Accessibility links

logo-print

გაეროს ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა აფხაზეთში ექვსი თვით გაიხანგრძლივა


მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი რეკომენდაციების შინაარსის შესახებ საზოგადოება წინასწარ იყო ინფორმირებული,

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 31 იანვარს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს მოსახლეობაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ერთგვარი გაკვირვებითა და იმედგაცრუებით შეხვდნენ. ასეთი განწყობის მიზეზი კი ისაა, რომ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის დაწყების დღიდან ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა გაერომ საქართველოს ხელისუფლებაზე რეალური ზეწოლა განახორციელა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ზემოქმედებით მშვიდობა აფხაზეთში ექვსი თვით შენარჩუნდა.

მაშ ასე, თითქმის ნახევარწლიანი ვნებათაღელვა, გაეროსა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის დიპლომატიური შანტაჟი, ლტოლვილების მასობრივი გამოსვლების პროვოცირება დამთავრდა იმით, რითაც უნდა დამთავრებულიყო - საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ წაიღო უკან საკუთარი სიტყვა და დათანხმდა, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს მანდატი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს ეგიდით მოქმედ რუსეთის სამშვიდობო ძალებს.

ღირს გავიხსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მას შემდეგ გახდა იძულებული გადაედგა ეს ნაბიჯი, რაც გაირკვა, რომ გაერო არ არის მზად, კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო კონტინგენტი გამოგზავნოს, ხოლო რუსეთმა რამდენჯერმე აშკარად მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამშვიდობო ძალების გასვლის შემდგომ კონფლიქტის ზონაში მეტად საშიში ვაკუუმი წარმოიქმნებოდა.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება გულის სიღრმეში შესაძლოა კმაყოფილიც კია, რომ მან თავიდან აიცილა კონფლიქტის ესკალაცია, მაგრამ ენგურის ხიდზე თავშეყრილი ლტოლვილები რომ არ გააღიზიანოს, ცდილობს ისე წარმოადგინოს ვითარება, რომ საქართველო კი არ აიძულეს, არამედ საქართველომ მისცა ბოლო შანსი გაეროს და რუსეთს, რეალურად შეცვალონ ვითარება კონფლიქტის ზონაში.

[კახა სიხარულიძის ხმა] "სიტყვიერად შეთანხმებული ვართ, რომ მანდატი სამშვიდობოებისა გაგრძელდება, მაგრამ, პარალელურად, უნდა გაგრძელდეს მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად კონკრეტული საქმიანობა. იმ შემთვევაში, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არაფერი კეთდება მანდატის გაფართოებისათვის, მაშინ საქართველოს ხელისუფლება ისევ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, და, ამჯერად ალბათ უკვე საბოლოოდ, დასვამს დღის წესრიგში დსთ-ს სამშვიდობოების გაყვანის საკითხს".

თუმცა, ეს "დიპლომატიური ფერ-უმარილი" შესაძლოა ძალიან დროულიც იყოს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ დარჩენილ ვადაში უმტკივნეულოდ მოახერხოს პროცესის სამშვიდობო კალაპოტში დაბრუნება, რაც არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ იმაზე ბევრად უფრო პერსპექტიული, ვიდრე გაეროსა და რუსეთისგან მანდატის გაფართოების მოთხოვნა. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ რეზერვში აქვს აუმოქმედებელი "სახალხო დოპლომატია" და აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ფაქტორი.

შემთხვევითი არაა, რომ ერთი დღით ადრე, ვიდრე ნიუ-იორკში რეზოლუციის განხილვა დაიწყებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საგანგებო მისიით ასლან აბაშიძეს სტუმრობდა.
[კახა სიხარულიძის ხმა] "რომ ბატონ ასლან აბაშიძისათვის გაეცნო ის სიტუაცია, რაც არის შექმნილი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანუ ყველანაირი მოძრაობა, ყველანაირი დინამიკა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხება"

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძეს დიდი გავლენა აქვს აფხაზურ თემზე და მისი ავტორიტეტი უნდა იყოს გამოყენებული ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან რაიმე გარანტიები ასლან აბაშიძემ და დაკმაყოფილდება თუ არა მისი ერთ-ერთი რადიკალური მოთხოვნა, რაც თბილისში მოქმედი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების გაუქმებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG