Accessibility links

logo-print

რა ხდება ძეგვის ბავშვთა სახლში


სოზარ სუბელიანი, თბილისი პირველ თებერვალს მცხეთის გამგეობის არასრულწლოვანთა კომისია ძეგვის ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობას განიხილავდა.

რადიო "თავისუფლებამ" წინა წლებში რამდენიმე გადაცემა მიუძღვნა "გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ ბავშვთა ცენტრს", რომელიც 7 წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შეიქმნა. დღეს აქ ას ოცდაათამდე მოზარდი ცხოვრობს, თანაც, ბევრი მათგანი ბავშვთა სახლში მშობლებთან ერთად არის დამკვიდრებული. განხილვის საბაბად იქცა საჩივარი ერთ-ერთი მშობლისა, რომელიც ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობასა და თვითმარქვიობაში ადანაშაულებდა. კომისიამ ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა, მეორე მხრივ, ამ განხილვაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის პრინციპული სხვაობა, რომლითაც ძეგვის ბავშვთა ცენტრი ნებისმიერი ანალოგიური დაწესებულებისგან განსხვავდება.

ძეგვის ბავშვთა სახლის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ის არის, რომ აქ თავმოყრილმა ბავშვებმა თანდათან დაიწყეს მშობლების მოყვანა და ბავშვთა სახლმაც, შესაბამისად, ერთგვარი საოჯახო პანსიონატის სახე მიიღო. მცხეთის რაიონის განათლების განყოფილების გამგის, უშანგი ხარჩილაძის აზრით, ამის დაშვება თავიდანვე სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა: [უშანგი ხარჩილაძის ხმა] "ინტერნატში გვქონდა ასეთი წესი და ახლაც გვაქვს: არ შეიძლება ინტერნატში, სადაც სძინავთ ბავშვებს, ღამის სათევად დედამისმა, მამამისმა ან ვინმე უცხომ ღამე გაათენოს. თქვენთან ჩვენ ეს ვნახეთ: პატარა ბავშვებიც ვნახეთ, მათი მშობლებიც ვნახეთ, გარემოს უქმნიდით… ოთახებში მე თქვენს მიერ შექმნილი საოჯახო გარემო ვნახე და მართლა კარგი იყო, მაგრამ რაღაც კლიმატს გამოიწვევს მერე ეს მშობელი, უარყოფითს…"

ბავშვთა სახლის დირექტორის, გია რაზმაძისა და უშანგი ხარჩილაძის დიალოგში გამოჩნდა ერთი თავისებურება, რითაც ძეგვის ბავშვთა სავანე ყველა სხვა ანალოგიური დაწესებულებისგან განსხვავდება: [გია რაზმაძის და უშანგი ხარჩილაძის ხმა]
-
"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, სანამ გადავწყვეტდით, რომ მშობლების მოყვანის ნება მიგვეცა ბავშვებისთვის. მოხდა ერთი ასეთი შემთხვევა: ერთი ისეთი ბავშვი, რომელიც, თითქოს, არ უნდა გაქცეულიყო, რამდენჯერმე გაიქცა. როცა ვკითხე, სად გაიქეცი-მეთქი, მან მიპასუხა - დედა მყავს მშიერი, რაღაცა უნდა მეშოვნა და მისთვის მიმეტანაო. ამის მერე მე იმ ბავშვისთვის არაფერი მქონდა სათქმელი: როგორ შეიძლება, შვილმა მიიჩნიოს, რომ თვითონ არის კარგად, როცა დედამისი შიმშილით კვდება. ამიტომ…"
-
"ეს მესმის, მაგრამ, რამენაირად უნდა დაეხმაროს…"
-
"როგორ დაეხმაროს, გაიქცეს, იქურდოს, იმათხოვროს და ისე დაეხმაროს?"
-
"არა, ნუ გაიქცევა, მაგრამ…"

"გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტრის" წინამძღვრის, დედა ემილიას თქმით, მონასტერმა იტვირთა ის მისია, რასაც სხვა, წინასწარ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მიხედვით შექმნილი დაწესებულება ვერ გააკეთებდა. მისი თქმით, აქ ბავშვებსა თუ მათ მშობლებთან ურთიერთობის ხასიათს, პირველ რიგში, განსაზღვრავს არა გარკვეული მოვალეობის შეგრძნება და მისგან გამომდინარე პასუხისმგებლობის გრძნობა, არამედ თანაგრძნობა: [დედა ემილიას (ჯაფარიძე) ხმა] "მონასტერთან არსებულობა განსაზღვრავს ბავშვთა სახლის სახეს. კერძოდ, ეს ბავშვთა სახლი არ ჯდება არც ერთ იმ სტერეოტიპში, რომელიც კი საზოგადოებაში არსებობს ბავშვთა აღზრდისა და სოციალური მომსახურების შესახებ. ეს არის რაღაც სხვა. გასაგებია, რომ ეს სტერეოტიპები უნდა არსებობდეს, მაგრამ რაღაც სხვაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპების მიღმა რჩებიან. ასეთი ადამიანები არიან ქუჩაში და მონასტერი თავისი შინაარსით რაღაცნაირად, შეიძლება, ამგვარი ადგილის შემქმნელი აღმოჩნდეს და არის კიდეც. თქვენ მიხვდებით სირთულეს ამისას: მათი მშობლები არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში აღმოჩნდნენ, ვისაც სახლ-კარი არა აქვს..."

ძეგვის ბავშვთა სახლის გამოცდილება აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც მცხეთის განათლების განყოფილების გამგეს, უშანგი ხარჩილაძეს თავისი ცხოვრების მანძილზე უნახავს. მისთვის ამ ახალ გამოცდილებაში ბევრი რამ არის მიუღებელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბატონი უშანგი აცხადებს, რომ მსგავსი ჰუმანური დამოკიდებულება, რასაც ის აქ ხედავს, მიუღწეველი იყო ყველა იმ საბავშვო სახლსა თუ სკოლა-ინტერნატში, რომელთანაც კი ოდესმე ჰქონია ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG