო გოგონებისთვის, არამედ ბიჭებისთვისაც მისაღები გახდა. ასე რომ, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ”ემანსიპაციაც” იმაზე უფრო ადრე მოევლინა, ვიდრე 60-იან წლებში მოდურ ცნებად ქცევას მოახერხებდა. მაგრამ პეპის დამაჯერებლობასა და პოპულარობას მარტო მისი უჩვეულობა როდი განაპირობებს: თუ ურჩ გოგონას სკოლა გულზე არ ეხატება, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი ბავშვებს სკოლის დაგმობისა და უარყოფისაკენ მოუწოდებს. პეპიც და ჩვენში არანაკლებ პოპულარული კარლსონიც ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი, ბავშვების წარმოსახვითი გმირები არიან. ისინი არ არიან ბრმად მისაბაძი ფიგურები, არამედ შიშისა და მარტოობის დაძლევაში, საკუთარი ნიჭისა და ძალის აღმოჩენაში ეხმარებიან პატარებს – ასტრიდ ლინდგრენის წიგნების ნამდვილ გმირებს.

როცა შვეციის პრემიერ-მინისტრი, გორან პერსონი მთავრობის სახელით გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას, მან აღნიშნა, რომ ასტრიდ ლინდგრენი ბავშვთა უფლებების თავგამოდებული დამცველი იყო. მართლაც, ლინდგრენი, ფაქტობრივად, ყოველი ნაწარმოებით მოითხოვდა ბავშვის აღზრდისას ძალადობის გამორიცხვას, ხოტბას ასხამდა პატარების გულუბრყვილობასა და ფანტაზიას. თუ ეს დამოკიდებულება ზოგჯერ ზედმეტ იდეალიზებად, ხოლო ”ბედნიერი ბავშვობის” ასახვა კიჩად მოგვეჩვენოს, ალბათ ღირს, გავიხსენოთ, რომ პეპი არ არის ”ბედნიერი ბავშვი”, რომ დედამისი ზეცაშია, მამა კი გემბანიდან გაუჩინარდა.

ასტრიდ ლინდგრენის წიგნები მონატრებასა და ნატვრაზე მოგვითხრობენ. ხან რეალისტურად, ხან კი ზღაპრისა და ფანტასმაგორიის ენით გვიხატავენ ბავშვობას: სოფლად თუ ქალაქში, ცელქი თუ დამჯერი ბიჭებისა და გოგონების ოინებსა და თავგადასავლებს.

ასტრიდ ლინდგრენმა მხცოვან ასაკს, 94 წელს მიაღწია. მაგრამ თუ სენტ-ეგზიუპერის ცნობილ გამონათქვამს მოვიშველიებთ, ”ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო”, ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ შვედი მწერალი ბავშვობიდან არც არასოდეს წამოსულა: ასტრიდ ლინდგრენი ჩვენი საერთო სამშობლოს, ბავშვობის მუდმივ მკვიდრად დარჩა.
XS
SM
MD
LG