Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობის დაბომბვა - მორიგი აგრესია, თუ უნიჭო დეზინფორმაცია?


პანკისის ხეობასა და ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ვითარება კვლავ იძაბება კოდორის ხეობაში.

პარლამენტარ ივერი ჭელიძის ინფორმაციით, რომელიც მან 31 იანვარს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, ხუთშაბათ დილით ორმა უცნობმა თვითმფრინავმა კოდორის ხეობის სოფელ აძგარის მიმდებარე მთიანი ტერიტორია დაბომბა. მიუხედავად იმისა, რომ მორიგი საჰაერო ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ შესაბამისი უწყებები, საქართველოს ხელისუფლება კოდორის მიმართულებით პროვოკაციის განმეორებას არ გამორიცხავს. სწორედ ამის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადადო თავისი ვიზიტი მიუნხენში და კოდორის ხეობის თემას 31 იანვარს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა.

31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა რეკომენდაციის გარდა, მოსალოდნელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაუგრძელოს მანდატი რუსეთის სამშვიდობო ძალებს და გაიყვანოს კოდორის ხეობიდან 350-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი.

თუმცა, უშიშროების საბჭოს სხდომის წინ სიტუაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში იმდენად უმართავი ხდება, რომ საეჭვოა ამ რეკომენდაციებმა რაიმე შედეგი გამოიღოს.

30 იანვარს დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში, სოფელ თაგილონში, რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურე რიგითი ანიკეევი დაჭრეს. 31 იანვარს კი, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტარ ივერი ჭელიძეზე დაყრდნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია კოდორის ხეობის სოფელ აძგარას დაბომბვის შესახებ.

პარლამენტარის ცნობით, სოფელ აძგარის მიმდებარე მთიანი ტერიტორია გამთენიისას დაიბომბა ორი სამხედრო თვითმფრინავიდან, რომლებიც ჩრდილოეთიდან შემოფრინდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბარში დაბომბვის ფაქტზე ინფორმაცია ვერც საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ ვალერი ნაყოფიამ დაადასტურა და ვერც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემაზარ კვიციანმა.
[ემზარ კვიციანის ხმა] "დასახლებული პუნქტია რასაც ამბობენ ის, აძგარა. ივერი ჭელიძეს მე ვუთხარი, რომ მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ვუთხარი გადასამოწმებელია მეთქი. მაგრამ რომ გადავამოწმეთ ჩვენი საგუშაგოები, კაცის შვილი არაფრის კურსში არაა და არც გაუგიათ არაფერი. და ეს შეიძლება დეზინფორმაცია იყოს აქედან დაგეგმილი".

მიუხედავად ფრიად საეჭვო წარმომავლობისა, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ემოციური კომენტარებით გამოეხმაურა.

სააგენტო "კავკას-პრესის" ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ფაქტს საგანგებო უწოდა და მოითხოვა მის შესახებ საქმის კურსში თვით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანიც ჩაეყენებინათ. ხოლო საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე საერთოდ "ჭუბურხინჯის შეთანხმების დენონსაციაზე" ალაპარაკდა.
საყოველთაო აჟიოტაჟის გამო მიუნხენში ვიზიტი გადადო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და, იძულებული გახდა, ჟურნალისტებისთვის მწარე სიმართლე საგანგებო პრესკონფერენციაზე ეთქვა.

[დავით თევზაძის ხმა] "სატელეფონო ზარი იყო, ბატონი ივერი ეტყობა ამ სატელეფონო ზარს ეყრდნობოდა. ჩვენ როცა მივიღეთ ინფორმაცია, დაახლოებით ათი საათი იყო და იმის მერე დავიწყეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გადამოწმებისა. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც უჩვეულო მეტეოროლოგიურ მოვლენასთან გვქონდა საქმე".

მიუხედავად იმისა, რომ მეტეოროლოგიური მოვლენით გამოწვეულმა დეზინფორმაციამ საქართველო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, კიდევ უფრო მძიმე იმის განცდაა, რომ არათუ უბრალო მოქალაქეები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც იოლად ექცევიან უნიჭო დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG