Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდის ვიზიტმა საბიუჯეტო ვაჭრობაში შესაძლოა კორექტივი შეიტანოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გუშინ თბილისს ეწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია, რომელიც გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გარდა "ბიუჯეტ - 2002"-ის ძირითად პარამეტრებსაც გაუკეთებს "რევიზიას".

რამდენად მომზადებული ხვდება ეკონომიკური ბლოკი ფონდის ემისრებს, ამის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

საკანონმდებლო ხელისუფლების კულუარებში გაჩაღებულ საბიუჯეტო ვაჭრობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის პირველმა მისიამ შესაძლოა გარკვეული კორექტივი შეიტანოს. ფონდი, ტრადიციულად, გაცილებით რეალისტურად და პრაგმატულად აფასებს საქართველოს ფისკალურ შესაძლებლობებს, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების ჩინოვნიკები და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის თუ გაორმაგების თავგამოდებულ მომხრეებს, არ არის გამორიცხული, იმედები გაუქარწყლდეთ.

თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხოლოდ რეკომენდატორების როლში გამოდიან და საბოლოოდ, ხელისუფლების გადასაწყვეტია გაიზიარებს თუ არა მათ რეკომენდაციებს. მაგრამ, აქვე დავძენთ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე დიდად არის დამოკიდებული იმ პროგრამის დაფინანსების საკითხი, რომელიც შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან და რომლის ქრონიკულ აუცილებლობას ქვეყანა პერმანენტულად განიცდის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც მეორე ევროპული დეპარტამენტის სამხრეთ განყოფილების უფროსი დევიდ ოუენი ხელმძღვანელობს, ორკვირიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია. თავად სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის შესახებ სსფ-ის პროგრამა, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს ვიზიტი, 2001 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროგრამა სამ წელიწადზეა გათვლილი და მისი განხორციელებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთო ჯამში 141 მილიონ დოლარს გამოყოფს. აქედან 2001 წლის 24 იანვარს ქვეყანამ 11.7 მლნ, 23 მარტს -11.455 მლნ, ხოლო 5 ნოემბერს 11.5 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რაც ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდა.

აღნიშნული პროგრამის დაფინანსება, 2_წლიანი შესვენების შემდეგ, გასულ წელს განახლდა. თუმცა, ვერც გასულ წელს მოხერხდა იმ რეკომენდაციების შერულება, რაც პროგრამით იყო გათვალისწინებული, შედეგად ვერც 2001 წელს დაგეგმილი კრედიტები მივიღეთ სრულად. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეფერხდა იმ დახმარებების მიღებაც, რაც გასული წლის ბიუჯეტში იყო დაგეგმილი. რის გამოც დეფიციტი წლის ბოლოს გაცილებით შთამბეჭდავი გახდა.

დღეს გამართული შეხვედრებისას დევიდ ოუენმა ეკონომიკური ბლოკის წევრებს დელიკატურად მიუთითა, რომ ფონდი დეკემბერის ვიზიტისას შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების სერიოზულ ცვლილებას მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდება. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის ზრდის მოთხოვნის თემა ამ საფინანსო ინსტიტუტთან მოლაპარაკებისას ერთ-ერთი მწვავე საკითხი იქნება.

დევიდ ოუენის მისია საბოლოო დასკვნას წარუდგენს ვაშინგტონში ფონდის დირექტორთა საბჭოს, რომელიც საქართველოში პროგრამის დაფინანსების ვერდიქტს გამოიტანს.
XS
SM
MD
LG