Accessibility links

logo-print

გაერთიანება „ერთობა" ქართული სპორტის განვითარების ინიციატივით გამოდის


ბოლო დროს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთგვარ მოდად იქცა საზოგადოების ამა თუ იმ ფენის ინტერესების დამცველად საკუთარი თავის გამოცხადება.

თუ მოქალაქეთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენებული ფრაქციები ერთმანეთს მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ლობირებაში ეცილებიან, მრეწველთა კავშირი ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობს. ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას გაერთიანება „ერთობამ" კი ზრუნვის საგნად სპორტი და მცირე მეწარმეობა დაასახელა.

მოახლოებული არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს აქტიური მოქმედების სტიმულს აძლევს. ეს იმაში გამოიხატება, რომ პოლიტიკოსები ათასგვარი დაპირებებით რომელიმე სოციალური ფენის მხარდაჭერის მოპოვებასა და ამ გზით საკუთარი ელექტორატის შექმნას ცდილობენ. ყველაზე მრავალრიცხოვან და აქტიურ სოციალურ ფენას მასწავლებლებს, მოქალაქეთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა თითქმის ყველა დაჯგუფებამ დაადგა თვალი. სხვა პარტიები შედარებით მცირერიცხოვანი ან გავლენიანი ფენების გულის მოგებას ცდილობენ. ნაწილი კი შიდაპარტიული გარჩევებითაა დაკავებული, მაგალითად სახალხო პარტია. ჯერჯერობით მას ელექტორატისათვის ბრძოლაში ჩასაბმელად არ სცალია.

ამის შემხედვარე სახალხოელთა მოკავშირემ - ჯუმბერ პატიაშვილმა საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაც მოასწრო და სოციალური ფენაც ამოარჩია 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ერთობა" ცნობილ სპორტსმენებთან: ნინო სალუქვაძესთან, მიხეილ ქორქიასთან, ზურაბ საკანდელიძეს და ზაურ ცხადაძესთან ერთად ქართული სპორტის განვითარების ინიციატივით გამოვიდა.

„ერთობას" ახალი არაფერი მოუფიქრებია და სპორტული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სხვა პოლიტიკური ძალების მსგავსი მეთოდებით ცდილობს. ანუ „ერთობაც" სპორტის დაფინასების გაზრდას მოითხოვს. მაგალითისათვის სახელდება, სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტში სპორტისათვის 10 და 12 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ჩვენს წლევანდელ ბიუჯეტში კი ქართველი სპორტსმენების დასაფინანსებლად 1 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება და ისიც მოსალოდნელი სეკვესტრების პირობებში სათუო ხდება.

ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას ორგანიზაციას საბიუჯეტო სახსრების გაზრდის პროგრამაც აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 3 წლის წინ მცირე მეწარმეთა ასოციაციამ შეიმუშავა. პროგრამა წვრილი ბიზნესის გადასახადების შემცირებით მის გათეთრებას ითვალისწინებს, რაც, „ერთობის" წევრთა გაანგარიშებით, დღევანდელი ბიუჯეტის გაორმაგებას გამოიწვევს. ამით სპორტის დაფინანსების წყაროც გამოიძებნება.

ამ პოლიტიკური გაერთიანების სპორტისა და ფიზკულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ ქორქიამ „ერთობის" სპორტული და მცირე მეწარმეობის პროგრამების განხორციელების მთავარ გარანტად ჯუმბერ პატიაშვილი დაასახელა. [ქორქიას ხმა] „ეკონომიკის აღორძინების ასეთი გეგმა-კონცეფცია ამჟამად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. მე მწამს მისი და ისიც ღრმად მწამს, რომ თუ ბატონი ჯუმბერი და მისი გუნდი მოვა ხელისუფლებაში, ნამდვილად საშველი დაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ქვეყანასა და პირადად ჩემთვის უპირველეს დარგს - სპორტს."

სპორტსმენების პოპულარობა და წვრილ მეწარმეთა მრავალრიცხოვნება პოლიტიკური გაერთიანება „ერთობის" წარმატების საფუძველი შეიძლება მართლაც გახდეს, რა თქმა უნდა, თუ ამ ფენებმაც შემხვედრი ნაბიჯები გადადგეს.
XS
SM
MD
LG