Accessibility links

logo-print

რატომ შფოთავენ სტუდენტები


დავით პაიჭაძე, თბილისი სტუდენტური საკითხი საქართველოში პერიოდულად იძენს სიმძაფრეს. ყოველი ასეთი გამძაფრებისას სტუდენტთა ესა თუ ის ჯგუფი იწყებს მტკიცებას,

რომ თავად სტუდენტობის არაანგაჟირებულ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მისი ოპონენტები - რომელიმე პოლიტიკურ ძალას. მსმენელმა იცის, რომ 30 იანვარს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზაციის შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური შეხლა-შემოხლით დასრულდა.

სტუდენტური მოძრაობა საქართველოში გასული წლის გაზაფხულიდან გამოცოცხლდა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მოისურვა ჩაეტარებინა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ ამ ინიციატივას წინააღდეგობა შეაგება უნივერსიტეტის სტუდკავშირმა და შეეცადა თავისი არჩევნების დრო თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაემთხვია. ვითარება არ განუმუხტავს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ვიზიტს უნივერსიტეტში. თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა; ჩატარდა სტუდკავშირის არჩევნებიც, რომელშიც ვერ გაიმარჯვა არჩევნებამდელმა ხელმძღვანელობამ. უნდა ითქვას, რომ შარშან გაზაფხულამდე თბილისის უნივერსიტეტი იყო ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც, მოქმედ სტუდენტურ ორგანიზაციაში, მოქალაქეთა კავშირის ჟვანია-სააკაშვილის ფრთას პრაქტიკულად არავითარი დასაყრდენი არ გააჩნდა. ყველა სხვა მსხვილი ინსტიტუტისა თუ უნივერსიტეტის სტუდკავშირში რეფორმატორებად წოდებულებს საიმედო ხალხი ეგულებოდათ. სტუდენტების თანაგრძნობა და თანამოაზრეობა კი პოლიტიკური ძალისათვის, ჩანს, მნიშვნელოვანია. სხვა თუ არაფერი, ეს არის დახმარება საარჩევნო პროცესის დროს.

ეჭვი, რომ სტუდენტობა ანგაჟირებულია, გაძლიერდა ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენების შემდეგ. კაცმა რომ თქვას, ეს ეჭვი არც არის. არაანგაჟირებული სტუდენტობა, უკეთეს შემთხვევაში, აუდიტორიაში ზის, ძირითადად კი ბირჟაზე დგას და პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს. დღეს სტუდენტობაში ჭრელი სურათია; გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში ვითარება უფრო მარტივი იყო: პრეზიდენტ გამსახურდიას ჰყავდა თავისი სტუდენტები, რომელთაც დრო ძირითადად პრეზიდენტის სიახლოვეს გაჰყავდათ, ხოლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტობა გამსახურდიას არ თანაუგრძნობდა. ახლა უნივერსიტეტში არიან დღევანდელი პრეზიდენტის მომხრე სტუდენტები, ე.წ. რეფორმატორთა დასაყრდენი რესურსი და სხვა პოლიტიკურ ძალთა თანამგრძნობი მცირე ჯგუფები. ვნებათაღელვა გამოიწვია შარშან არჩეული თვითმმართველობისა და სტუდკავშირის გაერთიანების იდეამ, რაც ასუსტებდა სტუდკავშირში პროსისტემურ, ან, თუ გნებავთ, პროპრეზიდენტულ სტუდენტებს. ისინი შეეცადნენ სტუდკავშირის თავმჯდომარის გადაყენებას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

სტუდენტობა, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი მაინც, პოლიტიკური რეზერვია. ასე უყურებენ მათ პოლიტიკოსები. მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდკავშირში გამყარდა "ახალ მემარჯვენეთა" პოზიციები, ოღონდ იქ ეს პროცესი ხმაურისა და დუღილის გარეშე წარიმართა. 10 წლის წინანდელი სტუდენტების განცხადება, რომ სტუდენტური მოძრაობა რომანტიკული იყო, არ არის მთლად გულწრფელი; უკვე გამსახურდიას დროს ამ მოძრაობას რომანტიკულობისა ბევრი არაფერი ეცხო; დღეს კი სტუდენტური მოძრაობა მთლიანად პრაქტიკული პოლიტიკის სიბრტყეში განიხილება. წესისამებრ, ასეთ ფონზე, სპეციფიკურად სტუდენტური პრობლემები მოძრაობაში ჩართულთ ავიწყდებათ ხოლმე.
XS
SM
MD
LG