Accessibility links

logo-print

პარლამენტში ვითარება ისევ იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 31 იანვარს საქართველოს პარლამენტმა 134 მომხრით დაამტკიცა საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულ ბიუჯეტს კენჭისყრისას მხოლოდ 20 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. თუმცა, დებატებისას ფრაქციების მიერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანში საპარლამენტო კრიზისის საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში.

პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის პროგნოზი გამართლდა - რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. თუმცა, მესამე მოსმენისას გაცხადებული ურთიერთბრალდებებით თუ ვისმჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს ხანში პოლიტიკური ტემპერატურა პარლამენტში ისევ მოიმატებს.

ერთ დროს თანაპარტიელები - ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" წევრები ერთმანეთს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის" ფრაქციას "რეფორმები დემოკრატიული საქართველოსთვის" ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ინსპირირებაში სდებს ბრალს. ალიანსის ლიდერი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ პრეზიდენტთან და სახელმწიფო მინისტრთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ბიუჯეტში არ აისახა პედაგოგ-მასწავლებლების სოციალური მდგომარეობის გამოსწორების გარანტიები.

[ ირაკლი გოგავას ხმა] " ეს არის პირდაპირი მოწოდება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ეს ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. და ეს შეესაბამება იმ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკას, რომელსაც აქვს დაგეგმილი სწორედ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორების და სტუდენტების გამოყვანა ქუჩაში. ეს არის, ბატონებო, ფარული ალიანსი, რომელიც ამ ქმედებებით იშიფრება."

ფრაქცია "რეფორმები დემოკრატიული საქართველოსთვის" კი სხვა ალიანსზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ უჭერს მხარს ბიუჯეტის პროექტს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ჯერ ერთი, ეს არის ნომენკლატურული ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ბიუჯეტი ხალხისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა თვისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გარიგების შედეგია. და მე ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ და არ მრცხვენია...იმიტომ რომ, აქ იყო საუბარი, რომ ვანო მერაბიშვილმა რაღაც არასწორად თქვა...მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პოლიტიკური და სხვა ტიპის გარიგებების შედეგი. და ამ ბიუჯეტის მიხედვით, პრაქტიკულად, ის სოციალური გადანაწილების ფუნქცია, რომელსაც ის ასრულებს, არ არის გამოკვეთილი."
სხვათა შორის, ბიუჯეტისთვის კენჭისყრის პროცესმა, გარკვეულწილად, წარმოდგენა შექმნა, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს საპარლამენტო ოპოზიციაში: ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა მხოლოდ ორმა ფრაქციამ - რეფორმატორებმა და ტრადიციონალისტებმა. აკაკი ასათიანის თქმით:

[ აკაკი ასათიანის ხმა] "ამ ქვეყანაში ისეთი ბიუჯეტები იყო, რომ ჰგავდა ნატვრის ხეს, რომელსაც ადამიანები აბამენ ფერად-ფერად ბაფთებს. ეს მათი ოცნებებია."

მისივე შენიშვნით, 2002 წლის ბიუჯეტი უკვე ხმელ წიფელს წააგავს, მაგრამ კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის ეს ხმელი წიფელი, შესაძლოა, მსხმოიარე ხედ იქცეს.
XS
SM
MD
LG