Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის მასმედიას აკრიტიკებს


ოთხშაბათს, 30 იანვარს, პრაღაში ვალდშტეინის სასახლეში, სადაც უდევს ბინა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატს, გაიმართა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი ადამიანის უფლებების დამცველი ინიციატივის,

”ქარტია 77”-ის 25 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია. შეხვედრაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ”ქარტია 77”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ჩეხეთის პრეზიდენტი, მწერალი და ყოფილი დისიდენტი ვაცლავ ჰაველი. მისი თქმით, ”ქარტია 77”-ს ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და ურთიერთდახმარების სურვილის ატმოსფერო გამოარჩევდა.

თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი მან დაუთმო მაშინდელი კომუნისტური რეჟიმის მიერ ორგანიზებულ საწინააღმდეგო აქციას – ”ანტიქარტიას”, რომლის მიზანი იყო საზოგადო მოღვაწეების, პირველ რიგში კულტურისა და შოუ-ბიზნესის მოწინავე წარმომდაგენელთა, დისკრედიტაცია და კომპრომეტირება. კომპარტიამ აიძულა ისინი, ხელი მოეწერათ ”ქარტია 77”-ის დასაგმობი დოკუმენტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნა ემუქრებოდა.

[ჰაველის ხმა] ”რამდენადაც მახსოვს, არასოდეს გავცოფებულვართ იმათზე, ვინც ხელი მოაწერა ე.წ. ”ანტიქარტიას”. მათზე განრისხება ტოლფასი იქნებოდა ჩეხეთის ისტორიაზე განრისხებისა, ჩეხური ქცევის ტრადიცუილ არქეტიპებზე განრისხებისა, ჩეხ ერზე, საზოგადოებაზე განრისხებისა. აქ მოვლენების განვითარების ასეთი წესი არსებობს. ყოველთვის ვეგუებით ამა თუ იმ პირობებს და მხოლოდ მას მერე, რაც ისტორიული პირობები მომწიფდება, საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა მისი ელიტა გამოცოცხლდება ხოლმე”, განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ჰაველმა გააკრიტიკა ჩეხეთის მასმედია, რომელმაც ”ანტიქარტიის” თემა კვლავ გამოიტანა მზის სინათლეზე და ამით საზოგადოებაში უსიამოვნო ატმოსფერო შექმნა (ზოგიერთმა გაზეთმა დაბეჭდა ეს ავადსახსენებელი დოკუმენტი და მის ხელმომწერთა სია). პრეზიდენტის თქმით, არ იყო საჭირო ხელმომწერთა ვინაობის გაცხადება.

ოთხშაბათს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მას დაეთანხმნენ ”ქარტია 77”-ის სხვა დამფუძნებლებიც. მაგალითად, ირინა შილკოვამ ”ანტიქარტიის” ხელმომწერებს ე.წ. ”ნაცრისფერი ზონა” უწოდა. ანუ ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე არ ეყოთ სიმამაცე, ”ქარტია 77” დაეცვათ. მაგრამ ისინი არ ყოფილან აუცილებლად კოლაბორაციონისტებიო.

ჰაველის გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩეხეთის მასმედიაში. მთელს ამ აჟიოტაჟს ერთი პიკანტური მხარეც აქვს. ზოგიერთი შეურაცხყოფილი ჟურნალისტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჰაველის ამჟამინდელი მეუღლე, დაგმარი, სავარაუდოა, რომ ”ანტიქარტიის” ხელმომწერთა შორის იყო.
XS
SM
MD
LG