Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები


მსოფლიო პრაქტიკაში მოსახლეობის აღწერის ათწლიანი ინტერვალია დამკვიდრებული. საქართველოში ამ პრაქტიკის გათვალისწინება საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი სახელმწიფოების დახმარების წყალობით, მხოლოდ 13 წლის შემდეგ შეძლო საყოველთაო აღწერის ჩატარება. საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა 17 დან 24 იანვრის ჩათვლით განხორციელდა და მისი საბოლოო შედეგები სავარაუდოდ 6 თვის შემდეგ გამოქვეყნდება.

1 თებერვალს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ ბერიძიემ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. აღწერას დაექვემდებარა ყველა ის პიროვნება, უცხოეთისა თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც 17 - 24 იანვრის მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. გამოკითხვის ფორმის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა სქესობრივ-ასაკობრივი, ეროვნული, რელიგიური, მოქალაქეობრივი, ოჯახური სტრუქტურის, შემოსავლებისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დადგენაც მოხერხდა. თუმცა ეს მონაცემი ოდნავ მოგვიანებით დამუშავდება. თემურ ბერიძის განცხადებით ასევე დრო დასჭირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროთა მიერ ჩატარებული აღწერის შედეგების დამუშავებასაც. მანამდე კი აღწერის წინასწარი მონაცემები ასეთია:

[ბერიძის ხმა 3] "მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების შესახებ მიღებული ინფორმაციით სააღწერო დოკუმენტაციაში ჩაწერილ პირთა რიცხვმა შეადგინა 4 მილიონ 400 ათასამდე კაცი, ეგრეთ წოდებულ ძნელად მისადგომ რაიონებში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების გათვალისწინებით. ეს არის წინასწარი ციფრი, რომელიც, ბუნებრივია, შეიცვლება."

1 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ბერიძის ამ განცხადებამ ჟურნალისტების ეჭვი გამოიწვია, რადგან საქართველოში დაფიქსირებული 4 მილიონ 400 ათასი კაცის მაჩვენებელი გადაჭარბებულად გამოიყურება. მით უმეტეს, აღწერის შედეგებში არ მოხვდა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მოსახლეობის მონაცემები. ამ რეგიონებში კონფლიქტის დაწყებამდე 650 ათასამდე კაცი ცხოვრობდა. ამჟამად იქ მყოფი მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა მონაცემების ზუსტი მაჩვენებლები სტატისტიკის დეპარტამენტს არ გააჩნია. ექსპერტული შეფასებების აღწერის შედეგებში ასახვა კი არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

თემურ ბერიძის განმარტებით წინასწარი შედეგების კორექტირება რამდენჯერმე მოხდება და საბოლოო შედეგი, ახლა გამოცხადებულ ციფრზე, გაცილებით ნაკლები შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობა მას შემდეგ დაზუსტდება და იგი ოფიციალურადაც გამოქვეყნდება, რაც 4 მილიონ 400 ათასს საზღვარგარეთ დროებით თუ მუდმივად სამუშაოდ წასულთა რიცხვი გამოაკლდება.

თუმცა, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასწარ შედეგებში გამოცხადებული ციფრი მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება, რადგან აღწერის გაბერილი შედეგებით რაიონებისა თუ რეგიონების ჩინოვნიკები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული. ამით ისინი ცენტრიდან უფრო მეტ საბიუჯეტო ტრანსფერს, უფრო მეტ სუბსიდიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოყოფილ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.

აღწერის პროცესის გაყალბების კონკრეტული ფაქტი ჯერჯერობით არ არსებობს და მისი გამოვლენაც თითქმის შეუძლებელია, რადგან აღწერის მასალები კონფიდენციალურ ინფორმაციადაა გამოცხადებული. ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებები არაოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა.

მიუხედავად ამისა, აღწერის შედეგები ჩვენს ხელისუფლებას რეალობასთან მიახლოებულ სურათს შეუქმნის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, მოახდენს თუ არა ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას ამ რეალობაზე.
XS
SM
MD
LG