Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას იწუნებენ და საპროტესტო აქციების გაფართოებით იმუქრებიან


გაერომ საქართველოს პრინციპულად მოსთხოვა რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხის გადაწყვეტა.

უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ლაპარაკია კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის ქვედანაყოფის გაყვანის მიზანშეწონილობაზეც. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა აფხაზთა მხარეს, დაიწყოს მოლაპარაკება ერთიანი საქართველოს ფარგლებში თბილისის და სოხუმის კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე, აფხაზეთთან დაკავშირებით ნიუ-იორკში მიღებულ უკანასკნელ რეზოლუციას საქართველოში აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. დევნილები საპროტესტო აქციების გაფართოებით იმუქრებიან.

ის ,რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მოულოდნელი არ ყოფილა. აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში მითითებულია ის წინადადებები, რომლებიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ჩვენს ხელისუფლებას ამასწინანდელ გახმაურებულ მიმართვაშიც შესთავაზა.

მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ავალდებულებს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აფხაზთა მხარეს და საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი - 15 თებერვლამდე განისაზღვროს დამოკიდებულება კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელების სასარგებლოდ. მოერე - ამავე დროში მოხდეს კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილის გამოყვანა. მესამე - მხარეებმა განაახლონ მუშაობა კონფლიქტის მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭოში.
მეოთხე - აფხაზთა მხარემ აწარმოოს დიალოგი საქართველოსთან, ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

გაეროს უშიშროების საბჭომ კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი მიმდინარე წლის ივლისამდე გაუგრძელდა გაეროს სამხედრო მისიას. თუმცა, რეზოლუციაში ერთგვარი ულტიმატუმის სახით მითითებულია, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამშვიდობო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს, უშიშროების საბჭო გაეროს მისიის მანდატის საკითხს ხელმეორედ განიხილვას. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე ნათქვამი აქვს პრინციპული თანხმობა რუსეთის სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის მიუხედავად, 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსულმა პირებმა განმარტეს, რომ სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. მანდატის გაგრძელების სანაცვლოდ, საქართველო სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის სოხუმის მიმართულებით გაფართოებას ითხოვს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტამდე სამშვიდობო მისიის მანდატის საკითხი არ გადაწყდება.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო მისიის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფაც მოუხდათ. ამ უკანასკნელის განცხადების საპასუხოდ (რომელშიც კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის გაყვანის დაწყებაზეა ლაპარაკი) თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალა მანამდე იდგება, სანამ მოსახლეობას უსაფრთხოების მყარი გარანტიები არ ექნება. მინისტრის თქმით, საუბარია თავდაცვის სამინისტროს რეგულარული შენაერთის სხვა ძალით ჩანაცვლებაზე და არა ხეობის დატოვებაზე.

ასეა თუ ისე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აფხაზთა მხარეს მოუწოდებს, კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გასვლა ბოროტად არ გამოიყენოს. ჩვენს ხელისუფლებში კი გაეროს რეზოლუციას მაინც დადებითად აფასებენ. რა თქმა უნდა, აფხაზეთის სტატუსის ერთიანი საქართველოს ფარგლებში განსაზღვრისკენ მოწოდების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG