Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციების ტალღა საქართველოში


უკვე კვირაზე მეტია, საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებში აღმოჩნდა ჩართული.

ახმეტაში, ენგურის ხიდთან, თბილისში და დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - სულ სხვადასხვა მიზეზით და მოთხოვნით ხალხი ხელისუფლებას უპირისპირდება.

რამ წარმოშვა საპროტესტო აქციების ერთიანი ტალღა - მოვლენების შემთხვევითმა თანხვედრამ თუ წინასწარ შემუშავებულმა მრავლისმომცველმა სცენარმა?

რა ხდება საქართველოში? რატომ გაიხსნა ერთბაშად ყველა იარა? როგორ შეიკრა ერთიან პოლიტიკურ ნებად საზოგადოების პროტესტი ხელისუფლების მიმართ?

ამჟამად მიმდინარე პროცესის ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ აფხაზეთიდან დევნილების მოთხოვნა, რომ საქართველო დატოვოს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა - დიტერ ბოდენმა და რუსეთის სამშვიდობო ჯარმა. ამ მოთხოვნას წინ უძღოდა სერიოზული P.R.-კამპანია პრესაში. "ახალი თაობა" და "დილის გაზეთი" მკითხველს დაბეჯითებით არწმუნებდნენ, რომ გაერო, ეუთო და ნატო აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს, რადგან აფხაზეთის გასაღები რუსეთის ხელშია. ამასობაში, "ჯორჯიან თაიმსმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება დიტერ ბოდენის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა კიდეც დევნილების მხრიდან აგრესია და საპროტესტო აქციები - ჯერ ენგურის ხიდთან, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს ათამდე ქალაქში.

პარალელურად, "ავღანელ ვეტერანთა კავშირმა" მშვიდობიანი აქცია წამოიწყო პანკისის ხეობის მისადგომებთან. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი უიარაღო ადამიანები ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრებოდნენ და პანკისის პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ. მშვიდობიანი აქცია რამდენიმე დღეში შეიარაღებულ პატრულირებაში გადაიზარდა და ახმეტის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც: ელექტროენერგიის გრაფიკით გაღიზიანებულმა მოსახლეობამ რამდენჯერმე გადაკეტა რუსთაველის გამზირი, ხოლო პედაგოგებმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვეს. ამავე მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა პედაგოგებმა ქუთაისში.

ყველა საპროტესტო აქციას ერთი უცნაური ფაქტორი კრავს და აერთიანებს. არსებობს ეჭვი, რომ ზუგდიდის ხიდთან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანას ან ფორმატის შეცვლას მოითხოვენ, სინამდვილეში, ხელისუფლების ნებას ახმოვანებენ. არსებობს ეჭვი, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც ახმეტაში დაბანაკდნენ და პანკისში წესრიგის დამყარებას მოითხოვენ, ისევ ხელისუფლების ნებას ახმოვანებენ. დაბოლოს, არსებობს ეჭვი, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც პროტესტს აცხადებენ ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების გამო, ან ხელფასის გაზრდის სურვილით, ისევ და ისევ, ხელისუფლების ერთი ნაწილის მიერ არიან წაქეზებული.

მთელ ამ ჯაჭვში ყველაზე ხელოვნურად გამოიყურება "ავღანელ ვეტერანთა კავშირის" მიერ წამოწყებული ცივი ომი, გაცხელების პერსპექტივით.

ან ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, ან ხელისუფლებას ცეცხლი უკიდია. სხვა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ძნელი დასაშვებია.
XS
SM
MD
LG