Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და ერაყი ურთიერთობათა გაუმჯობესებას ცდილობენ ვაშინგტონთან დაპირისპირების მიზნით


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მაშინ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ირანსა და ერაყს სამხრეთ კორეასთან ერთად ”ბოროტების ცენტრებად” მოიხსენიებს,

ბაღდადი და თეირანი დამოკიდებულებების გაუმჯობესებას ცდილობენ.

ბუშმა ეს ორი ქვეყანა ტერორიზმის ხელშემწყობთა შორის დაასახელა. მან პირობა დადო, რომ გაუსწორდება მასობრივი განადგურების იარაღის განვითარების პროგრამების მქონე ყველა სახელმწიფოს.

“შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეჟიმები დაემუქრონ მას მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელი იარაღით”, თქვა ბუშმა.

შეერთებული შტატების გაფრთხილებამ – ირანისა და ერაყის მისამართით თითქმის სამხედრო აქციების დაწყების მუქარამ – ამ ქვეყნების დაუყოვნებლვი რეაქცია გამოიწვია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ ბუშის სიტყვებს უწოდა “ამპარტავნული”. მან თქვა, რომ მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადატანა უდანაშაულო პალესტინელების მიმართ ისრაელის ძალადობებიდან. ბაღდადმა თვით შეერთებული შტატები დაადანაშაულა ისრაელთან ერთად სახელმწიფო ტერორიზმში იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ვაშინგტონს არ ემორჩილება.

ამავე დროს, ირანმა და ერაყმა მათ შორის დაძაბულობის შესასუსტებლად ახალი ნაბიჯები გადადგეს: გასულ უიკენდზე ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი ეწვია თეირანს და ირანის პრეზიდენტს მოჰამად ხათამისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პირობა დადეს, რომ გადაჭრიან ჰუმანტიარულ პრობლემებს, მათ შორის ორივე მხარის საპყრობილეებში 1980-88 წლებიდან ათასობით მყოფი ტყვეეების საკითხს. საბრის თქმით, ირანი აგრეთვე აღადგენს ბაღდადში პირდაპირ ფრენას, რაც 20 წელზე მეტი ხნის წინ შეწყდა.

მიმომხილველების თქმით, ირანისა და ერაყის დაახლოების მცდელობები, შეიძლება იყოს ვაშინგტონისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ მისი მუქარა მხოლოდ გაართულებს უსაფრთხრების სიტუაციას სპარსეთის ყურის რეგიონში.

ტრადიციულად, რეგიონის ორი ზესახელმწიფო – ირანი და ერაყი – მტრულად არის ერთმანეთის მიმართ განწყობილი, მაშინ როცა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები თავიანთი უსაფრთხოების გარანტიას დასავლეთში ხედავენ, ხოლო ირანსა და ერაყს დიპლომატიური გზით ამტერებენ ერთმანეთს. ამ ფორმულის ნებისმიერი გზით შეცვლა ვაშიგტონისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს.

შარჰამ ჩუბინმა, უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის ექსპერტმა, უთხრა ჩვენი რადიოს ერაყულ სამსახურს, რომ ბაღდადი თეირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებით ცდილობსხელი შეუშალოს ერაყის იზოლაციაში მოქცევის ვაშინგტონისეულ მცდელობებს.

[ჩუბინის ხმა] “მე ვფიქრობ რომ დრო საგანგებოდაა შერჩეული. ფაქტია, რომ ერაყი ცდილობს გამოვიდეს რეგიონული იზოლაციიდან და თავიდან აიცილოს ამერიკის თავდასხმა ან ანტიტერორისტულ კამპანიაში ახალი ფრონტის გახსნა ბაღდადის წინააღმდეგ. ისე რომ, ერაყი დაინტერესებულია მეზობლებთან კეთილი ურთიერთობებით, იზოლაციის შემცირებით.”

ჩუბინის თქმით, მსგავსი მოტივები ირანსაც ამოძრავებს. მაგრამ მიუხედავად დაახლოების მცდელობებისა, ყურად საღებია ის ფაქტიც, რომ თეირანი ბაღდადს არ ენდობა. როგორც ჩუბინი ამბობს, ირანელმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ სანამ ერაყის პრეზიდენტი გადარეული სადამ ჰუსეინია, ირანის უსაფრთხოება საეჭვოა.
XS
SM
MD
LG